საქართველოში სადაზღვევო კულტურა არ არსებობს

ბატონო დევი, პირველი მარტიდან ხორციელდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამა. რა ინფორმაციას ფლობთ ამ ეტაპზე, როგორია მოსახლეობის მხრიდან პროგრამით დაინტერესების და მისით სარგებლობის ტენდენცია? როგორ თვლით, არის თუ არა მოსახლეობა სათანადოდ ინფორმირებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამასთან და კონკრეტულად, ამ პროგრამით გათვალისწინებულ პაკეტთან დაკავშირებით?

_მე ვერ შევაფასებ და ჯერ არავის შეუფასებია, როგორ არის მოსახლეობა ინფორმირებული ამ პროგრამის შესახებ. ჩვენ ვხედავთ, რამდენად ინტენსიური კამპანიაა მედიაში ამ საკითხთან დაკავშირებით. ადამიანები დიდი ხანია ელოდებიან ამ პროგრამას, ამიტომ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია. როგორც ინდუსტრიას, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები ჩვენ არ გვეხება. ეს ხომ არ არის სადაზღვეო პროგრამა, თუმცა ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას. სწორედ ახლა გაგვიჩნდა სახელმწიფო პროგრამების სახით მინშვნელოვანი მოკავშირე, სამედიცინო მიწოდების სისტემის მოწესრიგების თვალსაზრისით.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამედიცინო სისტემის ზარალის, ანუ ხარჯების, ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც გაიწევა, არის ურგენტული ჰოსპიტალიზაცია. თუ ნორმალურ სისტემაში ურგენტული ჰოსპიტალიზაცია არის 15-20%, ჩვენთან არის 70%-ზე მეტი. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ პირველადი ჯანდაცვა ვერ მუშაობს.

მნიშვნელოვანია დაურგენტულების პროცესი ჰოსპიტალურ სექტორში. აქამდე არ გვყავდა მოკავშირე და ამ ბრძოლაში მარტო ვიყავით. ჩვენ მომხმარებელთან კავშირს სატელეფონო ზარების, ქოლცენტრის საშუალებით ვახორციელებთ. დღეში დაახლოებით 150 აბონენტს ვუკავშირდებით სხვადასხვა თემებზე. მათ შორის მნიშვნელოვანი თემაა დღევანდელი სახელმწიფო ფონდის პროგრამა, აქვს თუ არა მას გადაკვეთა სადაზღვეო პროგრამებთან და ა.შ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პროგრამის საზოგადოებისთვის გაცნობა ახალი ამბებისა და სოციალური რეკლამის მეშვეობით უფრო კარგადაა შესაძლებელი.

ორი მნიშვნელოვანი კომპონენტიდან, ერთი როგორც ვთქვით, არის ურგენტული კომპონენტი, მეორე - პატარა გეგმიური კომპონენტი, ანუ ფაქტიურად ოჯახის ექიმი. ოჯახის ექიმთან რეგისტრაციას კარგი ორგანიზება სჭიდება, რადგან არის ხარვეზები, იმიტომ რომ პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლები, მარტივად რომ ვთქვათ, ,,აბოლებენ” ხალხს, მაინცდამაინც ჩვენთან უნდა მოხვიდე, რომ ჩაჯდე ამ პროგრამაშიო. ურგენტულ ნაწილს რაც ეხება, ფაქტიურად, ის თავისით ხვდება სამედიცინო დაწესებულებაში. უცებ იქ შეიძლება ვიღაცამ გაიგოს დიდი სიხარულით, რომ მას არ აქვს მომსახურების გადასახდელი, იმიტომ რომ დაზღვეულია.

- თქვენი აზრით, ამოქმედებული პროგრამა, რომლის მასშტაბიც ზაფხულიდან კიდევ უფრო გაიზრდება, რამდენად შეუწყობს ხელს ერთის მხრივ, სამედიცინო სადაზღვეო ბაზრის განვითარებას და მეორეს მხრივ, მისცემს თუ არა რეალური და სრულფასოვანი სერვისის მიღების საშუალებას ბენეფიციარს?

