საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის პაკეტები გამიჯვნით ბიუჯეტის ეკონომიის მიზანს ვერ მიაღწევენ

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის პაკეტების გამიჯვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევს. მისი განცხადებით, გამიჯვნით ბიუჯეტის ეკონომიის მიზანს ვერ მიაღწევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით დევი ხეჩინაშვილმა რადიო "კომერსანტის" გადაცემაში "კომერსანტის დროით" ისაუბრა. 
"2013 წელს ითქვა, რომ ვინც დაზღვეულია, იმას არ ეკუთვნის საყოველთაო დაზღვევა. ამას ჰქონდა ლოგიკაც და გამართლებაც, იმიტომ რომ მაშინ მილიონზე მეტი ადამიანი იყო ყოველგვარი დაფინანსების გარეშე და სასწრაფოდ რაღაც უნდა მომხდარიყო. ამ დროს სადაზღვეო პროდუქტები ერთი ტიპის იყო, ანუ ნახევარმილიონზე მეტ ადამიანს, რომელიც მაშინ იყო დაზღვეული, ყველას ჰქონდა მეტ-ნაკლებად სრული დაფარვა. საყოველთაო ჯანდაცვა მთელ მსოფლიოში ესმით, როგორც საყოველთაო წვდომა სტანდარტულ, ბაზისურ სერვისებზე. ეს ჩვენთან მაშინვე არ იყო უზრუნველყოფილი, იმიტომ, რომ სდაზღვეო პაკეტები იყო განსხვავებული, ზოგს მეტი ჰქონდა ჰოსპიტალური, ზოგს ნაკლები და ა.შ. ჩვენი სადაზღვეო პროდუქტები როგორც წესი, უფრო მობილიზებულია სერვისების დაფინანსებაზე.
როდესაც ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, კიდევ ერთი კლასი გამოჩნდა ადამიანების, რომელთაც ჰქონდათ და დაკარგეს დაზღვევა და მოხვდნენ საყოველთაოს მინიმალურ პაკეტში. ამ ადამიანებს წვდომა არ ჰქონდათ იმ ბაზისზე, რომელიც საყოველთაო დაზღვევის პირობებში იყო გამოცხადებული. ამის შემდეგ ჩვენ ველოდებით ცვლილებას და 2 კვირის წინ პარლმანეტის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო და ექსპერტები, კერძო სექტორი და ა.შ. ამ ჯგუფმა დაივალდებულა თავი, რომ 2 თვეში უნდა დადოს კონცეპტუალური ხედვა, თუ როგორ განვითარდება საყოველთაო ჯანდაცვა. ანუ როგორ იქნებოდა უზრუნველყოფილი საყოველთაო ჯანდაცვის ბაზისურ ელემენტზე წვდომა. ამ ჯგუფს უნდა შეეთანხმებინა ბაზისური სერვისების ჩამონათვალი. შემდეგ უკვე გაჟღერდა რასთან გვაქვს საქმე, ანუ იმ ჯგუფებს, რომლებსაც აქვთ საშუალება თავად დააფინანსონ საკუთარი ჯანმრთელობა, უნდა მოეხსნათ საყოველთაო ჯანდაცვა და ამის ხარჯზე სერვისი გაუუმჯობესდეთ იმ ჯგუფებს, რომლებსაც თავად ამის საშუალება არ აქვთ. მე როდესაც ეს დადგენილება წავიკითხე მქონდა განცდა, რომ ეს ერთ-ერთი ცვლილებაა იმ ცვლილებებიდან, რომელიც უნდა განხორციელდეს საპირველმარტოდ",-განაცხადა ხეჩინაშვილმა.
მანვე იმ ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა, რომლებიც აღნიშნული ცვლილების განხორციელებას შესაძლოა, მოყვეს. ხეჩინაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვიდან კერძო დაზღვეულების გამიჯვნით ბიუჯეტის ეკონომიის მიზანს ვერ მიაღწევენ. "ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ დაშენებული დაზღვევით, ანუ ამ ადამიანებს 2013 წელს არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა, ჩაერთნენ სახელმწიფო პროგრამაში და შემდეგ კერძო დაზღვევიდან იყიდეს ის პროდუქტები, რომლებიც არ ფინანსდებოდა საყოველთაო დაზღვევით. ასეთი კორპორატიული დაზღვევის მქონე ადამიანების რიცხვი დაახლოებით 100 ათასია. ეს ადამიანები დარჩებიან მხოლოდ ამ დაშენებული დაზღვევის ანაბარა, რაც თითქმის არ ფარავს ჰოსპიტალიზაციას. 
სადაზღვეო კომპანიები კორპორატიულ კლიენტებს შესთავაზებენ პირობების გადახედვას, შეიძლება იყოს გაძვირების მოთხოვნა ან პიროებების გაუარესების შესაძლებლობა. კარგი იქნება, თუ ყველა გაძვირებაზე დათანხმდა და ეს ინდუსტრიისთვისაც კარგი იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის გამო ნაწილი უარს იტყვის და ნაწილი წავა პირობების გაუარესებაზე.
ამასთან, ჩვენ გვყავს 30 ათასამდე ადამიანი, რომელიც სარგებლობს ინდივიდუალური დაზღვევით. მათ აქვთ საყოველთაო დაზღვევაც. ამ ადამიანების 70% აღმოჩნდება შემდეგი დილემის წინაშე, რომ ისინი დაკარგავენ საყოველთაოს, დარჩებიან იმის ამარა, რაც დაამატეს, მაგრამ კორპორატიულებისგან განსხვავებით მათ არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ შესთავაზებს უკეთეს პირობებს, რადგან ისინი უკვე არიან რისკ-ჯგუფები, რომელთან რაღაცისთვის სჭირდებოდათ ინდივიდუალური დაზღვევა. ასე რომ, საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის პაკეტები გამიჯვნით ბიუჯეტის ეკონომიის მიზანს ვერ მიაღწევენ"",-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობა პროექტს კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს და გარკვეული ცვლილებებიც შეიტანოს.
"იმ დროს, როდესაც განსჯა მიმდინარეობს ღია პლატფორმაზე, საერთოდ არ იყო ამ დადგენილების მიღება საჭირო. ასეა თუ ისე დაახლოებით სამი მილიონი კაცი საქართველოში თავისი ნებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია. დღეს მათი ნაწილი ყიდულობს დაშენებულ პროდუქტებს და მე ვფიქრობ მთავრობამ ამ პროცესს უნდა შეწუყოს ხელი მაქსიმალურად. თუ ეს დადგენილება დარჩა უცვლელად და ამას მოყვა, რომ რეგულარული გადაჭრები უნდა მოხდეს, ჩათვალეთ, რომ საქართველოში აღარ იარსებებს დაშენებული პროდუქტი. 3 მილიონი ადამიანი დარჩება საყოველთაოს ანაბარა და პლიუს ჯიბიდან გადაიხდის დანარჩენს. აუცილებელია, მთავრობა კიდევ ერთხელ დაჯდეს და კერძო სექტორთან ერთად გადახედოს დადგენილებას, აუცილებელია, რომ ეს არ შეეხოთ ინდივიდუალებს, დაშენებით მოსარგებლეებს და ა.შ",-ამბობს ხეჩინაშვილი.
"კომერსანტი"
16.02.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia