კერძო სადაზღვევო პაკეტები 20-25 პროცენტით გაძვირდება

ინიციატივა, რომელიც სადაზღვევო კომპანიებიდან საყოველთაო ჯანდაცვის გამიჯვნას ითვალისწინებს, კერძო სადაზღვევო პოლისებს გააძვირებს. როგორც "კომერსანტთან" საუბრისას, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, შესაძლო გამიჯვნას 20–25 პროცენტიანი ზრდა მოჰყვება.

სადაზღვევო კომპანიებიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების გამიჯვნასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, 535 000 ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც იყენებს, ეს კი უახლოეს მომავალში აღარ მოხდება.

"ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო სადაზღვევო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში უშვებს. "ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე". აი ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 000 ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს. აი ეს გაიმიჯნება", - აცახდებს აკაკი ზოიძე.

„კომერსანტი" დაინტერესდა ბაზარზე მოქმედ კერძო სადაზღვევო კომპანიების პოზიციით, რა დამოკიდებულება აქვთ მათ აღნიშნულ  ინიციატივაზე და რა გავლენა ექნება სადაზღვევო ბაზარზე ამას? როგორც სადაზღვევო კომპანიების ნაწილი აცხადებს, აღნიშნული ინიციატივაზე მუშაობა კომპლექსურადაა ჩასატარებელი. მათივე თქმით, ცვლილებამ შესაძლოა, სადაზღვევო პაკეტების გაძვირება გამოიწვიოს.

„პსპ დაზღვევის" დირექტორი ვლადიმერ ბეჟაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა სადაზღვევო პაკეტებს დაახლოებით 25 პროცენტით გააძვირებს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პაკეტები აქვთ სადაზღვევო კომპანიებს გაყიდული. „პსპ დაზღვევის" დირექტორი განმარტავს, რომ ჯამში, ეს პროცესები ფასების ზრდას გამოიწვევს.

„ამ პროდუქტის ძირითადი, საბოლოო ბენეფიტი სტაციონარის მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენს სადაზღვევო პორტფელებში სტაციონარს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. გაორმაგებული ფასები არ იქნება, თუმცა, მნიშვნელოვანი ზრდა აუცილებლად მოხდება. ფასების დაახლოებით 20-25 პროცენტიან ზრდას უნდა ველოდოთ"-აცხადებს ბეჟაშვილი.

მისივე შეფასებით, უფრო სწორი იქნება, რომ მოხდეს გამიჯვნა შემოსავლების მიხედვით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ არჩევანის საშუალება. „შესაძლოა, ადამიანს არ აქვს სურვილი კერძო დაზღვევით ისარგებლოს, ან პირიქით", -აცხადებს ბეჟაშვილი. მისი განცხადებით, საკითხი კომპლექსურადაა გადასაჭრელი. მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი კერძო დაზღვევით სარგებლობს, სახელმწიფომ მასზე უარი თქვას, არასწორია.

„ასე გაგრძელება რომ არ შეიძლება, ეს ფაქტია. საკმაოდ დიდი გაურკვევლობა ხდება როგორც სადაზღვევო კომპანიებში, ისე მოსახლეობაში. ვის რა ეფარება და რატომ, ვინ საყოველთაო ბენეფიციარია და ვინ კერძო დაზღვევის, ეს ყველაფერი გაურკვეველია.ამ მხრივ ძალიან სერიოზული გაუგებრობებია. საბოლოოდ კი, ისევ მოსახლეობა ზარალდება"-აცხადებს ბეჟაშვილი.

სადაზღვევო კომაპნია „არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან კომპანიისთვის ინიციატივის დეტალები ცნობილი არ არის. ჯაფარიძე ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის თანაკვეთა არსებობს, მაგრამ მისი ხვედრითი წილი დიდი არ არის. მისი მტკიცებით, ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სახელმწიფო და კერძო პროგრამების თანაარსებობა ეფექტური უნდა იყოს.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული ინიციატივა სადაზღვევო პროდუქტის გაძვირებას, ჯაფარიძე აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხვედრითი წილი კერძო სადაზღვევო პროგრამასთან თანაკვეთაში დიდი არ არის. თუმცა, კონკრეტული კომპანიის ფასწარმოქმნაზე როგორ გავლენას მოახდენს აღნიშნული სიახლე, ჯაფარიძეს ამის თქმა უჭირს.

„ფასის კორექტორება სავარაუდოდ, იმ პროპორციით მოხდება, როგორიც იყო საყოველთაო ჯანდაცვის მიერ დაფინანსებული შემთხვევების წილი კერძო პროგრამების მიერ ანაზღაურებულ ზარალებში. სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფასებზე უფრო მეტ გავლენას ახდენს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების მატება"-აცხადებს ჯაფარიძე. 

რაც შეეხება ზოიძის განცხადებას, რომ განიხილება რამდენიმე მოდელი, მათ შორისაა კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა ან საგადასახადო შეღავათების გავრცელება იმათზე, ვინც თანამშრომლებს დაზღვევის პაკეტებს უყიდის. ჯაფარიძე ამბობს, რომ მსგავსი მოდელები არსებობს და ცხადია, ამ საკითხზე მსჯელობა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას დასავლური გამოცდილება, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა და შემუშავდეს ეფექტური მოდელი, რომელიც ერთი მხრივ, დაზოგავს სახელმწიფოს დანახარჯებს ჯანდაცვაზე და მეორე მხრივ, აამაღლებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. 

 "ჯიპიაი ჰოლდინგის"  სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორი ბესიკ ფესტვენიძე აცხადებს, რომ  ნაბიჯი უნდა გადაიდგას ისეთი მოდელის შექმნისკენ, რომელიც წაახალისებს ადამიანებს მოექცნენ კერძო დაზღვევის სისტემაში და ამით შემსუბუქდეს საბიუჯეტო წნეხი. რაც შეეხება კითხვას გაძვირდება თუ არა დაზღვევა, მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისის მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით, ასეთ შემთხვევაში ცხადია ე.წ შემავსებელი სადაზღვევო პროდუქტების ფასი გაიზრდება. "ამის გამო ბევრი ადამიანი ამჯობინებს გააუქმოს კერძო დაზღვევა და ისარგებლოს უფასო ჯანდაცვით, შესაბამისად, მივიღებთ საპირისპირო შედეგს და საბიუჯეტო დანახარჯები გაიზრდება"-აცხადებს ფესტვენიძე.

მისივე ინფორმაციით,აკაკი ზოიძის სხვა განცხადებებიდან მათთვის  ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კი არ გაუქმდება დაზღვეულისთვის, ან სხვა ნებისმიერი მოქალაქისთვის, არამედ ეს პროგრამა გახდება უფრო მიზნობრივი, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტები იქნება დიფერენცირებული და სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის იქნება შეთავაზებული შესაბამისი პაკეტი. შედეგად, ფესტვენიძე აცხადებს, რომ ეს  სავსებით ლოგიკურია. " იმედი გვაქვს, რომ როგორც ბატონმა აკაკიმ არაერთხელ განაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ფართო საზოგადოებირივი ჩართულობის და კერძო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.“-აცხადებს ფესტვენიძე. 

სადაზღვევო კომპანია „ალფას" აღმასრულებელი დირექტორი მაკა სოლოყოშვილი არ გაცნობია და შესაბამისად, კომენტარს ვერ გააკეთებს. კომენტარს არ აკეთებენ არც "ქართუ დაზღვევაში"

დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელიუ დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ  სადაზღვევო პაკეტები არ გაძვირდება, თუ ამ საკითხის დალაგება გააზრებულად და სისტემურად მოხდა. "ჩვენ სისტემამდე ვერ მივედით და გავიყინეთ 2013 წელს. ამიტომ გვაქვს პრობლემები და მთავრობას ეჭვი"-აცხადებს ხეჩინაშვილი.

„კომერსანტის" კითხვაზე, თუ ამ 4 წლის განმავლობაში სახელმწიფომ რა რაოდენობის ფინანსები დახარჯა და რა რაოდენობის ეკონომიას გააკეთებს კერძო კომპანიების და საყოველთაო პროგრამების გამიჯვნით, ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ეს მისთვის უცნობია.მისი თქმით, აუცილებელია არსებობდეს სადაზღვევო საინფორმაციო ბაზები, რომელიც ამ ეტაპზე კორპორატიული და უწყობრივია.მისი თქმით, ეს არ არის მარტივი საკითხი და ეს დასალაგებელია.

„კომერსანტმა" ანალოგიური კითხვით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა. უწყებიდან პასუხს რედაქცია ამ დრომდე ელოდება.

„სადაზღვევო ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს, თუმცა მისი დამუშავებისას გასათვალისწინებელია შემდეგი: 1. სადაზღვევო კომპანიის დაფარვები (ლიმიტები, ლოდინის პერიოდი, სამედიცინო დაწესებულების შერჩევის უფლება..) არ უნდა იყოს საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვებზე ნაკლები. 2. თუ მოქალაქე დაკარგავს სადაზღვევო დაფარვას, მას პრობლემა არ უნდა შეექმნას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვაში; 3. ეს უნდა გავრცელდეს იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სტაბილური სამუშაო ადგილები აქვთ.

როგორც გიგოლაშვილი აცხადებს, ასევე გასათვალისწინებელია რამდენიმე საკითხი. მათ შორის, უნდა გავრცელდეს თუ არა ეს მოთხოვნა არა კორპორატიული, არამედ ''საცალო'' დაზღვევის მფლობელებზეც. მისი თქმით, დასამუშავებელია ტექნიკური მხარეები, რომელიც, რეალურად ალბათ უკვე 2017 წლიდან განხორციელდება.

შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით, დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. 2014 წლის განმავლობაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ბენეფიციარები ეტაპობრივად შეურთდნენ. 

უკვე 2013 წლის 1-ლი ივლისიდან კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (უნივერსალური ჯანდაცვის პროგარამა) გაფართოვდა და შესაბამისად, ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრიც: პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებასაც ითვალისწინებს. ასევე ფინანსდება სხვადასხვა გეგმიური ოპერაციები.

ასევე აღსანიშნავია, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. 2014 წლის ბიუჯეტით პროგრამისთვის გამოყოფილი იყო 338,473 მლნ ლარი; 2015 წელს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 573,620 მილიონი ლარი; 2016 წლის ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებულია 570 მლნ ლარი. რაც შეეხება 2017 წელს, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 660 მილიო ლარამდე იზრდება.

"კომერსანტი"



09.12.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia