„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ეკომეგობრული აქცია დაიწყო

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“  არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ეკომეგობრული აქცია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა „ეკოისტების მოძრაობა“, რომელშიც ერთიანდება ყველა, ვინც ეკო-ზრუნვის აუცილებლობას იაზრებს.

კამპანიის პირველი ეტაპის მინაზია, ამ გამოწვევების შესახებ უფრო მეტი ადამიანის ინფორმირება მოხდეს და „ეკომეგობრული“ ავტომობილებისთვის წამახალისებელი ინიციატივები დაინერგოს როგორც კერძო, ისე სამთავრობო დონეზე.

კამპანიის ფარგლებში, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებელს თვისობრივად ახალ ავტოდაზღვევას - „ეკოპოლისს“ სთავაზობს. „ეკოპოლისი“ იმ მანქანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ნაკლებად აბინძურებენ გარემოს. „ეკოპოლისით“ ავტოდაზღვევის მსურველები გაცილებით შეღავათიან ტარიფს მიიღებენ - სტანდარტულ ტარიფთან შედარებით, 20%-ით ნაკლებს და მასშტაბურ გათამაშებაში ჩაერთვებიან, რომელშიც ყოველი მეათე დაზღვეული პრიზს მიიღებს. ასევე, მათთვის განკუთვნილია გარანტირებული საჩუქრები, როგორიცაა „სითი პარკის“ ერთწლიანი ვაუჩერი და „ვიანორის“ 50%-იანი ფასდაკლების ბარათი.

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია, დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს შორის კი პირველი ადგილი ავტომობილების გამონაბოლქვს უკავია 71%-ით.

გამონაბოლქვის მაღალი დონე ძირითადად საქართველოს ავტოპარკის სიძველით არის განპირობებული.

„ავტოპარკის „დაძველების“ პირველი მიზეზი, ცხადია, ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა ჩვენნაირი ეკონომიკის ქვეყნებშიც არსებობს სტრატეგია, რომელიც ამგვარი პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული, იქნება ეს შეღავათები საკანონმდებლო დონეზე

მეტ-ნაკლებად ახალი მანქანებისთვის, შეღავათები დაკრედიტებაზე და ა.შ. ამ ქვეყნების მაგალითზე, შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი სტრატეგია საკმაოდ წარმატებულადაც მოქმედებს“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელმა გელა კვაშილავამ.

„ჩვენი აზრით, საზოგადოებაც უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული და მოტივირებული, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სწორედ ამიტომ, ვუერთდებით „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ინიციატივას, წაახალისოს და უკეთესი პირობები შესთავაზოს ამ სტანდარტის ავტომობილებს. ამგვარი ნაბიჯებით სხვა უწყებების თუ კერძო სექტორის მხრიდან დაიწყება პროცესი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე, თუკი ერთიანი ძალისხმევა იქნება“, - განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებ გვერდი www.ecoist.ge, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვისთვისაც გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია. ვებ გვერდის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს არის თუ არა მისი ავტომობილი „ეკომეგობრული“, გაეცნოს ეკო მართვის წესებს და მიიღოს საჩუქრები.

„ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული ამ პრობლემებზე და ჩვენი ინიციატივაც ამას ეხება. პირველ რიგში, გვსურს, მეტმა მძღოლმა დაიცვას ეკო-მართვის წესები, რაც მათ საწვავის მინიმუმ 20%-ით დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს და ამასთან ერთად, ვთავაზობთ მართლაც უპრეცედენტო პირობებს იმ სტანდარტის ავტომობილებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ახალია და ნაკლებად აბინძურებს გარემოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, რომ დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი და მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, შემოუერთდეს ჩვენს ინიციატივას“, - განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ.

პრესკონფერენციაზე იმ აქციის შესახებაც ისაურეს, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის მასშტაბით კომპანიის ინიციატივით, ქალაქში ეგრეთწოდებული „ეკოპოლისიელები“ გამოჩნდნენ და მოქალაქეებისთვის ქვითრების დარიგება დაიწყეს.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს თინათინ სტამბოლიშვილის ინფორმაციით, ეს მხოლოდ კამპანიის ნაწილი იყო და მიზანი მხოლოდ ყურადღების მიქცევა იყო.

„გვსურდა ყურადღება გაგვემახვილებინა ჰაერის დაბინძურებაზე, რომლის მთავარი მიზეზი გამონაბოლქვია. ცხადია ის ქვითრები, რომლებიც ჩვენმა „ეკოპოლისიელებმა“ ქუჩებში დაარიგეს არ იყო არანაირი ჯარიმა. ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, რათა ყველას შეეძლოს შევიდეს ამ საიტზე და შეამოწმოს თუ რამდენად აბინძურებს გარემოს“, - განაცხადა თინათინ სტამბოლიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

"კომერსანტი"

24.04.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia