რადიო კომერსანტი

ექიმების მიერ საჭიროზე მეტი და ძვირადღირებული წამლების გამოწერის შესახებ „კომერსანტის“ პუბლიკაცია სოციალურ მედიაში აქტიური განხილვის თემად იქცა. მკითხველები აღნიშნავენ, რომ არაკეთილსინდისიერი ექიმები აზარალებენ არა მხოლოდ პაციენტების ბიუჯეტს, არამედ მათ ჯანმრთელობასაც. თემის გარშემო არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „კომერსანტი“ უბრუნდება პრობლემას და კიდევ ერთხელ სვამს შეკითხვას – როგორ უნდა მოიშალოს ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების პრაქტიკულად დანაშაულებრივი ურთიერთობა, როდესაც ექიმები, მატერიალური დაინტერესების გამო, პაციენტებს ზედმეტ წამლებს უწერენ. 

არასამთავრობო სექტორის შემდეგ, ქართველი ექიმების მიერ საჭიროზე მეტი მედიკამენტების გამოწერის პრობლემაზე სადაზღვევო კომპანიებიც საუბრობენ.

სადაზღვევო კომპანია „არდი"-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე პრობლემის სიმწვავეს აღიარებს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა დღეს ორენტირებულია არა პაციენტზე, არამედ გაყიდვებზე. შედეგად, ხშირად არის ექიმის მხრიდან მედიკამენტების დანიშვნის გადამეტება, არაპროპორციულია დიაგნოზი და მისი ადეკვატურობა როგორც ამბულატორიულ კომპონენტში, ასევე მედიკამენტების კუთხით. პრობლემებია სტაციონარულ მომსახურებებშიც, რომელიც სადაზღვევო კომპანიებისთვის დამატებით დანახარჯებს ქმნის. საბოლოო ჯამში, ეს ავტომატურად ისახება ფასზე.

„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ სამედიცინო კლინიკებთან, თუმცა ამის ბოლომდე აღმოფხვრა ვერ ხერხდება. ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია როგორც ჩვენს, ისე სხვა სადაზღვევო კომპანიების შემთხვევაში. ბოლო პერიოდში ძალიან მომატებულია მედიკამენტების ჭარბი მოხმარება, რომელიც თავის მხრივ დაზღვეულებსაც აზარალებს"-აცხადებს ჯაფარიძე.

მისი თქმით, კონტროლის მექანიზმი უნდა იყოს გაიდლაინის სისტემა. კერძოდ, შემუშავებული უნდა იქნას წესების და პროტოკოლების სისტემა იმისათვის, რომ განისაზღვროს ჩარჩო, თუ როგორი მკურნალობის მეთოდი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჯაფარიძის განმარტებით, საქართველოში ამ კუთხით ნაკლები კონტროლია. პრობლემის სიმწვავე კი ჯანდაცვის მინისტრმაც არაერთხელ აღიარა. „როდესაც სამინისტრო ამაზე საუბრობს, ესეიგი პრობლემა ნამდვილად დიდია"-აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, სადაზღვევო ინდუსტრია მოწადინებულია, რომ ფარმაცევტული, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროები პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ და არა მოქიშპეებად, როგორიც დღეს არიან.

პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილიც. მისი თქმით, პრობლემა ძალიან მწვავეა და ის მოქმედებს როგორც დანახარჯებზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, მედიკამენტების ასე უკონტროლოდ დანიშვნა მოქმედებს ტარიფზე და დაზღვევის ფასზე.

მისი განმარტებით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მედიკამენტების წილი ტარიფში 30 პროცენტით გაიზარდა. ზოგადად კი, მედიკამენტებზე დანახარჯის წილი სისტემაში ძალიან მაღალია. ამის ერთ-ერთ მიზეზად სტამბოლიშვილი ექიმების მიერ ზედმეტად დანიშნულ მედიკამენტებს ასახელებს.

„ხშირად ჩვენთან მოდის რეცეპტები, სადაც 8-10 სახეობის მედიკამენტია დანიშნული. ხანდახან ერთი ნივთიერების შემცველი 2-3 წამალია დანიშნული. ამაში გარდა იმისა, რომ ადამიანი ტყუილად იხდის ფულს, ამან შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს მის ჯანმრთელობაზე, მკურნალობაზე აღარ არის ლაპარაკი"-აცხადებს სტამბოლიშვილი.

მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სახელმწიფოს ჩართულობაა. სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიას არ გააჩნია იმის ბერკეტი, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. „ვხედავთ,თუმცა ვერ ვაკონტროლებთ და ვერ ვებრძვით. სტატისტიკისთვის ეს ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ბერკეტი არ გვაქვს. ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს რეგულაციების გარეშე ვერ მოხდება. პრობლემა კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ექიმს წამლის დანიშვნა ავუკრძალოთ. ეს მისი პროფესიაა და ჩვენ ხომ არ ვართ სამედიცინო ორგანიზაცია, ჩვენ ვართ სამედიცინო მომსახურების დამფინანსებელი,"-აცხადებს სტამბოლიშვილი.

ქვეყანაში პრობლემის არსებობას აღიარებს „აისი ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შენგელიაც, თუმცა აცხადებს, რომ „აისი ჯგუფში" მსგავსი რისკები მინიმიზებულია. მისი განცხადებით, კომპანიას არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე აქვს მექანიზმები, რითიც არსებულ რისკებს თავიდან იცილებს.

„ჩვენ გვყავს კვალიფიციური ექიმები და როდესაც საბუთების დამუშავება ხდება, აუცილებლად ხორციელდება მისი ანალიზი, თუ რამდენად სწორად ხდება დანიშნულების მიცემა. ხომ არ ხდება ინვოისების „გაბერვა" და ზედმეტი მანიპულაციების ჩატარება. ამას ორმხრივი დატვირთვა აქვს - პირველი, ექიმები მუდმივი კონტროლის ქვეშ არიან, რომ არ იყოს ინვოისის გაბერვის ცდუნება და მეორე, ოჯახის ექიმის მხრიდან ყურადღება. ეს აუცილებელია, რადგან, როდესაც დაზღვეული სამედიცინო დაწესებულებაში ხვდება, მას ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღება და კომფორტი ჰქონდეს. ვცდილობთ, ასეთი შემთხვევები არ მოხდეს"-აცხადებს შენგელია.

მისი განმარტებით, თუ მოხდება ინვოისების მასობრივად გაყალბება და იქ ზედმეტი მანიპულაციების შეტანა (ეს მხოლოდ მედიკამენტებს არ ეხება), ეს სადაზღვევო კომპანიებისთვის ფინანსურად საკმაოდ დამაზარალებელი იქნება. შენგელიას განმარტებით, პრემიის გააგნგარიშება ხდება გარკვეულ სტატისტიკაზე დაყრდნობით. შესაბამისად, პროდუქტის შეთავაზებაც. აქედან გამომდინარე, თუ გადახარჯვა მოხდება, ეს კომპანიისთვის ზარალიანი იქნება.

შეგახსენებთ, "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ და ძვირადღირებულ წამლებს უწერენ. ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექიმმა პაციენტს დღეში მისაღებად 13 აბი და დამატებით მალამო გამოუწერა. ხშირია 7-დან 11-მდე მედიკამენტის დანიშვნის ფაქტებიც, მეტიც: ზოგჯერ ექიმს პაციენტისთვის ერთი და იგივე ჯგუფის რამდენიმე მედიკამენტიც კი დაუნიშნავს. კიდევ ერთი პარადოქსია, რომ საქართველოში არაერთი ჯენერიკი ორიგინალ წამალზე ძვირი ღირს.

კვლევის შედეგების საფუძველზე, ექიმებს გარკვეული რეკომენდაციები მიეცათ.

მორჩილაძე ამბობს, რომ კონტროლის ერთადერთი მექანიზმია ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და წამლის გამოწერის მკაფიო სტანდარტის განსაზღვრა, რის შემდეგაც ისინი მედიკამენტების დანიშვნაში საკუთარ ინტერესს ვეღარ ჩადებენ.

“კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და შეეცდება ჯანდაცვის უწყების პირველი პირისგან მოიპოვოს კომენტარი, აპირებს თუ არა ხელისუფლება ამ მიმართულებით რეგულაციების შემოღებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის ამ გზით დაცვას.

25.03.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia