2011 - ჰოსპიტალური რეფორმის გარდატეხის წელი

უახლოეს ორ წელიწადში, რაც ჩვენ დავითვალეთ, ჰოსპიტალურ სექტორში 400 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ძირითადად ეს ინვესტიცია მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კადრების მომზადებაზე, ჰოსპიტლების გადაიარაღებაზე. იმედი გვაქვს, რომ 2011 წელი ჰოსპიტალური რეფორმის მიმდინარეობაში გარდატეხის წელი იქნება - „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ.  მისივე განცხადებით, წარმოებს  ყოველთვიური ანგარიში იმის შესახებ, არის თუ არა ჰოსპიტალების მშენებლობისას სადმე გეგმიდან ჩამორჩენა. „ჯანდაცვის სექტორში კიდევ ერთი ინვესტიცია განხორციელდა - ეს არის ევროკავშირის, კერძოდ, პოლონური ინვესტიცია. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ რეფერალურ ჰოსპიტალში, ყოფილ 31–ე ქარხნის ტერიტორიაზე იქმნება თანამედროვე სერვისებზე, თანამედროვე მართვაზე ორიენტირებული კლინიკა“ - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულებისთვის პროვაიდერი კლინიკების შერჩევის საკითხი, მინისტრს მიაჩნია, რომ ეს პრაქტიკა მხოლოდ ქართული გამოგონება არაა. „მინდა გითხრათ, რომ ბევრი საერთაშორისო სოციალური დაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს ე. წ. შერჩეული კლინიკების ქსელით მომსახურებას.  ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ვფიქრობთ, რომ ამ პრაქტიკაში ცუდი არაფერია“ - თქვა მან. სანდრო ურუშაძე ექიმების მიერ რომელიმე კომპანიის სასარგებლოდ რეცეპტის გამოწერის პრობლემებსაც შეეხო -  „ყველანი საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ, სამწუხაროდ, იყო ექიმების ძალიან უხეში მოსყიდვა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთი ფაქტებისაგან ექიმიც უნდა დავიცვათ და პაციენტიც. როგორც ყოველთვის ვაცხადებთ, ექიმის მთავარი მოტივაცია მკურნალობის დანიშვნის დროს უნდა იყოს პაციენტის უფლებების დაცვა და რაციონალური მკურნალობა. ბუნებრივია, თუ ექიმს სხვა მოტივაციები აქვს, მაგალითად, იღებს  გარკვეულ ანაზღაურებას გაყიდული წამლების ღირებულებიდან, ეს აიკრძალება კანონით და იქნება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული სანქციები.“ ხოლო თუ რა პრინციპით მოხდება პედაგოგების დაზღვევა მომავალი წლიდან, მინისტრი პასუხობს, რომ „ პედაგოგების დაზღვევას სახელმწიფო მომავალ წელსაც ისევე სრულად აანაზღაურებს, როგორც მიმდინარე წელს. არავითარი საფუძველი, რომ რამე შეიცვლება, არ არსებობს.“

14.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia