„უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილების სავალდებულო დაზღვევიდან 30 მილიონი ლარის შემოსავალს ველოდებით“

საკუთარი ავტოტრანსპორტით მოგზაურები სადაზღვევო პაკეტის გარეშე საქართველოს საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ. როგორც პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქნილი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას მათივე მონაწილეობით და, რომლის დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით, შესაბამისი მოთხოვნებისა და თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის აღსრულების მიზნით, იქმნება მზღვეველთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“.
თემის დეტალებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კოტე სულამანიძემ ისაუბრა.
- კონკრეტულად თუ შეგიძლიათ ახსნათ, რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი?
- კანონპროექტი გულისხმობს სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების დაზღვევას, ეს არ არის უცხოელის ქონების დაზღვევა, არამედ მისი ბრალეულობის დროს, როდესაც ზიანი მიადგება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ან კომპანიას - ეს ზიანი ანაზღაურდება სადაზღვევო კომპანიის მიერ. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს მსგავსი ტიპის სავალდებულო დაზღვევა.  ეს არის ცივილური გზა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წარმოქმნილი დავების მოსაგვარებლად. ამას ვიწყებთ უცხოური ავტომობილებით ანუ რეალურად ის კონტიგენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, მათთვის ეს პროდუქტი არის ძალიან გათავისებული, პირიქით მოთხოვნაა, რომ მსგავსი დაცვითი სისტემა არსებობდეს.
- დაახლოებით რა რაოდენობის ავტომობილზეა საუბარი?
- 2016 წელს საქართველოში იყო 1,8 მილიონამდე კვეთა, უნდა განვასხვავოთ, რომ ეს არ არის უნიკალური ავტომობილები. თუ ერთი ავტომობილი წლის განმავლობაში ათჯერ კვეთს, შესაბამისად, 1,8 მილიონი ავტომობილი არ შემოვიდა ქვეყანაში. ჩვენ შევიმუშავეთ 4 ტიპის პროდუქტი ვადების ჭრილში: პირველი – 15–დღიანი და ამ პერიოდში რამდენჯერაც არ უნდა გადმოკვეთოს საზღვარი მას თავიდან არ ექნება შესაძენი დაზღვევა. მეორე – არის 30–დღიანი, მესამე არის 90 დღიანი და მეოთხე არის ერთწლიანი. ვინადიდან ჩვენს ქვეყანას სტრატეგიულ მიმართულებად აღებული აქვს ტურიზმი, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო 15 დღიანი პაკეტი, რათა მომხმარებელს არ ეყიდა უფრო გრძელვადიანი, მაგალითად, ჩვენი მოქალაქეები როდესაც გადადიან თურქეთში მხოლოდ 90 დღიან დაზღვევას სთავაზობენ, რაც ჯდება ძალიან ძვირი. ჩვენი ტარიფი არის ძალიან ლოგიკური ლიმიტებიდან გამომდინარე. 15 დღიანი ტარიფი მსუბუქ ავტომობილზე იქნება 30 ლარი, რაც შეეხება ლიმიტებს, ლიმიტი იქნება 300 000 ლარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ მიყენებული ზიანის შემთხვევაში, ხოლო ქონებაზე ზიანის მიყენების შემთხვევაში 50 000 ლარი. თუმცა თითოეული პირის წინაშე უკვე ცალკე ლიმიტებია. თუ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზიანი მიადგა 2 ადამიანს და დაზიანდა 2 მანქანა, თითოეულს აუნაზღაურდება 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში.
პროცესი არის ძალიან უნიკალური, ჩვენი მიზანი იყო, რომ დღეს არსებული საზღვრის კვეთის სიმარტივე არ გართულებულიყო.  რომ არ მოხდეს ყველა სადაზღვევო კომპანიის მიერ საზღვარზე დადგომა და საკუთარი პოლისის გაყიდვა, რაც ქაოსს გამოიწვევს, მოხდა სადაზღვევო კომპანიების გაერთიანება ბიზნესის პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით. ეს იქნება არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სისტემის ადმინისტრატორს, მათ ექნებათ დელეგირებული უფლება სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, რომ მათ სახელზე მიიღონ თანხა. სადაზღვევო კომპანიები გაყიდიან საკუთარ პოლისს, რაც ნიშნავს, რომ არ იქნება დაზღვევა ერთ კონკრეტულ კომპანიაში, არამედ ყველაში, რომელმაც ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ანაზღაურების შემთვევაშიც ისინი ერთად იღებენ პასუხისმგებლობას.
ჩვენი სადაზღვევო კომპანიები ამ მიმართულებით არიან საკმაოდ გამოცდილები. ჯამში თექვსმეტივე კომპანიის გამოცდილება არის სულ რაღაც 67 ათასი მანქანის მომსახურება. ჩვენ საუბარი გვაქვს დიდ მასაზე, რისთვისაც საჭიროა მათი გაერთიანება, რადგან ზიანი დასარეგულირებელი იქნება არამხოლოდ რეგიონებში, არამედ ნებისმიერ ადგილას, საჭიროა მათ წარმომადგენელი ჰყავდეთ ყველგან - ამიტომ გაერთიანებით ჩვენ ამ ეფექტს უფრო მარტივად ვახდენთ. ამ ეფექტის მიღწევით იხვეწება საზღვევო კომპანიების სერვისი, რაც არის საფუძველი იმისა, რომ შემდეგი წლიდან მსგავსი ტიპის დაზღვევბი შემოვიტანოთ საქართველოში ქართულ მანქანებზე.
- სადაზღვევო კომპანიები რა მოცულობით შემოსავალს მიიღებენ ამ სერვისის შეთავაზებით?
- კვეთების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილების დაზღვევიდან ჩვენ ველოდებით დაახლოებით 30 მილიონი ლარის შემოსავალს, მეორეა რა ოდენობის ზიანი იქნება ასანაზღაურებელი. აქ ჩვენ გავაანალიზეთ მრავალი პარამეტრი, ჩვენ ვისმჯელეთ იმ ავტომობილებზე დაყრდნობით, რომლებიც ნებაყოფლობით სარგებლობენ დაზღვევით, აქ ზიანის ანაზღაურების მაჩვენებელი არის 69%, ანუ თუ კომპანიამ მსგავსი დაზღვევიდან მიიღო 100 ათასი ლარი 70 ათასი ლარის უკან გადახდა უწევს.  ანალოგიური მიდგომით ჩვენ თუ ველდოებით 30 მილიონის შემოსავალს ზიანის ანაზღაურებაზე უნდა გადავდოთ 20 700 000 ლარი. დარჩენილი თანხით სექტორმა უნდა უზრუნველყოს: პირველი - გაერთიანებული ცენტრის ოფისების არსებობა, რათა საზღვრის გადმოკვეთისას მარტივი იყოს მათი შეძენა.
უნდა აღინიშნოს, რომ პოლისების გაყიდვა მოხდება ინტერნეტით და ფეისბოქსებით, მაგრამ ნაღდი ფულით ყიდვის შემთხვევაში მომხმარებელს უნდა დავახვედროთ ოფისებიც. გარდა ამისა, დიდი ინვესტიცია ხორციელდება IT-ის კუთხით, ვინაიდან უნდა არსებობდეს ცენტრალური ბაზა დაზღვეული ავტომობილების, რათა მარტივად მოხდეს დაუზღვეველი ავტომობილების დაჯარიმება. მძიმე წონის ავტომობილი, როგორიცაა სატვირთო და ავტობუსი  დაჯარიმდებიან 200 ლარით, სხვა დანარჩენი 100 ლარით. დაჯარიმების შემდგომ ავტომობილის მფლობელს ეძლევა 2–დღიანი ვადა პოლისის შესაძენად. თუ ამ პერიოდშიც არ შეიძინა პოლისი შესაძლოა, ხელმეორედ დაჯარიმდნენ.
"კომერსანტი"
25.10.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia