აკაკი ზოიძე: „საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს“

“ჩვენ ვმუშაობთ, რამდენად მიზანშეწონილია სავალდებულო დაზღვევა შემოვიტანოთ იმ კატეგორიისთვის, რომელსაც დღეს საყოველთაო დაზღვევა არ ეკუთვნის“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცახადა. 
სტატისტიკის მიხედვით კერძო დაზღვევით საქართველოში მოსახლეობის 14% სარგებლობს. როგორც 1tv.ge- წერს, იმ მოქალაქეებს შორისაც კი, რომელთა შემოსავალიც თვეში 4000 ლარს აღემატება მხოლოდ 53%-ს აქვს შეძენილი კერძო დაზღვევა ანუ დიფერენცირების ამოქმედებამდე ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე თანხას სახელმწიფო ხარჯავდა. სახელმწიფო ბიუჯეტს დღემდე უწევს ათობით ათასი იმ მოქალაქის მკურნალობის დაფინანსება, რომლთა თვიური შემოსავალი 1000-დან 3000 ლარამდეა. ასეთი შემოსავალი ქვეყანაში 200 ათასზე მეტ მოქალაქეს უფიქსირდება და მათგან კერძო დაზღვევას მხოლოდ 40% ყიდულობს. ამ ადამიანებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა შესაძლოა, საკუთარი სახსრებით მოუწიოთ.
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა დამსაქმებელი კომპანიებისთვის შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი აკაკი ზოიძე ამბობს,  საკითხი მხოლოდ იდეის დონეზეა და კონკრეტული ნაბიჯები ჩამოყალიბებული და გაწერილი არ არის.
„ეს არის იდეა, რომ 1000-დან 3000 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის დაზღვევა გახდეს სავალდებულო იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ერთიან სტანდარტულ პაკეტზე. ღარიბებისთვის გადაიხდის სახელმწიფო, შედარებით საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქებიისთვის იქნება ნაწილობრივ დაფინანსებული სახელმწიფოს ან დამსაქმებლის მიერ და შედარებით უფრო მაღალი ფენისთვის მთლიანად საკუთარი ხარჯებით უნდა მოხდეს დაზღვევის ხარჯის ანაზღაურება. სხვა ქვეყნების გამოცდილება მეტყველებს, რომ სავალდებულოობის ელემენტის გარეშე ამ რეფორმის განხორციელება რთულია“,-ამბობს  ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
აკაკი ზოიძის განმარტებით, დადგება თუ არა დაზღვევის სავალდებულობის საჭიროება დღის წესრიგში, ჯანდაცვის რეფორმით განხორციელებული ბოლო ცვლილებებზე დაკვირვებით გამოვლინდება.
„დავაკვირდებით საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში განხორციელებულ პირველ ცვლილებებს და ამის  მიხედვით ერთ-ერთ ალტერნატივად ვიხილავთ სავალდებულო დაზღვევას. თუმცა ამასთან დაკავშირებით არც გადაწყვეტილებაა მიღებული გუნდში და არც საარჩევნო პროგრამაში არ გვაქვს დაანონსებული. ანუ ვერ ვიტყოდი, რომ ამას ვაპირებთ, ეს არის სამუშაო ვერსია, ყველა ასპექტს შევაფასებთ, მათ შორის, რეგულირების ზემოქმედების შეფასებასაც გავაკეთებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გვინდა თუ არა“, - განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, ევროპული ქვეყნების გამოცდილების მიუხედავად, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და შესაბამის სექტორებთან კონსულტაციების შემდეგ მოხდება.
„მე პირადად მიმაჩნია, რომ საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა შევაფასოთ ამ კონკრეტული გეგმის განხორციელებას რა გავლენა ექნება, ბიზნესებზე, დამსაქმებლებზე, თვითონ დასაქმებულებზე. უნდა ვიცოდეთ, რა დადებით და უარყოფით შედეგებს მოგვიტანს, რა თქმა უნდა, კონსულტაციები გვექნება კერძო სექტორთანაც და არა მარტო მათთან“,-ამბობს დეპუტატი.
"კომერსანტი"
 
18.10.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia