საქართველო ყველაზე “წამალთმოყვარე” ქვეყანა?!
მსოფლიო ბანკის, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტისა და “კურაციოს” ერთობლივმა კვლევამ ცხადყო, რომ ქართველები მთელ მსოფლიოში “წამალთმოყვარეობით” გამოვირჩევით და, რაც მთავარია, ეროვნული სამედიცინო დანახარჯებიდან 55%-ს სწორედ წამლებში ვიხდით(!). კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ევროპაში წამლებზე რეკორდული ფასნამატი გვაქვს და იტალია, რომელიც ევროპაში 49%-იანი მედიანური (საშუალო ფასი) ფასნამატით გამოირჩევა, დიდი უპირატესობით ჩამოვიტოვეთ უკან. საქართველოში ფასნამატი 102%-ს(!) შეადგენს და გასაკვირიც აღარ უნდა იყოს, ქართველები ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის 55%-ს წამლებში რომ ვიხდით, თუმცა სპეციალისტების აზრით, ასეთი ასტრონომიული ხარჯები მხოლოდ წამლის სიძვირით როდია განპირობებული. დევი ხეჩინაშვილი, ექსპერტი: – არსებობს ეროვნული დანახარჯების სტატისტიკა, სადაც დაფიქსირებულია ჯანდაცვაზე გაწეული ყველა დანახარჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გასწია, სახელმწიფომ თუ მოსახლეობამ. კვლევამ ცხადყო, რომ 2010 წელს ჯანდაცვაზე გაწეული ეროვნული დანახარჯი შეადგენს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტს. ამ სამედიცინო მომსახურების დანახარჯში 55% წამალზე მოდის. მსოფლიოს რომ გადავხედოთ, გამოდის, ქართველები გიჟები ვყოფილვართ, რადგან მსოფლიოში წამალში ამხელა ფულს არავინ იხდის. საქმე ის არის, რომ ქართველი მომხმარებლის უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს წამლის გენერიული ფორმა (წამლის პატენტი, რომელიც გაცილებით იაფია ორიგინალზე), რომლის ფასი გაცილებით დაბალია. ქართველები გაცილებით მეტ წამალსაც ვსვამთ. მაგალითად, თუ მსოფლიოში ერთი დაავადების სამკურნალოდ პაციენტს 2 სახეობის წამალი ჰყოფნის, ჩვენი პაციენტები იმავე შემთხვევაში ოთხი და მეტი სახეობის წამალს სვამენ.…


