IFC-ის 3 მილიონიანი ინვესტიცია

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს ჯანმრთელობის დაზღვევისა და მომსახურების კომპანიაში "არქიმედეს ჰელს დეველოფმენთს", რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოღვაწეობს.
IFC -ის ინვესტიცია ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაზღვევისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოში და რეგიონის სხვა განვითარებად ბაზრებზე.
ეს IFC -ის პირველი პირდაპირი ინვესტიციაა ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორში, რის შედეგადაც IFC "არქიმედეს გლობალის" მიერ ახლად შექმნილი ჰოლდინგური კომპანიის "არქიმედეს ჰელს დეველოფმენთსის" მინორიტარი აქციონერი გახდება.
IFC -ის ინვესტიცია, "არქიმედეს გლობალის" მიერ დამატებით განხორციელებულ ინვესტიციასთან ერთად, რომელიც 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ახალ კომპანიას ხელს შეუწყობს საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" მეშვეობით გააფართოვოს თავისი სადაზღვევო ბიზნესი და გახსნას სამედიცინო კლინიკები.
IFC -ის ინვესტიცია ასევე დაეხმარება "არქიმედეს გლობალს" გააფართოვოს თავისი სადაზღვევო ბიზნესი ყაზახეთში და ხელს შეუწყობს კომპანიის შესვლას აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ახალ ბაზრებზე. გარდა ამისა, IFC -ის ინვესტიცია გაზრდის პაციენტთა ფინანსურ დაცვას და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ადგილობრივ სადაზღვევო სექტორში გადახდების გამჭვირვალობას.
"ეს ინვესტიცია საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჩვენი კომპანიის გაფართოვების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ მაღალხარისხიანი ჯანმრთელობის დაზღვევისათვის. კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ ჩვენი ბიზნეს-მოდელის მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამდენადაც უფრო დიდ ბაზრებზე ვგეგმავთ ბიზნესის გაფართოვებას. ამ მიზნით სხვა დაფინანსების მოზიდვასაც ვაპირებთ," განაცხადა "არქიმედეს გლობალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დორონ ინბარმა.
"არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გუნდს მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორში. ისინი ასევე აღჭურვილნი არიან დაზღვევასთან და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური უნარებით.
"ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა განვითარებული სადაზღვევო ბაზრის მნიშვნელოვანი ელემენტია. მას შედეგად მოჰყვება უკეთესი ხარისხის, გამჭვირვალე და ეფექტიანი ჯანმრთელობის დაზღვევა. ეს IFC -ის პირველი ინვესტიციაა ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორში და გვჯერა, რომ იგი კიდევ უფრო განამტკიცებს საერთაშორისო სტანდარტებს ამ სფეროში და სადაზღვევო ბაზარზე სხვა ინვესტორებსაც მოიზიდავს", - განაცხადა IFC-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ედ სტროდერმანმა.
IFC -ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 36 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC -ის საკონსულტაციო პროექტი კომპანიებს ასევე სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება. საქართველო IFC -ის წევრი 1995 წელს გახდა.

13.06.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia