როგორია აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის შედეგები?

2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში აგროდაზღვევის ახალი პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა, ამ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმშია. მასში თავდაპირველად 4 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობდა. 1 აპრილიდან კი პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო და 4 კომპანიას კიდევ 2 დაემატა.

როგორ მუშაობს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა და რა პრობლემები შეიქმნა მისი განხორციელებისას?

აგროდაზღვევით ფერმერთა დაინტერესებისთვის სახელმწიფომ სპეციალური პროგრამა დაიწყო. თავდაპირველად დაზღვევის ღირებულების 95%-ს სახელმწიფო იხდიდა. ამისთვის, პირველ ეტაპზე, 5 მილიონი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევი კომპანიები ფერმერებს აზღვევდნენ. ეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროში იგზავნებოდა, რის შემდეგაც ზარალის ანაზღაურება ხდებოდა. თუმცა, ზარალის ანაზღაურების პროცესში დაზღვეულ მეციტრუსეებს პრობლემებიც შეექმნათ. სადაზღვევო კომპანიებში რიგები იდგა, იგვიანებდა ზარალის ანაზღაურება. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფომ აგროდაზღვევის პროგრამა გადაამუშავა და 2015 წელს პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ ბიუჯეტში 10 მილიონი ლარი გაითვალისწინა.

საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის არაინფორმირებულობაც.

აგროდაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე, ქვეყანაში რამდენიმე ასეული ფერმერი იყო დაზღვეული. ამოქმედების შემდეგ კი, პირველ ეტაპზევე, 21 000-ზე მეტი პოლისი გაიცა. დაზღვეულია 150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, საერთო ფართით 19 ათასი ჰექტარი.

ამ თემაზე დისკუსიაში მონაწილეობა გადაცემა „2030“-ში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა ლევან მაღრაძემ, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ და „2030“-ის ეკონომიკურმა კონსულტანტმა ლევან კალანდაძემ მიიღეს.

-   - ბატონო ლევან, თავდაპირველად მინდა განმარტოთ, ზოგადად, რა არის აგროდაზღვევა და რა შემთხვევაში ხდება ზარალის ანაზღაურება? 

ლევან მაღრაძე: აგროდაზღვევა ძალიან კომპლექსურია და ბევრი მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის დაფარვებს მოიცავს. ჩვენს საპილოტე პროგრამაში გვაქვს მოსავლის დაზღვევა 38 სახეობაზე. გარკვეული რისკების დადგომის შემთხვევაში, ხდება ანაზღაურება. დაწერილია მთავრობის განკარგულების შესაბამისი ლიმიტები, ფასები და ანაზღაურების პირობებიც. 

-   - რა თანხას იხდის სახელმწიფო და რა თანხის გადახდა უწევს ფერმერს? და რა კულტურებს აზღვევს ეს პროგრამა? 

ლევან მაღრაძე:  სახელმწიფო განახლებულ პროგრამაში გადაიხდის 60%-ს ყველა კულტურაში, გარდა ვაზისა. ვაზის შემთხვევაში სახელმწიფო 40%-ს დააფინანსებს, რადგან ჩაითვალა, რომ ვაზი მეტ-ნაკლებად ათვისებულია. სულ 9 კულტურაა, რომელსაც პროგრამა აზღვევს. ამ ინფორმაციის ნახვა პროექტების მართვის სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიების ვებ გვერდებზეა შესაძლებელი და ასევე ცხელ ხაზზეც.  

-   - რისი დაზღვევაა შესაძლებელი? თუ შეუძლია ფერმერს საქონლის ან ფრინველის დაზღვევა? 

ლევან მაღრაძე: არა ეს პროგრამა საქონლის ან ფრინველის დაზღვევას არ მოიცავს. მხოლოდ მოსავალს აზღვევს.

-   - ციტრუსზე იყო საუბარი გასულ გადაცემაში. გაუფუჭდათ ციტრუსის მოსავალი. თუ მოიცავს ეს პროგრამა ციტრუსის ამ სახეობების დაზღვევას?

ლევან მაღრაძე: პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბერს დაიწყო. შესაბამისად, აგროვადებით გათვალისწინებული იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ციტრუსი ყველაზე მეტი დაეზღვა.

-   - ქალბატონო ნინო, პროექტის ამოქმედებამდე ძალიან ცოტა ფერმერი იყო დაზღვეული. საინტერესოა, რატომ დასჭირდა სახელმწიფოს ამ პროგრამის ამოქმედება და რატომ იკავებდნენ თავს ფერმერები აგროდაზღვევის შეძენისგან?

ნინო ზამბახიძე: აგროდაზღვევა ძვირი პროდუქტი იყო და ფერმერმა სწორად არ იცოდა, რა სარგებელს მიიღებდა. ხშირად ისმოდა შეკითხვა, იქნებოდა თუ არა იგივე პრობლემა, რაც მათ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით ექმნებოდათ. ვფიქრობ, სახელმწიფოს ინტერვენცია სწორი იყო ამ კუთხით, რადგან ეს საპილოტე პროექტი იყო. მოსახლეობა უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ მათ არ შეექმნებოდათ პრობლემა და მეორე მხრივ, პროექტი მიმზიდველი უნდა გამხდარიყო სადაზღვევო კომპანიებისთვის.

ანალოგიური იყო ბანკების შემთხვევაში, როდესაც მათ პორტფელში ძალიან ცოტა იყო აგროსესხი, რაც არაკომპეტენციით იყო გამოწვეული. ეს დარგი მივიწყებული იყო, არავის აინტერესებდა და მაღალი რისკის სფეროს წარმოადგენდა. იგივე იყო სადაზღვევო კომპანიებშიც.

მათ არ ჰქონდათ პრაქტიკა და, უხეშად რომ ვთქვათ, არც აინტერესებდათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების დაზღვევა. როდესაც სახელმწიფო ამ კუთხით ჩაერია, ერთი მხრივ, ძალიან კარგი პრეცენდენტი შეიქმნა იმ კუთხით, რომ ფერმერებმა გაიგეს ამის დადებით მხარე, მაგრამ, მეორე მხრივ, ის რაც რეალურად ფერმერს აწუხებს, დაზღვეული არ არის. ჩვენ გვაწუხებს გვალვა. დღევანდელ დღეს საირიგაციო სისტემები არის აბსოლუტურად მოშლილი, არ ირწყვება უამრავი ნაკვეთი და, შესაბამისად, ის, რაც პრობლემატურია არ იზღვევა. აგრეთვე არ იზღვევა პირუტყვი. ძალიან ცოტა ადამიანს ნახავთ ფერმერულ მეურნეობაში, რომ მხოლოდ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურა ჰქონდეს და მეცხოველეობას არ ეწეოდეს. ამიტომ ეს კიდევ რჩება ფერმერებისთვის პრობლემად. 

როდესაც ეს დაზღვეულია, შესაბამისად, ფერმერიც დაზღვეულია. დაზღვევა გადავა ჩვევაში, ეს იქნება თანმდევი მოვლენა, რაც ხელს შეუწყობს საბანკო პროცენტის დაკლებას. დღეს თუ ეს არის სახელმწიფო ინტერვენცია, რომელიც ოდესღაც დამთავრდება და სახელმწიფო გამოვა დაზღვევიდანაც და ბანკიდანაც და მათ მოუწევთ, რომ დამოუკიდებლად იმოქმედონ. იმისათვის, რომ ფერმერებმა დამოუკიდებლად იმოქმედონ, მათ ყველანაირი კომპონენტი დაზღვეული უნდა ჰქონდეთ.
ის, რომ ფერმერებმა მოსავალი უნდა დააზღვიონ, ცალსახაა. იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითნ ფერმერი ვარ, დაზღვეული მაქვს ჩემი მრავალწლიანი კულტურა თუმცა უკმაყოფილო ვარ, რომ პირუტყვის დაზღვევა ძალიან რთულად მიდის, იმიტომ რომ მე ფერმაც მაქვს.

მაგრამ ერთი რამ ცალსახაა, როდესაც პროდუქციას აზღვევ აღარ ხარ დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე ან შედარებით ნაკლებად ხარ. შესაბამისად, ის რასაც ჩადებ და ჩვენს შემთხვევაში საბრუნავი საშუალება, მერწმუნეთ, არც ერთ ფერმერს არ აქვს და ისინი სესხს იღებენ ბანკიდან და თუკი ის პროდუქცია გაუფუჭდათ, შემდეგ დგებიან კრიტიკულ ზღვარზე, რადგან მათ სახლის გაყიდვა ან თავიანთი ქონების დათმოვა უწევთ.

ლევან მაღრაძე: გარდა იმისა, რომ ფერმერებს უნარჩუნდებათ შემოსავალი, როდესაც სახელმწიფოს კატასტროფების შემთხვევაში ბიუჯეტიდან უწევდა თანხების გამოყოფა, ამ შემთხვევაში, ეს წილი სადაზღვევო კომპანიებზე მოვა. სადაზღვევო კომპანიები კი უკვე გადაზღვევას აპირებენ ევროპაში, ანუ ეს რისკები გადაზღვეულია და არ წარმოადგენს საშიშროებას.

-   - პროექტის მნიშვნელობა გასაგებია. თუმცა, ხომ არ არის საშიშროება, რომ, სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, კვლავ შეიქმნას პრობლემა? 

ლევან კალანდაძე: ამისგან არ ვართ დაზღვეულები. ეს არის საკმაოდ მასშტაბური პროექტი. მით უმეტეს, თუ სახელმწიფომ ამ პროექტის სრულყოფის და ახალი კომპონენტების დამატების შესაძებლობა მომავლში უფრო აქტიალური გახადა. ბუნებრივია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული ტექნიკური წუნი, იგივე რიგების საკითხი აშკარად პრობლემაა. მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და შესაბამისი სააგენტომ ეფექტურად განახორციელოს მონიტორინგი და დღეს არსებული ეცდომები სამომავლოდ გათვალისწინებული იყოს. მოხდეს გარკვეული პრევენციები, სადაზღვევო კომპანიებთან ჩატარდეს წინასწარი კონსულტაციები იმ თვალსაზრისით, რომ ტექნიკური ხარვეზები რიგებთან, სადაზღვევო ანაზღაურებებთან დაკავშირებით არ შეიქმნას. ამ ბენეფიტის მიმღები არის მოქალაქე. მოქალაქე პასუხს ყოველთვის სახელმწიფოს მოსთხოვს.

-   - ვინც არ იცის სად და როგორ მიღოს დაზღვევა. ვის და სად უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა დასაზღვევად?

ლევან მაღრაძე: დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სადაზღვევო კომპანიას და ასევე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს. ცხელის ხაზის ნომერია 2 47 01 01. პროექტში 6 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს და მსურველებს შეუძლიათ მათ მიმართონ. ჩვენ მცდელობა არ დაგვიკლია იმისთვის, რომ მოკლე დროში ბევრმა ადამიანმა დააზღვიოს

 "20/30"

24.04.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia