ცვლილება საქართველოს კანონში „დაზღვევის შესახებ“

2016 წლის 8 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ცვლილებები „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო კომპანიების ფინანსური სიმყარისა და გადახდისუნარიანობის განმტკიცებას და ასევე ბაზარზე სათანადოდ ორგანიზებული და კვალიფიციური ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის დაშვებას.
ცვლილებები წარმოადგენს სადაზღვევო ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების პირველ ეტაპს ევროკავშირისა და საბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის 2009/138/EC დირექტივის შესაბამისი მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის თვალსაზრისით.
საქართველოს სადაზღვევო ბაზრის სტაბილურობის  განუყოფელი ნაწილია კომპანიების ფინანსური სიმყარე და გადახდისუნარიანობა, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მთავარი გარანტიაა. საქართველოს სადაზღვევო სისტემა არ იცნობს გადახდისუნარიანობის (ე.წ მარჟის) სტანდარტს, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის სადაზღვევო სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. რეალურად ეს სტანდარტი ადგენს იმ ვალდებულებათა მოცულობას, რომლის შესრულებაც შეუძლია კომპანიას მის ხელთ არსებული რეალური აქტივის–კაპიტალის ფარგლებში. ასევე ეს არის საზედამხედველო პროცესის მთავარი კომპონენტი. აღნიშნული ცვლილებებით კანონის დონეზე რეგულირდება მინიმალური კაპიტალის თავისებურებები, გადახდისუნარიანობის სტანდარტები და საზედამხედველო კაპიტალის ცნება, მათი ურთიერთმიმართება მინიმალური კაპიტალის განთავსებისა და მისი გამოყენების მკაცრი ჩარჩოები.
ფინანსურ სიმყარესა და გადახდისუნარიანობასთან ერთად, სადაზღვევო ბაზრის კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტის არსს წარმოადგენს, მკაფიოდ გამიჯნულ, სათანადოდ გადანაწილებულ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ორგანიზაციული მართვის სისტემა, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს ერთიან სტანდარტს, რეგულარულ შიდა ანალიზსა და კონტროლს. სალიცენზიო პირობების შემდგომი დეტალიზაციის აუცილებლობა პირველ რიგში ემსახურება მხოლოდ სათანადოდ ორგანიზებული და  კვალიფიციური ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის ბაზარზე დაშვებას;
სადაზღვევო კომპანიაში შემოღებული იქნება მართვის ორსაფეხურიანი სავალდებულო სისტემა, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორებისაგან შემდგარი რგოლის ფორმით, მათი საქმიანობის კონტროლის უზრუნველყოფის, მართვის პროცესში მოსალოდნელი რისკების მართვის, მათი პრევენციისა და დროული იდენტიფიცირების კონკრეტული მექანიზმები.  
განისაზღვრება სადაზღვევო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებისათვის თანამდებობასთან პიროვნული და პროფესიული შესაბამისობის კრიტერიუმები, რაც მიზნად ისახავს კომპანიის დაკომპლექტებას კვალიფიციური და კარგი რეპუტაციის მქონე კადრებით, როგორც ამას პირდაპირ მოითხოვს შესაბამისი დირექტივა.
ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს სახელმწიფოს საზედამხედველო რგოლის მიერ სადაზღვევო სისტემის ეფექტური კონტროლის გატარებაში, სადაზღვევო კომპანიის ფინანსური სიმყარის, გადახდისუნარიანობის, ზოგადი საქმიანობის გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდაში და შიდა მენეჯმენტის ვალდებულებათა გადანაწილების განსაზღვრაში.
აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს თანამედროვე ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და დაზღვევის, როგორც ფინანსური სექტორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სისტემისადმი სანდოობის ხარისხის ამაღლების მიმართულებით თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას.
30.06.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia