სადაზღვევო კომპანიებმა სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყეს

თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად სადაზღვევო კომპანიებს, ავტო-სატრანსპორტო ქონების ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ამ დროისათვის, 160-მდე კერძო და იურიდიულმა პირმა მიმართა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან დაიწყო კერძო პირებისათვის ანაზღაურების პროცედურა, რომელიც გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში და მას მეთვალყურეობას და პატრონაჟს „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური" გაუწევს.

ყველა სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კომპანიების წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ დაზიანებულ ობიექტებზე გასვლას და ზარალის უმოკლეს ვადაში ანაზღაურებას.

რა ოდენობის ზარალი აქვთ ასანაზღაურებელი სადაზღვევო კომპანიებს და რისი ანაზღაურება მოახერხეს უკვე?

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის" წარმომადგენელი თინა სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ ასანაზრაურებელი ზარალის დაახლოებით 80 პროცენტი ავტოდაზღვევაზე მოდის. ამ კუთხით ასანაზღაურებელი ზარალი დაახლოებით 600 000-700 000 ლარს შეადგენს. კომპენსციების გაცემის პროცესი გუშინ დაიწყო და კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება - დაზღვეულები კომპენსაციას 100%ით მიიღებენ.

რაც შეეხება ქონების დაზღვევას, მისი თქმით,  მიდმინარეობს ამ მიმართულებით ზარალის დათვლა და ასანაზღაურებელი ზარალიც დაახლოებით დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ მაგალითად, ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანას დაზღვეული ჰქონდა სადისტრიბუციო მანქანები, რომლებიც ყველა განადგურდა.  რისი იდენტიფიცირებაც მოხერხდა არის სავარაუდოდ 200 000 ლარის ღირებულების.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" ქონებრივი ზარალების მართვის და მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, სტიქიიდან გამომდინარე, კომპანიის ცხელ ხაზზე დაფიქსირებულია დაახლოებით 100 ზარი. აქედან 40 შემთხვევა ავტოზარალების მიმართულებითაა, დანარჩენი 60 პროცენტი - ქონების მიმართულებით.

ავტოზარალებზე კომპენსაციების გაცემა უკვე დაწყებულია, რეგულირება ხდება გამარტივებული პროცედურების მიხედვით, ყოველგვარი ზედმეტი ფორმალობების და დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის გარეშე, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს დაზღვეულებისთვის კომპენსაციების გაცემა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ავტოდაზღვევის მიმართულებით ზარალი რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს. დღევანდელი მდგომარეობით კი ნახევარი უკვე გაცემულია, დანარჩენზე მიდის პროცესი და რამდენიმე დღეში დასრულდება. 

რაც შეეხება ქონებრივ ნაწილს, დაახლოებით 40 შეტყობინება ფიქსირდება ბინების და სახლების კუთხით (საუბარია ფიზიკური პირების ქონებაზე). ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მუშაობა და ზარალის დადგენა, რომლის დასრულების შემდეგაც კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყება.

სადაზღვევო კომპანია „არდი"-ში აცხადებენ, რომ მათთან ზარალები ძირითადად გადაუდებელი სამედიცინო მიმართულებით დაფიქსირდა; დაზიანდა ავტომობილები, რომელთა დაზიანების შეფასება და შეკეთება პარალელურ რეჟიმში ხდება, ხოლო ზიანის შესაძლო ჯამური მოცულობა დაახლოებით 150.000 ლარია;

ასევე, კომპანიაში განმარტავენ, რომ დაფიქსირდა რამდენიმე ქონების დაზიანება-განადგურების შემთხვევაც. ცხელ ხაზზე ზარების მიღება ამ დრომდეც გრძელდება. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შემთხვევა დარეგულირდეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამარტივებული პროცედურებით, დაქვითვების (ფრანშიზის) გარეშე, რადგან ახლა მოქალაქეთა მიმართ თანადგომა და სახალხო კონსოლიდაცია უმნიშვნელოვანესია. 

კომპანია „ირაოს" ზარალის ანაზღაურება ავტოდაზღვევის და  ქონების მიმართულებით უწევს. დღევანდელი მდგომარეობით, დაშავებულია 6 მანქანა, აქედან 2 სრულად განადგურებულია. მისი თქმით, კომპანიას ჯამში ავტოდაზღვევის კუთხით 100 000 ლარის ზარალის ანაზღურება უწევს. პროცესი კი უახლოეს დღეებში დაიწყება.

 საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა შონია აცხადებს, რომ კომანიას ასევე ქონების დაზღვევის მიმართულებითაც მოუწევს ზარალის ანაზღაურება. საუბარია, მაღაზიის 200 000 ლარად შეფასებულ მარაგებზე. თუმცა, ამ ეტაპზე ხდება დათვლა, თუ რა ოდენობის ქონება/მარაგები დაზიანდა. კომპენსაციების გაცემაც დათვლის დასრულების შემდეგ მოხდება.

სადაზღვევო კომპანია "კოპენბურის"  ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ამ დროისთვის დაზიანებულია 16 ავტომობილი, საიდანც 8 გადაყვანილია სერვის ცენტრებში. ზოგი მათგანი გაკეთებას ექვემდებარება, ზოგი მათგანი არა, შესაბამისად, მოხდება თანხით სრულად ანაზღაურება.

 "კოპენბურის" გაყიდვების და განვითარების დირექტორი ივანე კახაძე აცხადებს, რომ ავტოდაზღვევის კუთხით საბოლოო ზარალი დაახლოებით 300 000 ლარის ოდენობის იქნება. ქონების დაზღვევაში მხოლოდ ერთი ქეისი აქვთ, საუბარია ილიას უნივერსიტეტზე, თუმცა ზარალის ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის. 

სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შენგელია ასანაზრაურებელი ზარალის ზუსტ ციფრს ამ ეტაპზე ვერ ასახლებს, თუმცა აცახდებს, რომ ჯამში სადაზღვევო თანხა დაახლოებით 300 000 დოლარია. აქედან რამდენი იქნება ასანაზღაურებელი, დათვლის შედეგად გაირკვევა. შემოსული ზარებიდან უდიდესი ნაწილი ავტოდაზღვევის მიმართულებითაა.

 "კომერსანტი"

16.06.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia