საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია 15 წლისაა!!!!

2001 წლის 21 მარტს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციას დაფუძნებიდან 15 წელი შეუსრულდა. ჩამოყალიბების პერიოდიდან - 1996 წლიდან დღემდე განვლილ პერიოდში სადაზღვევო ასოციაცია  ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ პროფესიულ კავშირად ჩამოყალიბდა, რომლის უპირველეს მიზნებად დაფუძნების დღიდანვე დასახულია:
საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის პოპულარიზაცია და მასზე მოთხოვნილების გაზრდა;
სადაზღვევო ინდუსტრიის, როგორც მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული და მაღალი ანაგარიშვალდებულებით გამორჩეული სექტორის, ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
დაზღვევის და მისი პროდუქტების ხარისხის  გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნვა და ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტების დანერგვის ხელშეწყობა;
აქტიური მონაწილეობის მიღება კანონშემოქმედებით მუშაობაში სადაზღვევო კანონმდებლობის სრულყოფა-გაუმჯობესების მიზნით;
სადაზღვევო საქმიანობით დაკავებული სუბიექტების ეთიკის ნორმების შემოღება, დამკვიდრება და განუხრელად დაცვა;
საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ინფრასტრუქტურის, პროფესიული განვითარების და მაღალი კონკურენციის ხელშეწყობა;
სადღეისოდ ასოციაცია აერთიანებს სადაზღვევო ბაზარზე მოქმედ 11 სადაზღვევო კომპანიას (”ალდაგი-ბისიაი”, ”იმედი-L”, ”ჯი-პი-აი ჰოლდინგი”, ”აი-სი ჯგუფი”, ”ირაო”, ”ვესტი”, ”პარტნიორი”, ”არქიმედეს გლობალ ჯორჯია”, ”ჩარტის ევროპა საქართველო”, ”სტანდარტ დაზღვევა”, ”ტაო”). 
 
განვლილი წლების განმავლობაში ასოციაცია ასრულებს მნიშვნელოვან როლს დაზღვევის განვითარებასა და შესაბამისი საკანონმდებლო-მარეგულირებელი ბაზის შექმნა-დანერგვაში. გააჩნია შესაბამისი საქმიანობის დიდი გამოცდილება და განიხილება სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებული პროცესების მნიშვნელოვან მონაწილედ და ავტორიტეტად.
 
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მედიასთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ტრადიციულად მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ასოციაცია მუდამ არის სხვა და სხვა სიახლის ინიციატორი და განმახორციელებელი. რეგულარულად მონაწილეობს სადაზღვევო თემატიკასთან დაკავშირებულ განხილვებში საზოგადოების ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან.
 
განვლილი 15 წლის განმავლობაში ასოციაციის ეგიდით განხორციელებულია არაერთი პროექტი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სექტორის განვითარებას, მისი მონაწილეების პროფესიული კვალიფიკაციის ზრდას, მოსახლეობის ინფორმირებულობის მატებას და მისი უფლებების დაცვას.
  
2010 წლიდან ასოციაციის წევრი კომპანიები მოქმედებენ ეთიკის კოდექსის ფარგლებში, რომელიც მოწოდებულია, განსაზღვროს სადაზღვევო სექტორის განვითარების ეთიკური ჩარჩოები და ძირითადი ფასეულობები, მხარი დაუჭიროს ბიზნესის წარმოების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და მის მაქსიმალურ ორიენტირებულობას მომხმარებლის ინტერსებზე.
 
ამავე მიზნით 2010 წლის სექტემბრიდან ასოციაციის ინიციატივით შექმნილია და ფუნქციონირებს ”სადაზღვევო გზამკვლევის” სამსახური (ტელეფონი 555 155, ელ.ფოსტა gzamkvlevi@insurance.org.ge), რომელიც მომხმარებელს უწევს კონსულტაციას საქართველოში არსებული ყველა სახის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უზრუნველყოფს დაზღვევასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის მუდმივ გამოკითხვასა და  არაფორმალურ განათლებას, ასევე აწარმოებს ინდივიდუალურად და კორპორატიულად დაზღვეულთა ჯანმრთელობის დაზღვევასთან  დაკავშირებული  დავების მოგვარებას - მედიაციას.
2011 წლის დასაწყისიდან ფუნქციონირება დაიწყო ასოციაციის ეგიდით შექმნილმა სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრმა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს სადაზღვევო ბაზრის მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება დაზღვევის უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის დამკვიდრების მეშვეობით. სადღეისოდ ცენტრი როგორც დაზღვევის პროფესიონალებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს დაზღვევის პროფესიული სწავლების რამდენიმე პროფესიულ კურსს.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია გამოხატავს მადლიერებას ყველა იმ პარტნიორის და გულშემატკივრის მიმართ, ვინც მისი საქმიანობის 15 წლის მანძილზე ხელს უწყობდა ქვეყნის სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებას და მოსახლეობის სადაზღვევო ურთიერთობებში ინტეგრირებას და იმედს გამოთქვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან, მედიასთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.  
21.03.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia