გიორგი ბარათაშვილი - მომავალი წლიდან უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ამ

მომავალი წლიდან უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მოსალოდნელ ამოქმედებაზე "ინტერპრესნიუსი" სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს ესაუბრა:

- ბატონო გიორგი, რას ნიშნავს უცხო ქვეყნის ავტომფლობელთათვის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რას გულისხმობს კანონპროექტი, რომლის ამოქმედებაც, თქვენი ინფორმაციით, მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება?
- უახლესი ქართული სადაზღვევო ისტორიის განმავლობაში ეს იქნება პირველი სავალდებულო კანონი, რომელიც ამოქმედდება. 2003 წლამდე არსებობდა მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რომლის მოქმედება 2003 წელს შეჩერდა. დღესდეობით, ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომლითაც უცხო ქვეყნის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის მესამე პირთა პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს. კანონი დიდია და დამუშავების პროცესშია. მთავრობამ და ზედამხედველობის სამსახურმა გადაწყვიტეს, კანონი ორ დამოუკიდებელ ნაწილად გაყოფილიყო. პირველ ეტაპზე, კანონი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, სავალდებულო წესით, მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის შეძენას. ეს ითვალისწინებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მესამე პირებისთვის მიყენებულ როგორც ქონებრივ, ასევე ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურებას. ერთი პირია სადაზღვევო კომპანია, პოლისის გამცემი, მეორე პირია პოლისის მფლობელი და მესამე პირია უდანაშაულო ადამიანი, ვინც ზიანდება.

- როგორც ცნობილია, "მესამე პირში" არა მხოლოდ მოქალაქე, არამედ მისი ქონებაც იგულისხმება.
- დიახ, მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ბოლო დროს ძალიან ბევრჯერ გვსმენია, როდესაც ტრაილერი ეჯახება ფეხით მოსიარულეს, მანქანას, მერე გარბის, გადადის საზღვარზე, მანქანას ტოვებს და საქართველოს მოქალაქე დაუცველი რჩება. ეს პოლისი მთლიანად უზრუნველყოფს, როგორც ჯანმრთელობაზე მიყენებულ ზიანს, ასევე მესამე პირის ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ეს იქნება მანქანა, მაღაზია, (თუ სატრანსპორტო საშუალება მაღაზიაში შევარდა ), სახლი, ნებისმიერი ქონება. ასევე საუბარია სახელმწიფოს ქონებაზე, ჯებირზე, მუნიციპალურ ხიდზე და ა.შ. ეს არის დაზღვევა, რომელიც მთელ განვითარებულ მსოფლიოში მრავალი წელია მოქმედებს. ევროპაში ავტომობილით ვერ შეხვალთ, თუ ამ პოლისს არ შეიძენთ. საქართველო არის რეგიონში დარჩენილი მხოლოდ ერთი ქვეყანა, სადაც ეს კანონი არ არის სავალდებულო. სომხეთში თურქეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ეს კანონი უკვე მრავალი წელია მუშაობს. რომ მოინდომოთ, თქვენი მანქანით სომხეთში გადასვლა, თუ საზღვარზე პოლისს არ შეიძენთ, ქვეყანაში ვერ შეხვალთ.

- ვინ არიან კანონპროექტის ავტორები და როგორია თქვენი კომპანიის ჩართულობა პროცესებში?
- კანონპროექტს ამზადებს სადაზღვევო ასოციაცია და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური. ჩვენ საკითხთან დაკავშირებით ყველა კანონპორექტში, დაზღვევის ყველა სახეობაში აქტიურად ვართ ჩართული. ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, სტატისტიკას, ბენეფიტებს, რაც ქვეყანას და სადაზღვევო კომპანიას შეიძლება ჰქონდეს. ერთი კვირის წინ აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა. ფორსირებულად მუშაობენ. პროცედურულად დოკუმენტი პარლამენტში უნდა გადაიგზავნოს. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მზად არის, რომ კანონპროექტი განიხილონ. ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ბენეფიტები. კანონი მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდება. პირველ ეტაპზე კანონი შეეხება უცხოეთში რეგისტრირებულ ავტომობილებსა და ტრანზიტად შემომავალ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. მაგალითად, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მანქანა ჩამოიყვანა ფოთის, ან ბათუმის პორტში და მიყავს მეზობელ ქვეყანაში, ის იღებს ტრანზიტურ ნომრებს, მასაც ექნება ვალდებულება, რომ ეს პოლისი შეიძინოს.

- როგორც ცნობილია, მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა, არასავალდებულო, ნებაყოფლობითი წესით საქართველოში უკვე არსებობს.
- დიახ, "ალდაგი" 25 წელია, ბაზარზე ოპერირებს, ყველაზე დიდი სადაზღვევო კომპანიაა და ბაზრის 38%-იან წილს იკავებს. ჩვენ 17 წელია, მოქალაქეებს მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას ნებაყოფლობით ვთავაზობთ.

- გასაგებია, რომ აღნიშნული პრაქტიკის დანერგვას საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას კანონის ამოქმედება?
- სარგებელი, რასაც ქვეყანა მიიღებს, ძალიან ბევრია. პირველ რიგში, ეს იქნება მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე, რადგან პოლისი ეროვნულ ვალუტაში გაიყიდება. ეს აქტიურად იმოქმედებს ლარის კურსის გამყარებაზე, მოხდება ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, განვითარდება სხვა თანხმლები სერვისები, როგორიც არის პროფილაქტიკები, სერვის-ცენტრები და ა.შ. კანონი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სადაზღვევო ინდუსტრიის გაძლიერებისთვის.

- როგორი იქნება პოლისის პირობები?
- პოლისი დაყოფილი იქნება პერიოდებად. იქნება 15, 30 დღიანი, სამ და ექვს თვიანი პოლისები, რადგან დაზღვევის იაფად შეძენა ტურისტისთვის მოსახერხებელი იყოს. ტრაილერების მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ აიღონ ექვს თვიანი მრავალჯერადი პოლისი.

- რა ეღირება პოლისი?
- ფასების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, თუმცა ლიმიტები ისეთი იქნება, რომ საქართველოს მოქალაქე სრულიად დაცული იქნება. იქნება მაღალი ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებას და ქონების ანაზღაურებას სრულებით ეყოფა.

- კონკურენტებთან შედარებით, რა უპირატესობებს შესთავაზებს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" დაზღვეულებს?
- პოლისის გაცემა ყველა ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეეძლება. ჯერ არ არის დადგენილი სქემა, როგორ გაიყიდება პოლისები. თუმცა შეგვიძლია ვთქვთ, რომ ჩვენ ავტომფლობელებს შევთავაზებთ 24 საათიან ასისტანსს, ჩვენი ცხელი ხაზი მუდმივად იმუშავებს, პოლისის მფლობელს საგზაო შემთხვევისას დახმარებას ადგილზე შევთავაზებთ, საქართველოს მასშტაბით მობილური ჯგუფები ადგილზე მივლენ, დაეხმარებიან მესამე პირთან ურთიერთობაში. პირს საშუალება ექნება იყოს მშვიდად, რომ მას აქვს სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" პოლისი. მშვიდად შეუძლია თავისი ფინანსური ზარალი დაიცვას.
"ინტერპრესნიუსი"
05.11.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia