ალდაგის სოციალური რეკრუტინგი

საცალო გაყიდვების დირექტორთან ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ანა სიჭინავა საინტერესო გამოწვევის წინაშე დადგა. გაყიდვების გეგმების წარმატებით შესასრულებლად და ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, საცალო გაყიდვების გაძლიერება იყო საჭირო. სადაზღვევო ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაყიდვების მიმართულებით მომუშავე პერსონალს სადაზღვევო აგენტი, გაყიდვების ოფიცერი და გაყიდვების მენეჯერი წარმოადგენენ. სწორედ ამ პოზიციებზე, კომპანიის საჭიროების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით, ალდაგმა მასიური რეკრუტინგი დაიწყო.

 “სადაზღვევო ბიზნესს მუდმივად სჭირდება გაყიდვების აგენტები, ჩვენთან სისტემატურად მიმდინარეობს რეკრუტინგი. თვის განმავლობაში 300 ან 350 ინტერვიუც კი ჩაგვიტარებია. მიუხედავად ჩვენი ასეთი ძალისხმევისა, გადინება გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ყოველთვის მაღალი იყო. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა, მოგვეფიქრებინა და მიგვეგნო იმ მეთოდისათვის, რომელიც ჩვენი სფეროს მაღალ მოთხოვნას სრულად მოერგებოდა, მოაგვარებდა გადინების პრობლემასაც და ჩვენ გვექნებოდა ამ კადრების განვითარებაზე მუშაობის შესაძლებლობა.” - აღნიშნა სს სადაზღვევო კომპანია ალდაგის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, ანა სიჭინავამ.

კომპანიის ისტორია

ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც 1990 წელს დაარსდა და უკვე 26 წელია სადაზღვევო ბაზრის ლიდერია.

2006 წლის ბოლოს ალდაგის აქციების 100% სადაზღვევო კომპანია ბისიაიმ შეიძინა, რომლის მფლობელი საქართველოს ბანკი იყო.
გაერთიანების შედეგად ბაზარზე გაჩნდა ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელსაც ბაზრის 36% დაიკავა.

2012 წელს ალდაგმა სადაზღვევო კომპანია “იმედი L” შეიძინა, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო გაიზარდა კომპანიის ბაზრის წილი. ორი მსხვილი კომპანიის გაერთიანება “ალდაგის” თანამშრომლებისათვის დიდი გამოწვევა იყო. სამუშაო პროცესი შერწყმის პერიოდში იმდენად დატვირთული აღმოჩნდა, რომ კომპანიაში ხუმრობით გავრცელდა კედლის კალენდარი, სადაც ყველა დღე აღნიშნული იყო როგორც ორშაბათი.

2014 წელს, კომპანიის აქციონერთა გადაწყვეტილებით, “ალდაგმა” მსოფლიოში აპრობირებული ბიზნეს მოდელს მიმართა და გაიმიჯნა დაზღვევის ორი მიმართულება – ჯანმრთელობის დაზღვევა და არაჯანმრთელობის დაზღვევა. მსგავსი პრეცენდენტი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მხოლოდ “ალდაგმა” შექმნა.  ორი სხვადასხვა მიმართულებით ოპერირება “ალდაგს” განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევდა.

HRM ალდაგში

2016 წლის მონაცემებით, ალდაგში 300-მდე ადამიანი მუშაობს. თანამშორმლების საშუალო ასაკი 28-29 წელია. დღევანდელი მონაცემებით, 113 ადამიანი კომპანიის გაყიდვების მუდმივ პერსონალს წარმოადგენს. გარდა მუდმივი პერსონალისა, კომპანიასთან თანამშრომლობს 560 გაყიდვების აგენტიც, რომლებიც კომპანიას ემსახურება თავისუფალი სამუშაო გრაფიკით და სადაზღვევო პროდუქტებს ყიდის.

სს სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ხალხის მართვის სტრატეგია პროფესიონალების გაზრდა და მუდმივი განვითარებაა, კომპანიის ორგანიზაციული კულტურაც მუდმივი განვითარებაა:

 “პროფესიონალიზმი, სხარტი და შემოქმედებითი აზროვნება - ესაა ჩვენი დამახასიათებელი ცოდნაც და უნარებიც. კომპანიაში მუდმივად ვფიქრობთ ახალ პროექტებზე, ახალ სერვისებზე. კომპანია მოქნილია სიახლეებისადმი. შეიძლება ითქვას, მუდმივად ახალ პროექტზე ვმუშაობთ. სწრაფ ცვლილებებზე ხალხის ადაპტაციაც ძალიან სწრაფად ხდება. როდესაც ახალ პროექტებზე არ ვმუშაობთ, თანამშრომლები თითქოს ვიწყენთ. როდესაც ბევრი ახალი პროექტია ერთრდოულად მიმდინარეობს - ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა. თუმცა, ბევრი სიახლე, ისევე როგორც ზედმეტი რუტინაც HRM გუნდისათვის გამოწვევაა - ორივე მოცემულობაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხალხზე, რომ არ დავკარგოთ მათი მოტივაცია, სიახლეებისადმი ინტერესი და რაც მთავარია, განვითარების სურვილი” - ასე აღწერა  ანა სიჭინავამ ის კულტურა, რომელიც კვლავ გამორჩეულ შედეგებს ქმნის.

დღეს კომპანიაში 53 მენეჯერია, საიდანაც 6 ახალი მენეჯერია.  2014 წლიდან დღემდე 18 თანამშრომელი დაწინაურდა მენეჯერულ პოზიციაზე.

რეკურტინგი ალდაგში

2014 წლამდე, კომპანია გაყიდვების ძალის რეკრუტინგს მართავდა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობითა და სამუშაოს საძიებელ ვებპორტალებზე ვაკანსიის განთავსებით. სამუშაოს მაძიებლებთან ტარდებოდა ჯგუფური გასაუბრებები. წარმატებული კანდიდატები შეფასებას იღებდნენ კონკურნტუნარიანობითა და საკუთარი თავის პრეზენტაციის უნარით. შერჩეული კანდიდატები გადიოდნენ ტრენინგს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ხდებოდა მათი დაქირავება სადაზღვევო აგენტებად.

2015 წელს, ადამიანური რესურსების მართვის გუნდმა საინტერესო ინიციატივა შესთავაზა მენეჯმენტს - გაყიდვების გუნდის მენეჯერების რეკრუტინგ-მენეჯერებად მოაზრება, როდესაც მენეჯერები თვითონ მოიზიდავდნენ კანდიდატებს და თვითონვე გაუწევდნენ ქოუჩინგს საჭირო უნარების განვითარებაში. ამ ინიციატივას მენეჯმენტმა მხარი დაუჭირა და 2016 წლიდან,ეს მეთოდი რეკრუტინგში წარმატებულ შედეგებს იძლევა, რადგან მაღალია მენეჯერების მოტივაცია თვითონ შექმნან საჭირო უნარების გუნდი და რაც მნიშვნელოვანია, საკუთარი გუნდის წევრების შედეგების მიხედვით, იმსახურებენ  წარმატებული ქოუჩის ტიტულსაც.

“დღეისათვის საცალო გაყიდვების მიმართულებით 44 ქოუჩი გვყავს, რომლებიც ზრუნავენ ახალბედა აგენტების განვითარებაზე, გაზრდასა და მათ დაწინაურებაზე. მათი შედეგები ფასდება იმის მიხედვით, რამდენ წარმატებულ აგენტს “გამოზრდიან”. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ალდაგს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში სადაზღვევო აგენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში. 6 წლის წინ ალდაგმა შექმნა სადაზღვევო აგენტების ქსელი. მას შემდეგ, დაახლოებით 7000-მდე ადამიანმა გაიარა ჩვენთან ტრენინგი, გაეცნო დაზღვევის საფუძვლებს და შეისწავლა ჩვენი პროდუქტები. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა პოტენციურ კლიენტს ხვდებიან, აცნობენ დაზღვევას. ამ ადამიანებმა დაზღვევის შესახებ წარმოდგენა შეუქმნეს ათასობით ადამიანს. ბოლო წლების მანძილზე დაზღვევის შესახებ ცნობიერება საქართველოში ამაღლდა - ამას ადასტურებს ისიც, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი არის დაინტერესებული დაზღვევით, ყველამ გააცნობიერა დაზღვევის მნიშვნელობა. და ვფიქრობ, დაზღვევის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სადაზღვევო აგენტებმა,” - აღნიშნა ანა სიჭინავამ.

რეკრუტინგის ერთ-ერთი სტრატეგია სტაჟირების პროგრამაც. სტაჟირების დაგეგვმა და სტაჟიორების შერჩევა ხდება კომპანიის ნებისმიერ პოზიციაზე. სტაჟიორების შესარჩევად ალდაგი წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს. შერჩევა და სტაჟირება გრძელდება 3 თვე,  რომლის დასრულების შემდეგ კანდიდატი დასაქმდება კომპანიაში, თუ მისი საქმიანობა წარმატებულია. 2014-2016 წლის მონაცემების მიხედვით, სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანიაში ძირითად სამუშაოზე დასაქმდა 20 სტაჟიორი.

ალდაგის ადამიანური რესურსის მართვის გუნდი დღემდე ავითარებს სადაზღვევო ბიზნესისა და ტრენინგების მეთოდოლოგიას.  გაყიდვების ძალის სწავლების მიზნით, შეიქმნა გაყიდვების საბაზისო, საშუალო დონისა და “Advanced” პროგრამები, სადაც ახალბედა სადაზღვევო აგენტები კლიენტებთან კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდებს სწავლობდნენ.  ქოუჩინგის პროგრამის ფარგლებში,  გამოცდილი აგენტები ახალბედა აგენტებს სამუშაო პროცესშივე ასწავლიან სამუშაოს სპეციფიკას, აძლევენ რჩევებს, თუ როგორ უნდა შექმნან კლიენტის დაინტერესება, აკვირდებიან ახალბედა თანამშრომლის საქმიანობას და ეხმარებიან თუნდაც ერთი სამუშაო დღის წარმატებით დასრულებაში

განვითარება და მუდმივი სწავლება

ალდაგი მუდმივად მუშაობს სადაზღვევო სფეროში პროფესიონალური და პროფესიული ცოდნის შესაქმნელად. კომპანიაში მუდმივად ტარდება ტრენინგები, რომლებსაც ძირითადად “ ალდაგელი” ტრენერები უძღვებიან.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას სწავლებისა და განვითარების ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. 2008 წელს, ალდაგისა და ბისიასის შერწმყის შემდეგ შეიქმნა “უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა”, რომლის მიზანი იყო სადაზღვევო სფეროში საფუძვლიანი ცოდნის შექმნა. ამ პროგრამის შემუშავება და შემდგომში განხორციელება მოხდა კომპანიის საკუთარი ძალებით და მისი სპეციფიკა შემდეგია:

- სხვადასხვა დონის ცოდნის მქონე თანამშრომლებისთვის, საბაზისო ცოდნის შექმნა სადაზღვევო საქმიანობის შესახებ და შესაბამისი სერტიფიცირება;

- პროფესიული ცოდნის შექმნა ანდერაიტინგის, დაზღვევის, გადაზღვევისა და. ა.შ სადაზღვევო ბიზნესის სპეციფიური მიმართულების მიხედვით;

- პროფესიული ცოდნის ხელახალი სერტიფიცირება, როდესაც პროფესიონალი ეცნობა სფეროში მიმდინარე მოვლენებსა თუ სიახლეებს და ხდება ცოდნის განახლება, შესაბამისი სერტიფიცირებით.

2008 წლიდან დღემდე, “უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა” ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა კომპანიისათვის - უამრავმა თანამშრომელმა მიიღო სწორი საბაზისო ცოდნა, შემუშავდა შესაბამისი მოკლე სპეციალიზირებული კურსები და ჩატარდა  ტრეინინგები ანდერაიტინგის, გაყიდვების, დაზღვევის, რისკების მართვისა და რისკების გადაზღვევის მიმართულებით.

“უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა” მუდმივად ვითარდება. პროგრამის მენეჯერები მუდმივად ითვალისწინებენ კომპანიის საჭიროებას ცოდნაზე, თანამშრომლების ინტერესებსა და კონკურენტული ბაზრის გამოწვევებს. 2008 წლიდან დღემდე, პროგრამა ჩამოყალიბდა, როგორც კომპლექსური სწავლებისა და ცოდნის განახლების სტრატეგია, “უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა” ალდაგის პროფესიონალიზმის ხერხემალია

საინტერესოა “ალდაგის” თანამშრომლების განვითარების ის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც კომპანიაში ცოდნის შექმნა და განვითარება ერთმანეთის ცოდნის გაზიარებით ხდება. კომპანიას შიდა ტრენინგების საკმაოდ საინტერესო სისტემა აქვს. 2016 წელს შეიქმნა ‘შიდა ბიზნეს ტრენერების” ინსტიტუტი, რომელიც ნებისმიერ თანამშრომელს საშუალებას აძლევს გახდეს ტრენერი და საკუთარი ცოდნა გაუზიაროს კოლეგებს. ბიზნეს ტრენერობის მსურველებს უტარდებათ “ტრენერების ტრენინგი” და შემდეგ იგეგმება, თუ რა ცოდნას გაუზიარებენ ისინი კოლეგებს.

“ამ მიდგომამ ბევრი ტალანტი წამოწია და თანამშრომლებში ბევრი საინტერესო ცოდნა აღმოვაჩინეთ. ამას გარდა, ბიზნეს ტრენერების ინსტიტუტი შიდა კომუნიკაციის გაძლიერებაშიც დაგვეხმარა.” -ასე შეაფასა ბიზნეს ტრენერების შედეგები ანი სიჭინავამ

ალდაგში დღეს ბიზნეს ტრენერობა სტატუსია. მათ აქვთ საკუთარი ლოგო და საკუთარი ხელმოწერა. რაც მთავარია, ტრენერობის სურვილს მატერიალური ანაზღაურება არ ქმნის.

2015 წლის გამოწვევა და სოციალური რეკრუტინგი

2015 წლის 15 თებერვალს, “HR-for-HR”-ის მორიგ შეხვედრაზე, ანა და მისი გუნდი ახალ იდეებსა და არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ შეიკრიბა. ვინაიდან რეკრუტინგი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა. გუნდის წევრებმა ბევრი ისაუბრეს პრობლემის მიზეზებზე, სირთულეებზე, თუ სად და როგორ მოეძებნათ ის ხალხი, ვისაც სადაზღვევო აგენტად მუშაობა დააინტერესებდა. სხვადასხვა იდეების განხილვისას, გუნდმა აღმოაჩინა, რომ მათი მიზნობრივი სეგემენტი სოციალურ ქსელშია და მობილური ტელეფონით სარგებლობს. სწორედ სოციალური ქსელი უნდა გამხდარიყო კომპანიის რეკრუტინგის მთავარი პლატფორმა. ვინაიდან “გზა” ნაპოვნი იყო, ადამიანური რესურსის მართვის გუნდმა დაიწყო მუშაობა თუ რა უნდა ყოფილიყო კომპანიის სოციალურ რეკრუტინგის სტრატეგია. ამ მუშაობისა თუ ფიქრის შედეგად შეიქმნა “Aldagi jobs”.

Aldagi jobs

Aldagi Jobs არის “ალდაგის” დასაქმების Facebook გვერდი, რომლის საშუალებითაც კომპანიასა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაცია ხდება. გვერდის საშუალებით დასაქმების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი დამსაქმებელია ალდაგი, რას სთავაზობს თანამშრომლებს და როგორია ალდაგის სამუშაო გარემო. სოციალური ქსელის გვერდზე ასევე იდება ინფორმაცია ალდაგის ვაკანსიების შესახებ და დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ აპლიკაციის ფორმის შევსება, რომლის შემდეგ იგეგმება რეკრუტერთან შეხვედრა და გასაუბრება.

აპლიკაციის შევსება ძალიან მარტივია როგორც დესკტოპ, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით. მობილური ტელეფონის აპლიკაცია კიდევ უფრო მოსახერხებელია კანდიდატებისათვის. ის სამუშაოს მაძიებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან ტელეფონით შეავსოს და გააგზავნოს ვაკანსიაზე სააპლიკაციო ფორმა. ამ პროცესს კი არ სჭირდება არც ელფოსტა და არც CV ინტერესის დასაფიქსირებლად.

აპლიკაციამ დასაქმების მსურველების ფართო მასშტაბზე გასვლის პრობლემა მოაგვარა, შემცირდა შერჩეული პოტენციური თანამშრომლების დენადობა და რეკრუტინგის ხარისხიც გაუმჯობესდა, კერძოდ: გაიზარდა დაინტერესება, გასაუბრებაზე დიდი რაოდენობით კანდიდატები მოდიან და გრძელვადიანი თანამშრომლობაც პრობლემას აღარ წარმოადგენს.

“on-job.ge”

2016 წლის ოქტომბერში, გაყიდვების დეპარტამენტში გაჩნდა იდეა “ონლაინ აგენტების”  შესახებ. აი იდეის მიხედვითა და გაყიდვების დეპარტამენტის ინიციატივით, კომპანიამ კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი განახორციელა.

on-job.ge “ალდაგის” ახალი ვებ-აპლიკაციაა, რომელიც ონლაინ დასაქმების პორტალს წარმოადგენს. აღნიშნულ გვერდზე დარეგისტრირება ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან. “on-job.ge” ზე დარეგისტრირებული ადამიანი მეგობარს, ნაცნობს, კოლეგას სთავაზობს ისარგებლოს კომპანიის დაზღვევით, რაშიც ის შესაბამის ანაზღაურებას, გაყიდვების საკომისიოს იღებს.

“პორტალი საშუალებას აძლევს სამუშაოს მაძიებლებს, დასაქმებულ ადამიანებს და ნებისმიერ მსურველს ჰქონდეს მუდმივი შემოსავლის წყარო. გაყიდვების აგენტებთან მუშაობის ჩვენმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ კარგი სადაზღვევო აგენტები, უმეტესწილად სწავლობენ ან მუშაობენ. ჩვენ ვიფიქრეთ, როგორ მივცეთ ამ ადამიანებს ჩვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამიტომაც შევქმენით სამუშაოს სივრცე, რომელიც არის ონლაინ სააგენტო ქსელი. ონლაინ სააგენტო ქსელში დარეგისტრირება შეუძლია ინტერნეტის ნებისმიერ, 16 წელზე მეტი ასაკის მომხმარებელს. პორტალი ხელმისაწვდომია ყველასათვის, პორტალზე “მუშაობისთვის” საკმარისია გქონდეთ ინტერნეტი, ტელეფონი ან კომპიუტერი. “on-job.ge”-მ მთელი ქვეყანა მოიცვა. ფაქტიურად, ის ხალხი, ვისზეც არ გვქონდა წვდომა და ეს ძირითადად რეგიონებია, გახდნენ ჩვენი თანამშრომლები. გაიზარდა პოტენციური და აქტიური კლიენტების რაოდენობაც, შედეგები შთამბეჭდავია - აპლიკაციის გაშვებიდან ორი თვის შემდეგ 7000 ონლაინ აგენტია დარეგისტრირებული”.- ანა სიჭინავა

“Aldagi Jobs” და “On-job.ge” “ალდაგის”პირველი ინოვაციური პროექტები არ არის. კომპანიას საინტერესო გამოცდილებას ყოველთვის ქმნიდა. ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური პროექტი 2014 წლით თარიღდება, როდესაც შეიქმნა “ალდაგი აკადემია”- ფეისბუქის აპლიკაცია გაყიდვების აგენტების დაინტერესებისა და მათი რეკრუტინგის მიზნით.

“ალდაგი აკადემიის” წევრობა გაყიდვების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია. ამისათვის საჭიროა ონლაინ აპლიკაციის შევსება და შემდეგ, ვიდეო-ტრენინგების გავლა. “აკადემიის” სასწავლო პროგრამა რამდენიმე ვიდეო-ლექციისგან შედგება, რომლის დასრულების შემდეგ, დასაქმებით დაინტერესებული პირი გაივლის ონლაინ ტესტირებას და წარმატებული “აკადემიკოსი” კომპანიის თანამშრომელი ხდება.

ერთი შეხედვით მარტივი აპლიკაცია საკმაოდ საინტერესოდაა აგებული და გაყიდვების სფეროში პოტენციური თანამშრომლის ინტერესს იწვევს - კანდიდატს შეუძლია გამოიანგარიშოს, თუ რა იქნება მისი საქმიანობის შემოსავალი ახლა, 1 ან 2 წლის შემდეგ; კანდიდატს შეუძლია გაეცნოს თუ როგორია გაყიდვების აგენტების კარიერა “ალდაგში”, რისი სწავლა მოუწევს, როგორ უნდა გაყიდოს პროდუქტი და სხვ.

“აკადემია ძალიან დაგვეხმარა ხალხის მოზიდვაში. გადავიღეთ სარეკლამო რგოლებიც, სადაც წარმატებული აგენტები საკუთარი ‘გზის” შესახებ საუბრობენ “აკადემიაში”. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, გუნდის წევრების კმაყოფილებაც იმდენად მაღალია, რომ ვიდეო-რგოლში მათ მიერ გადმოცემული მესიჯები სარეკლამო მესიჯებად აღიქვა ხალხმა”- საუბრობს ანა სიჭინავა.

2016 წლის შედეგები და მომავალი ამოცანები

2016 წელს, ალდაგის ხალხის მართვის სტრატეგიულ მიზანს თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა. შიდა ბიზნეს ტრენერების სისტემამ, ეს მიზანი წარმატებულ შედეგად აქცია. ამას გარდა, კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს გაყიდვების ძალის ქოუჩინგი. რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა თანამშრომლების დენადობა და ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების მაჩვენებელი.

“ალდაგის” მომავალი წლის ამოცანები კვლავ საინტერესოა - ადამიანური რესურსის მართვის გუნდმა უნდა იმუშაოს მენეჯერულ განვითარებაზე. მომავალი წლის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მომსახურების გაუმჯობესება და მაღალი ჩართულობის შენარჩუნებაც კომპანიის თანამშრომლებში. ამ ამოცანებზე სამუშაოდ კი მარკეტინგი და HRM გუნდი საინტერესო ერთობლივ პროექტებს გეგმავს.
"Forbes"
19.12.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia