საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება უამრავ ადამიანს დააზარალებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის: ცვლილება შეეხება პირებს, რომლებიც ე.წ. ორმაგი დაზღვევით სარგებლობენ. 
ამჟამად საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს საყოველთაო დაზღვევაც აქვს და კერძოც. ამ ცვლილების მიხედვით საყოველთაო და კერძო პაკეტები გაიმიჯნება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ ერთი სახის დაზღვევით ისარგებლებენ. ამ სიახლის შესახებ პირველად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, მინისტრის თქმით, ეს საკითხი მთავრობამ უკვე დაამტკიცა. აღნიშნულ ცვლილებას ჩვენი საზოგადოების ნაწილი უარყოფითად აფასებს. მათ შორის არის საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი, რომელიც „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს: 
-ბატონო დევი, რამდენად მიზანშეწონილია საქართველოში ე.წ. ორმაგი დაზღვევის შეჩერება?
- თავდაპირველად გეტყვით, რომ დადგენილება, რომელიც გამოვიდა, ყველა კითხვას არ პასუხობს. აქ მრავლად არის ღია თემები და პასუხგაუცემელი კითხვები. საკვირველი ისა, რომ უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამინისტროც მონაწილეობს, სადაზღვევო კომპანიებიც, ექსპერტებიც, ექიმებიც, ამ ჯგუფმა ორ-სამ თვეში უნდა ჩამოაყალიბოს საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების მოდელი და რა საჭირო ახლა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება? ეს ცვლილება არასამართლიანია ბევრი რამის გამო, მე თქვენ გეკითხებით - რატომ უნდა შეზღუდო ადამიანი, რომელიც თავისი ოჯახის ჯანმრთელობის დაფინანსებაზე ზრუნავს? საერთოდ, სადაზღვევო პროდუქტი ბევრნაირია და ადამიანებს შეიძლება ნაყიდი ჰქონდეთ შემავსებელი, ე.წ. დაშენებული პროდუქტები, რომლებიც სულ სხვა სერვისებს ფარავენ. როგორც წესი, ადამიანები იმ სერვისებს ფარავენ, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვას აკლია: ყიდულობენ წამლებს, სტომატოლოგის მომსახურებას და ა.შ... ამიტომ, დაზღვევის ამ ტიპის შეჩერება და მოქალაქეებისთვის იმის თქმა - თუ კერძო დაზღვევა გაქვთ, საყოველთაო აღარ გეკუთვნითო, ძალიან უცნაურია. უცნაური ისიც, რომ ერთი მხრივ ვმუშაობთ, რომ ერთად დავსახოთ ჯანდაცვის სისტემის განვითარების გეგმები და მეორე მხრივ, ასეთი ძალადობრივი აქტი ხდება - აქტი, რომელიც უეჭველად დააზიანებს ადამიანებს. 
-უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას? 
-შედეგი სამწუხარო იქნება - ათასობით ადამიანს დაზღვევა აღარ ექნება. რატომ? - როდესაც ინდივიდუალური დაზღვევა დაშენებულია საყოველთაო დაზღვევაზე, ის მოქმედებს საყოველთაო დაზღვევასთან ერთად - ფარავს ამბულატორიის მომსახურებას, ფარავს წამლის ფასს ანუ იმას, რაც საყოველთაო დაზღვევაში ძალიან მწირია. ახლა კი, ეს ხალხი საერთოდ ყველაფრის გარეშე რჩება. ქუჩიდან მოსულ ადამიანს 
არავინ დააფინანსებს, მათ არც კი შესთავაზებენ სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტს. ასე რომ, უამრავი ადამიანი დაზარალდება, რომელსაც ახლა მცირე დაშენებული პაკეტი აქვს. ძალიან უცნაურია ერთი რამ: ნოემბერში ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერი ჩაატარა და ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ჯანდაცვის სამინისტროს 2 ათასზე მეტ თანამშრომელს შეუძინეს 10-ლარიანი დაშენებული პაკეტი ანუ საყოველთაოზე დამატებული. ეს ხალხი დარჩება მარტო 10-ლარიანი პროდუქტის ამარა, რადგან ადამიანს, რომელსაც საყოველთაო პაკეტიც აქვს და ინდივიდუალურიც, დაზღვევა უარს ეტყვის. მათ მსგავსად, უამრავი ადამიანი მინიმალური პაკეტის ამარა დარჩება. ამით არაერთი დაზღვეულის მდგომარეობა გაუარესდება. 
-ყველაზე მეტად ვის დააზიანებს საყოველთაო და კერძო დაზღვევის გამიჯვნა? 
- პირველ რიგში იმ ხალხს, ვისაც ბევრი წამალი და ანალიზი სჭირდება, მაგალითად, ონკოლოგიურ პაციენტებს. ამ ადამიანებმა იმიტომ იყიდეს დამატებითი დაზღვევა, რომ საყოველთაო დაზღვევა ანალიზების და წამლის ფულს ვერ ფარავს. როდესაც ადამიანს აქვს ბაზისური დაზღვევა და დამატებით აქვს ინდივიდუალური, თავის პრობლემებს ასე თუ ისე უმკლავდება, ახლა კი, ეს ხალხი დაუფინანსებელი დარჩება. ეს ნიშნავს, რომ დაშენებული პროდუქტი საერთოდ გაქრება საქართველოს ბაზრიდან და მოხდება ძალიან ცუდი რამ: მოსახლეობა დარჩება საყოველთაო დაზღვევის ამარა და უამრავი ადამიანი დარჩება საკუთარი ჯიბის იმედზე და ეს არის ყველაზე ცუდი, ყველაზე არაეფექტიანი გზა, რომელიც ჩემი აზრით, ჯანდაცვის სისტემაში სისტემურ პრობლემას შექმნის. 
- ბატონო დევი, ამ ცვლილების განხორციელებით სახელმწიფო თუ მიიღებს რაღაც მოგებას?
-არა მგონია ამით სახელმწიფომ რაიმე ფისკალური ეფექტი მიიღოს. სამაგიეროდ, დაზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები და მხოლოდ მათი მცირე ნაწილი ისარგებლებს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებით.
-სადაზღვევო კომპანიებიც იზარალებენ? 
- სამწუხაროდ, ეს საკითხი საქართველოში არავის აინტერესებს, მაგრამ მათ მოუწევთ სერიოზულად გადახედონ თავიანთ პროცენტებს. ეს პროცესი რით დასრულდება - მეტი პრემიით, თუ ნაკლებით, ესეც არავინ იცის. თანაც, გადახედვაც ხომ ფული ჯდება, ასიათასობით კონტრაქტია გადასახედი. თუ ისე წავა საქმე, რომ სადაზღვევო მომსახურების ფასი შენარჩუნდება, სამაგიეროდ ხარისხი გაუარესდება. ასე თუ ისე, სიკეთეს რომ არ უნდა ველოდეთ, ეს უდავოა. 
- რა ელის იმ ხალხს, ვისაც კორპორატიული დაზღვევა აქვს? 
- რაც შეეხება კორპორატიულ დაზღვევას, სადაზღვევო კომპანიები ალბათ პირობების გადახედვას მოითხოვენ. ეს იქნება მომსახურების გაძვირების, ან პირობების გაუარესების მოთხოვნა. აქაც ორი რამ არის სავარაუდო: ან სერვისი გაუარესდება, ან - გაძვირდება. დავუშვათ, რომელიღაც კომპანია დაზღვევის ფულს უხდის თავის თანამშრომლებს და ამ კომპანიაში 100 კაცი მუშაობს. მოვიდა სადაზღვევო კომპანია და შეამოწმა, თუ ვის აქვს წვდომა ამ კომპანიაში საყოველთაო დაზღვევაზე. ამის გარკვევის შემდეგ ივაჭრებენ, ვიღაც გადაიხდის, ვიღაც საერთოდ უარს იტყვის ინდივიდუალურ დაზღვევაზე და საყოველთაო დაზღვევის ამარა დარჩება.
- და ბოლოს, საინტერესოა, ვინ დარჩება მოგებული ამ ყველაფრით? 
- დაშენებული დაზღვევის გაუქმებით ბენეფიტს მხოლოდ ექიმები მიიღებენ, რადგან ჯიბიდან გადახდა დაიწყება. ცუდია. რომ საქართველოში ასეთი უცნაური რამ ხდება. ნაცვლად იმისა, რომ ყველასთვის მისაღები სისტემა შეგვექმნა, ამ ცვლილებას არ ეყოლება მხარე, რომელიც მოგებული დარჩება. ის ზარალი კი, რასაც ეს დადგენილება მოიტანს, ყველამ უნდა ავიტანოთ. 
"bpn" ბიზნესი და ეკონომიკა
16.02.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia