იოსებ გოგოლაშვილი – სტიქიის დროს ქართულმა სადაზღვევო ინდუსტრიამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოამჟღავნა

ინტერვიუ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ იოსებ გოგოლაშვილთან



 თბილისის სტიქია ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის მძიმე გამოცდა იყო. როგორ ჩააბარა მან ეს გამოცდა?



– მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, რომლის სადაზღვევო ინდუსტრიასაც ისეთი თანადგომა გაეწიოს დაზღვეულებისთვის და ისეთი სწრაფი რეაგირება ჰქონოდა მომხდარზე, როგორიც თბილისის სტიქიის შემდეგ ქართულ სადაზღვევო სექტორს ჰქონდა. ფიზიკური პირების შემთხვევაში უკვე ზარალის 80 პროცენტია გადახდილი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ კომპანიებმა მომხმარებელს არ მოსთხოვეს ანაზღაურებაში თანამონაწილეობა იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულებები ამას ითვალისწინებს. 



 რამ განაპირობა ეს – მხოლოდ კომპანიების კეთილმა ნებამ და პროფესიონალიზმმა?



– ცხადია, მათი ნებისა და სოლიდარობის განცდის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ზარალის ასეთი მასშტაბების ასეთ მოკლე დროში ანაზღაურება. მეორეს მხრივ, მათ ამის გაკეთების საშუალება მისცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც სახელმწიფო დაზღვევის სფეროში ახორციელებს. დაზღვევის ზედამხედველობის პოლიტიკა რომ სწორად არ ხორციელდებოდეს ქვეყანაში, სადაზღვევო ინდუსტრია დღეს ამ ტვირთს ვერ ასწევდა. 24–საათიანი, საველე მუშაობის შედეგად სადაზღვევო კომპანიებმა ფაქტობრივად 15 დღეში აღრიცხეს ყველა ზარალი. რისთვისაც მინდა მათ მადლობა 



გადავუხადო. ასევე მადლობას ვუხდი სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ცხელი ხაზის საშუალებით, 24 საათის განმავლობაში პასუხობდნენ მომხმარებლების ნებისმიერ შეკითხვას, რაც ზარალის ანაზღაურებას ეხებოდა.



– ფიზიკური პირების შემთხვევაში რამდენია დამდგარი ზარალი და პროცენტულად, რამდენია მათგან ანაზღაურებული?

 

– ზარალმა 4.239. 722 მილიონი ლარი შეადგინა. კერძო პირთა დაზღვეული ავტოსანტრასნპორტო საშუალებების ზარალი შეადგენს 551.511. ლარს და აქედან ანაზღაურებულია 70%.

რაც შეეხება კერძო თუ იურიდიული პირების  ქონების ზარალს, იურიდულ პირებზე ზარალი – 2.790.940 ლარია, ხოლო კერძო პირებზე – 235.126 ლარი. კერძო პირების ზარალის 80%–ზე მეტი უკვე ანაზღაურებულია.

ამასთან, ზოგიერთ კომპანიას ზარალის 100 პროცენტი აქვს დაფარული, დანარჩენები კი ახლა ამთავრებენ ამ პროცესს.

  

– მსოფლიო პრაქტიკიდან და სტანდარტიდან გამომდინარე, სტიქიიდან 20 დღის თავზე, რამდენად კარგი მაჩვენებელია ეს?

 

– ესაა უპრეცედენტო მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბითაც კი. ამერიკაში, სადაც სადაზღვევო ინდუსტრია გიგანტური მასშტაბისაა, 2001 წლის ტერორისტული აქტის შემდეგ, თითქმის ორი წლის განმავლობაში არეგულირებდნენ ზარალის საკითხებს. იქ სასამართლო დავებიც კი მიმდინარეობდა. ჩვენთან კი კომპანიებმა თავიანთი ხარჯებით, გადაზღვევის მოთხოვნის გარეშე აანაზღაურეს ზარალი.



ყველა სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, ერთად განვიხილავდით ვითარებას. სადაზღვევო კომპანიები ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, გამარტივებული წესით იხდიდნენ ზარალს და ერგებოდნენ თითოეული დაზარალებულის ინტერესს.  ეს იყო სადაზღვევო კომპანიების ყველაზე დიდი, უპრეცედენტო სოლიდარობისა და პროფესიონალიზმის გამოვლინება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არცერთი სავალდებულო დაზღვევა არ მოქმედებს.



– სავალდებულო დაზღვევა რომ ყოფილიყო, იგივე ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელზედაც საუბრები აქტიურად მიმდინარეობდა, მაგრამ შეჩერდა – სტიქიით დაზარალებული ავტომობილების ყველა მფლობელი მიიღებდა კომპენსაციას?



– დიდი ალბათობით დიახ, იმიტომ რომ „კასკო“ შესაძლოა შეეტანათ ამ პაკეტში ძალიან დაბალ ფასად ან სულაც საჩუქრად – ეს მიღებული პრაქტიკაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაზღვევა არ არის ფუფუნება და ესაა ადამიანის მატერიალური და სოციალური დაცვის მექანიზმი.



  გარდა ზარალების დროულად და სრულად ანაზღაურებისა, თუ განახორციელეს სადაზღვევო კომპანიებმა ფინანსური გადარიცხვები სტიქიით დაზარალებულთა ფონდში? 



– დიახ, და, რაც მათ კიდევ ერთხელ გამოარჩევს, იყო ის, რომ ეს აფიშირების გარეშე გააკეთეს. მათ მწირ ბიუჯეტთან მიმართებაში, ძალიან დიდი მოცულობის თანხებზეა საუბარი. 



 არსებობს თუ არა სახელმწიფო, სადაც სტიქიის დროს კერძო პირების ზარალის თუნდაც ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს?



– ასეთი პრეცედენტი არ არსებობს არცერთ სახელმწიფოში და ის, რასაც დღეს ჩვენი სახელმწიფო აკეთებს, არის წმინდა წყლის ქველმოქმედება. 



 სტიქიისგან დაზღვეული არც მომავალში ვართ. როდემდე მოუწევს სახელმწიფოს ქველმოქმედის როლში ყოფნა და რა უნდა გააკეთოს, რომ ეს რეალობა შეცვალოს?  



– ამისთვის, ჩემი აზრით, პირველ რიგში, უნდა განვითარდეს დაზღვევის კულტურა და შემოღებული იქნას სავალდებულო დაზღვევის სახეობები. რაც მთავარია, ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ინიციატივა, არამედ ევროკავშირის მოთხოვნა, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი. გარდა ამისა, ესაა მსოფლიო ბანკის მოთხოვნაც. ჩემი პირადი აზრით, გარდა ავტომფლობელთა პასუხისმგებლობისა, რამდენიმე სავალდებულო დაზღვევა აუცილებლად უნდა იყოს, მაგალითად კატასტროფებისგან, მათ შორის ხანძრისგან დაზღვევა. ასევე უნდა იყოს ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევა მიმართული უნდა იყოს სოციალური სფეროსკენ.



 თქვენ აღნიშნეთ, რომ გარდა კომპანიების სოლიდარობისა და პროფესიონალიზმისა, ამ პროცესში გადამწყვეტი იყო სახელმწიფო პოლიტიკაც. რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ სადაზღვევო სექტორი სტიქიას ასე მომზადებული დახვდა?



– დავიწყოთ იმით, რომ 90–იან წლებში დაზღვევის კანონმდებლობის შექმნაში დიდი დახმარება გაგვიწია მსოფლიო ბანკმა და დაზღვევის ზედამხედველობის მსოფლიო ასოციაციამ, რომელთა კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელი ყოფილიყო – მაშინ ეს ორგანო პრეზიდენტს ექვემდებარებოდა. დსთ–სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პირველები ჩვენ მიგვიღეს მსოფლიო ასოციაციაში იმიტომ,რომ გვქონდა უმაღლეს დონეზე გაკეთებული კანონმდებლობა და დაზღვევის ორი სავალდებულო სახეობა – ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის და ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა და ამავე დროს მუშაობდა მარჟა, რომელიც დაზღვევის ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში გაერთიანების შემდეგ გააუქმეს. აღნიშნული მარჟა აჩვენებს მოზიდულ ფინანსებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ურთიერთმიმართებას ანუ იმას, არის თუ არა კომპანია გადახდისუნარიანი. ეს მარჟა 2016 წლიდან ისევ ამოქმედდება. 



ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაზღვევის მიმართულებით მხოლოდ შვიდი ადამიანი მუშაობდა. ამ რესურსით კი რეალური ზედამხედველობის განხორციელება გამორიცხულია. სადაზღვევო კომპანიები მაშინ ჩაიძირნენ – ეს იყო მაშინდელი პოლიტიკის შედეგი. ამ პოლიტიკის გამო მოხდა, რომ სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფომ ჯერ სამედიცინო დაზღვევის პროგრამა ჩააბარა, რომელიც ერთი პაციენტის აბსურდულად დაბალ ფასად, თვეში 12 ლარად მომსახურებას გულისხმობდა, შემდეგ კი სადაზღვევო კომპანიებს საავადმყოფოების მშენებლობის ვალდებულება დააკისრეს და ამით ყველაფერი გაუნადგურეს. დღეს კი არ არსებობს არცერთი კომპანია, რომელიც არ არის მდგრადი და გადახდისუნარიანი. სახელმწიფომ ინდუსტრიას ხელი შეუწყო იმითაც, რომ ჩამოაწერა წინა წლების ჯარიმების ნაწილი. 



გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიებს, წინა წლებისგან განსხვავებით, აქვთ შესაძლებლობა, თავად იყვნენ დაზღვევის სფეროში საკანონმდებლო ინიციატორნი. 



შედარებისთვის შეგახსენებთ გასული წლების რეალობას, როდესაც სადაზღვევო კომპანიებისადმი საჩივრები ყოველდღიურად ისმოდა, მათ შორის მედიაში. დღეს, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, სადმე მოგისმენიათ, რომ სადაზღვევო სფეროს ვინმე უჩივის? იმ შემთხვევების 90%–ში, როდესაც უკმაყოფილებაა, სადაზღვევოები მართლდებიან. 



 13 ივნისის სტიქიის მსგავსი მოვლენა რომ წინა წლებში მომხდარიყო, შეძლებდნენ თუ არა ქართული სადაზღვევო კომპანიები ზარალის ასე ეფექტურად და სრულად ანაზღაურებას?



– იმ პერიოდში კომპანიები პრაქტიკულად სულს ღაფავდნენ, რისი მთავარი მიზეზიც კლინიკების მშენებლობის ვალდებულება იყო. დარწმუნებული ვარ, ასეთი კატასტროფა რომ მაშინ მომხდარიყო, ისინი ზარალს სრულად ვერ აანაზღაურებდნენ. შეიძლება ერთი–ორ კომპანიას გადაეხადა, მაგრამ ეს მათთვის ძალიან პრობლემური იქნებოდა და დარგს სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა. დღეს, საბედნიეროდ, ასეთი ვითარება არ გვაქვს, მაგრამ ვდგავართ სხვა გამოწვევების წინაშე. უპირველეს ყოვლისა, ესაა სავალდებულო დაზღვევის გარკვეული სახეობების შემოღება, რასაც აუცილებლად მოჰყვება დაზღვევის კულტურის ამაღლება მოსახლეობაში. თბილისის სტიქიამაც გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ კულტურის არსებობა.

"კომერსანტი"

03.07.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia