ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. დაშენებულ პაკეტებზე კონცეფციას სადაზღვევო ბიზნესისგან ელოდება და როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ეს კონცეფცია ჯერ კიდევ არ მიუღია. კერძო სექტორში კი ამბობენ, რომ დოკუმენტაცია მინისტრის მოადგილეს ჯერ კიდევ გაზაფხულზე წარუდგინეს და ამ დრომდე ისინი პასუხს სარჯველაძის გუნდისგან ელიან.
დარგობრივ ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დაშენებული პაკეტების შემოღებით შემცირდება პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხები და ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება ბიუჯეტის ის რესურსი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა სხვა პროგრამებიდანაც იხარჯება.
“ვერ გეტყვით, რატო არ აკეთებენ 2017 წლის ძალიან არასწორი გადაწყვეტილების რევიზიას, რომელიც არაფერი არ უჯდება სახელმწიფოს და თან ნამდვილად გააუმჯობესებს, როგორც ადამიანების ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე, ისე ჯანდაცვის სისტემის მართვის უნარს. წელს ინტერესი იყო საკითხზე გამოთქმული ბატონი მინისტრის მოადგილის, ირაკლი სასანიას მხრიდან. ჩვენ შევხვდით, ვილაპარაკეთ და ამის ფონზე მივაწოდეთ ჩვენი კონცეფცია. რასაკვირველია, იქ დეტალები აკლია, რომელიც შემდეგ არის გასავლელი, მაშინ როცა ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორი ნაბიჯებით უნდა წარიმართოს პროცესი.
დარჩა, რომ დავსხდეთ ერთად, ვილაპარაკოთ პროფესიულად, არა ემოციურად, იმ ფიქრებზე, რაც გვაქვს იმ დროს, როცა ვზღუდავდით ამ ამბავს. რა საფრთხეებს ხედავს მთავრობა, მათ შორის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებით, უნდა მოხდეს დეტალების დაზუსტება და შემდეგ უკვე ამ შეზღუდვის მოხსნა.
არაფერი არ სჭირდება ამას, ეს არ არის რამე პრინციპული გადაწყვეტილება, ეს არის კონკრეტულ პროგრამაში შეზღუდვების მოხსნა. მართლა უცნაური ამბავია, როცა საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ეს შეზღუდვა არ ეხება, ხოლო მეორე ნახევარს, რომელიც შრომობს და დოვლათს ქმნის, იმას ეხება,”- ამბობს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.
“ბიზნეს მედია”