რასაკვირველია, წინ გადადგმული ნაბიჯია იმ თვალსაზრისით, რომ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომის მიზანი არ არის დაზღვევა. მიზანი არის საყოველთაო ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებისადმი. როგორც უცხოურ ლიტერატურაში აყალიბებენ, უნივერსალური ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებისადმი ფინანსური გაჭირვების გარეშე. შენ არ უნდა გაწყდე წელში იმითი, რომ სერვისი მიიღო.

ეს არის მიზანი. ბუნებრივია, შეგიძლია ჩაამატო სიტყვები - ხარისხიანი, დროული და ა.შ. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში განხორციელებული სამედიცინო რეფორმების პირველი ნაწილი ითვალისწინებდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეცვა პროგრამას. პროგრამა იყო სუსტი, თუმცა ბევრი ადამიანისთვის მოიხსნა ის კატასტროფული დანახარჯები, რომლებიც ცნობილია, რომ აკოტრებდა Oოჯახებს. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა ვერ ფარავდა სამედიცინო საჭიროების 95%-ს, როგორც ეს ევროპაშია, ჩვენი პროგრამები ძირითადად ორი რამისკენ იყო მიმართული: ჰოსპიტალური დანახარჯების შემცირება და ამბულატორიული მომსახურება, რომელიც მაინც სუსტი რგოლია. ის მოკლებულია მედიკამენტებს. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ხარისხი. ხარისხთან მიმართებაში სპეციალური ღონისძიებები ჯერაც არ გატარებულა. ბუნებრივია, ეს მიბმულია კონკურენციის და ინფრასტრუქტურის თემასთან. ეს მომავლის საკითხია და მოვიდა ამის დროც. დღეს, ფაქტიურად, მოსახლეობის ნახევარი მოცულია სადაზღვევო პროგრამებით, რეალურად ნახევარზე მეტიც. სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამებით 2 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. საქართველოში კი რეალური მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონზე მეტი არ არის.

წინა ხელისუფლების პირობებში საკითხი იდგა ცალსახად, რომ შენ ემსახურები მარტო იმას, ვინც გაპოლისიანებულია და ვინც არა, არა, ანუ ის არ იყო საყოველთაო, ის არ იყო ყველა ბავშვის, ყველა პენსიონერის, მხოლოდ მათთვის მუშაობდა, ვისაც პოლისი ჰქონდა.

აი, მაგალითად: როდესაც საქართველოს მოქალაქე ოჯახით ცხოვრობს საბერძნეთში, ის არ იფარებოდა ამ პროგრამით. მე რამდენადაც მესმის, დღევანდელი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, სწორედ საყოველთაოა. მაგალითად, ხვალ რომ ჩამოვიდეს ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და მას რაიმე მოუვიდეს, მან ყოველგვარი გაპოლისიანების გარეშე უნდა მიიღოს მომსახურება. მეორეს მხრივ, საყოველთაო გულისხმობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ, როდის დაგჭირდება და ა.შ. ეს კარგია და ვფიქრობ, რომ მისი ტრანსფერი უნდა მოხდეს ამ იდეოლოგიის ყველა პროგრამაზე. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები სადაზღვევო პროგრამების ნაწილში. ვთქვათ, გადმოცემული იყო თბილისში მაცხოვრებლების დაახლოებით 350 ათასკაციანი სია. საბოლოო ჯამში, 6 თვის მერე, გაპოლისიანდა 290 ათასი ადამიანი, ანუ ყველაზე ჯანმრთელ ნაწილზე, რომელსაც სერვისი არ დასჭირდა, ეს პოლისი არ გავრცელდა. შედეგად, არამც თუ 60 ათასი კაცის პრემია დაიკარგა, ფაქტიურად, დაზღვევის სტრუქტურა დაირღვა, რის გამოც სადაზღვევო კომპანიებს ამ ნაწილში უზარმაზარი ზარალი აქვთ.

აქ არის ერთი კითხვა: არის თუ არა ყველა ადამიანი აღნუსხული სიებში. ვფიქრობ, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან პროგრამა არის უნივერსალური. ფულს იხდის სახელმწიფო და თუ დაგჭირდა, მოვა და მოგხედავს. ასე რომ, ჩვენ დიდი ინტერესით ვაკვირდებით პროგრამის ამ ნაწილს. როგორც ვიცით, პროგრამა არ ვრცელდება კორპორატიულად დაზღვეულებზე. თუმცა, მომავალი პაკეტი, რომელიც მზარდია, საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდება, სავარაუდოდ, კორპორატიულებზეც. ჯერჯერობით ტენდენცია ასეთია.

საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ კორპორატიულად დაზღვეულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, ეს არის, დაახლოებით, 2-3 ათასი კორპორატიული კონტრაქტი და 50 ათასი ინდივიდუალური, რომლებსაც ან გააუქმებენ, ან მოხდება მისი გადაკეთება, ეს დიდი ჯაფაა. ეს არ არის მარტივი.

- სადაზღვევო ინდუსტრია ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა აშკარად იკვეთება, რომ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მათი არეალიდან გასვლამ, კომპანიებს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. ეს ბუნებრივია, რამდენედაც კარგად ვიცით, რომ ბოლო წლებში სადაზღვევო სექტორის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული შემოსავალი ქმნიდა.
რა მოხდება ბატონო დევი, თქვენი აზრით, – მოახერხებს თუ ვერა სექტორი საქმიანობის დივერსიფიცირებას ისე, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური?


აუცილებლად დაიწვება ორივე. ეს უდავოა. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები. ჩვენ ველოდებით პრემიერთან შეხვედრას. ძალიან ბევრი საკითხია გასავლელი, მათ შორის სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა, ასევე სადაზღვევო კომპანიების გასვლა სახელმწიფო პროგრამებიდან, თავისი უამრავი დეტალით.

თუ აღმოჩნდა ისე, რომ სადაზღვევო კმპანიები მკვეთრად გადიან სახელმწიფო პროგრამებიდან და დიდი პერსპექტივა არა აქვს ჯანმრთელობის დაზღვევას კარგ სახელმწიფო პროგრამებზე ზევიდან დაშენების, რა ხდება მაშინ?

მოგეხსენებათ, მარტო ჰოსპიტალურ სადაზღვევო ინფრასტრუქტურაში 250 მილიონი დოლარის ინვესტირებაა განხორციელებული უცხოელი ინვესტორების მიერ. ძალიან დიდი ინვესტორია სადაზღვევო ინდუსტრია და ამიტომ ძალიან ბევრი რამე იცვლება მყისიერად. ჩემი და ჩემი კოლეგების მოლოდინი არის ის, რომ უმოკლეს დროში პრემიერთან მოხდეს ამ საკითხების გავლა და წერტილის დასმა ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში. ხოლო იმას, რა დაიწვება მწვადი თუ შამფური მომავალი გვიჩვენებს. მე ვთვლი, რომ დღეს არის მშვენიერი საშუალება იმისა, რომ შენ ეფექტურად შეასრულო მიზანიც, რომელიც ჯანდაცვის სისტემას აქვს, რომ ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები და ამავე დროს არ დაანგრიო, ან ძლიერად არ დააზიანო სადაზღვევო სფერო.

ქვეყანა არ არსებობს დღეს, სადაც ამა თუ იმ ფორმით პასუხი არ არის გაცემული ამ საკითხზე, სწორედ ამიტომ გვინდა პრემიერთან შეხვედრა. თუ მოხდა ისე, რომ საქართველოს მთავრობას აღარ სჭირდება სადაზღვევო ინდუსტრია, სადაზღვევო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ამას ყველაფერს იღებს თავის თავზე, ეს თემა საკამათოა ნამდვილად. თუ ეს ასეა, იბადება კითხვა: რაიმე სხვა ადგილი დავიკავო, თუ, ასე ვთქვათ, ბუტიკურ როლში ვიქნებით? ხომ იცით, ბუტიკი იარსებებს თუ არა, არავის არ აინტერესებს. დიდი ბაზრობა უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ იქ ბევრი ხალხი დადის. ბუტიკი იქნება თუ არ იქნება, ეს არ ცვლის არაფერს.

- ჩვენ ვთვლით, რომ დაზღვევის კულტურა, გნებავთ სადაზღვეო კულტურა საქართველოში მოიკოჭლებს. გვეთანხმებით თუ არა და თუ კი, თქვენი აზრი საინტერესო იქნება, რა არის ამის მიზეზი და რა უნდა გაკეთდეს სექტორის და მეორეს მხრივ, საზოგადოების მხრიდან, რომ დაზღვევამ საზოგადოებას სრულად, მასშტაბურად და რაც მთავარია, ხარისხიანად მოუტანოს ის სიკეთე, რაც ამ ფინანსური მომსახურების ბუნებაში დევს.

–ჩემი მოსაზრება მარტივია. სადაზღვევო პროცესი ეს არის კულტურა იმისა, რომ შენ წინასწარ გაიაზრო შენი ხვალინდელი საქმიანი დღე და დაგეგმო ღონისძიებები, რათა შენი მომავალი იყოს უფრო მშვიდი, უფრო პროგნოზირებადი, როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე აბსტრაქტულში. რაც მთავარია, ის რისკები, რაც შენს ხვალინდელ საქმიანობას ახასიათებს, გამოსახო დაზღვევის საშუალებით ფულში და დაივიწყო. ეს ჩვენ სისხლში არა გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს წინა თაობებს არ უსარგებლიათ ამით. საქართველოში 25 წელია სადაზღვევო კულტრა არ არსებობს და, პრინციპში, პირველი დიდი გარღვევა მოხდა სწორედ სამედიცინო ჯანდაცვის პროგრამებით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ პირველი ეტაპი სადაზღვევო თემის მნიშვნელობის გააზრების გავლილია. ყველამ იცის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა მნიშვნელოვანი ამბავია. მეორე ეტაპი, ამოიღებენ ფულს ჯიბიდან თუ არა, ეს საკითხი ჯერ კიდევ პრობლემურია. არ იფიქროთ, რომ ტრადიციულ ქვეყნებში ადამიანები ჯიბიდან ფულს იოლად იღებენ.

ვფიქრობ, რომ ნამდვილად კარგი საშუალებაა, გაგრძელდეს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ადამიანების ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებისადმი, არსებული სისტემების შელახვის გარეშე. ახალი სისტემები კი გაძლიერდეს, დადგეს ფეხზე და მერე ჯანსაღი კონკურენციით მთავრობა და ხალხი იქნება იდეალურ მდგომარეობაში. საუკეთესოა, როცა ადამიანებს აქვთ არჩევანის საშუალება. ეს უფრო იოლია, ვიდრე ცალ მხარეს გადაქაჩო. ცალ მხარეს გადაქაჩვა ტოვებს ნამსხვრევებს. საბოლოო ჯამში ხომ არავინაა დარწმუნებული, რომელი სჯობია - კერძო თუ სახელმწიფო. ესენი შეადარე, გააძლიერე და შექმენი შეჯიბრის პატიოსანი ჩარჩო.

იმედი მაქვს, რომ აქეთ წავა ტენდენცია და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ეს უნდა ვიცოდეთ, რადგან უნდა ვიყოთ მზად, რათა კერძო სექტორსაც, ადამიანებსაც, სახელმწიფოსაც, დასაქმებულებსაც და ინვესტორებსაც შესაბამისი პროგრესირება შეგვეძლოს. მე არ ვამბობ, რომ იდეალური ინფრასტუქტურაა შექმნილი, მაგრამ ხარისხიანი ჯანდაცვის პირველი ნაბიჯი გადადგმულია. შემდეგი ნაბიჯები ამ დაწესებულებების ერთ ქსელად შექმნა და საუნივერსიტეტო კლინიკების ამ ქსელში ჩართვა იქნება, სადაც შეიძლება დონეებად დაყოფა. მეორე ნაბიჯია წესების დამკვიდრება, მესამე ნაბიჯია სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლება და ა.შ.

- გმადლობთ.

22.03.2013
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia