როგორი იყო სადაზღვევო სექტორისთვის 2022 წელი, რა გამოწვევები რჩება და რა მოლოდინებია სამომავლოდ

როგორი იყო სადაზღვევო სექტორისთვის 2022 წელი, რა გამოწვევები იყო და  რას მოლოდინებია სამომავლოდ - ამის შესახებ რადიო კომერსანტის ეთერში სადაზღვევო ასოციაციის  ხელმძღვანელმა  დევი  ხეჩინაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, სადაზღვევო სექტორი კარგი ზრდის მქონე ინდუსტრია არაა, თუმცა არსებულ რთულ ვითარებაში სტაბილურობას ინარჩუნებს. მისივე განცხადებით, სექტორის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვევით მოცვა არ იზრდება.
„ბრუნვის ზრდა არის იგივე განზომილების, როგორიც ჩვენი  ეკონომიკის ზრდაა და დაახლოებით  10% - ს შეადგენს,  რაც სადაზღვევო სექტორისთვის კარგი მაჩვენებელი არაა.
მთავარი ბიძგი, რომელსაც სოციალური რისკების მართვისთვის იყენებენ არის სავალდებულო დაზღვევა, ამას იყენებს მთელი მსოფლიო საქართველოს გარდა.
საქართველოში 1 600 000 მანქანაა რეგისტრირებული და  აქედან სულ 100 000 - ია  დაზღვეული,  ანუ  ამ დაზღვევის ეკონომიკური მნიშვნელობა დაბალია. როდესაც ბევრი ადამიანი ერთვება დაზღვევაში და დაზღვევის სიკეთეებს იგებს, სექტორი წინ მიდის და ხდება სადაზღვევო ურთიერთობების განვითარება. ჩვენ განვითარებულ ქვეყნებს დაახლოებით ხუთჯერ ჩამოვრჩებით“, - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.
ხეჩინაშვილის  თქმით ეს არ ეხება მხოლოდ ავტომობილების დაზღვევას, არამედ ოჯახებში უნდა  შევიდეს იმის  შეგრძნება, რომ  დაზღვევა საჭიროა.
ხეჩინაშვილს მიაჩნია, რომ იმ საზოგადოებაში სადაც დაზღვევის კულტურა ისტორიულად არ  არსებობს, ამას გარკვეული ბიძგი სჭირდება.
რაც შეხება ავტომობილების  სავალდებულო  დაზღვევას,  დევი  ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ამაზე  პირდაპირი  კონსულტაციები მთავრობასთან ჯერ არ  ყოფილა , თუმცა იყო მოლოდინი, რომ ეს  თემა  დაიძვრება, რადგან ის  არის  ასოცირების  შეთანხმების ნაწილი.
„მე მგონია, ხვალ რომ სტარტი  ავიღოთ,  პარლამენტში დეტალებზე შეთანხმება ძალიან სწრაფად მოხდება და ადამიანებისთვის  ძალიან  საჭირო  სისტემა  დაფუძნდება. ჩვენი პოზიცია არის ასეთი : დაშენებული პროდუქტების შეზღუდვა არის აბსოლუტურად არასწორი და დამაზიანებელი, მათ შორის სახელმწიფო  ინტერესისთვის.
ჩვენთვის მდგომარეობა ასეთია,  რომ მოსახლეობით დაახლოებით ნახევარს,  პენსიონერებს, ღარიბებს და  ბავშვებს  აქვთ  უფლება, რომ დააშენონ პროდუქტები, შეინარჩუნონ  სახელმწიფო პროგრამები და  დაამატონ  დაზღვევით  ის, რაც სახელმწიფო პროგრამებს  აკლია.  დანარჩენ მოსახლეობას  ეს  ეკრძალება.  ეს  რასაკვირველია უნდა მოიხსნას,  ამას  არანაირი  აზრი  არ აქვს, ვერავინ ვერ იტყვის რატომ კეთდება  ეს.
პირველ რიგში ეს  უნდა  იყოს  მთავრობის  ინტერესი, რომ  ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, დაზღვევის  გზით  მოიწესრიგონ  ის  პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო პროგრამები  არ  აფინანსებს, მაგალითად კარგი  ამბულატორიული მომსახურება, წამლები და  ა.შ.
ვიცით,  რომ სახელმწიფო  პროგრამების  ნაწილში თანაგადახდების  ნაწილი  გაიზარდა , ასევე urgent - შიც   გაჩნდა, რაც ძალიან  საინტერესო და  კიდევ უფრო  მნიშვნელოვანია.
როდესაც ადამიანების თანაგადახდა იქნება მაღალი, ეს ადამიანები ისევ სახელმწიფოს  და  ბიუჯეტს მიადგებიან და მერიას ან სხვა უწყებას  სთხოვენ  დახმარებას . ეს  საკითხია, რომელიც  უნდა  გადაწყდეს,  ადამიანს  უნდაა მისცე ამის  საშუალება და მე ვფიქრობ  რომ ამას  მთავრობამ ხელი  უნდა შეუწყოს  რომ ადამიანებმა  ხარჯები  დაზღვევის საშუალებით შეიმსუბუქონ“ , - აღნიშნა  დევი  ხეჩინაშვილმა.

"კომერსანტი"
20.12.2022
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia