საქართველო ყველაზე "წამალთმოყვარე" ქვეყანა?!

მსოფლიო ბანკის, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტისა და "კურაციოს" ერთობლივმა კვლევამ ცხადყო, რომ ქართველები მთელ მსოფლიოში  "წამალთმოყვარეობით" გამოვირჩევით და, რაც მთავარია, ეროვნული სამედიცინო დანახარჯებიდან 55%- სწორედ წამლებში ვიხდით(!). კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ევროპაში წამლებზე რეკორდული ფასნამატი გვაქვს და იტალია, რომელიც ევროპაში 49%-იანი მედიანური (საშუალო ფასი) ფასნამატით გამოირჩევა, დიდი უპირატესობით ჩამოვიტოვეთ უკან. საქართველოში ფასნამატი 102%-(!) შეადგენს და გასაკვირიც აღარ უნდა იყოს, ქართველები ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის 55%- წამლებში რომ ვიხდით, თუმცა სპეციალისტების აზრით, ასეთი ასტრონომიული ხარჯები მხოლოდ წამლის სიძვირით როდია განპირობებული.

დევი ხეჩინაშვილი, ექსპერტი: - არსებობს ეროვნული დანახარჯების სტატისტიკა, სადაც დაფიქსირებულია ჯანდაცვაზე გაწეული ყველა დანახარჯი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გასწია, სახელმწიფომ თუ მოსახლეობამ. კვლევამ ცხადყო, რომ 2010 წელს ჯანდაცვაზე გაწეული ეროვნული დანახარჯი შეადგენს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე მეტს. ამ სამედიცინო მომსახურების დანახარჯში 55% წამალზე მოდის. მსოფლიოს რომ გადავხედოთ, გამოდის, ქართველები გიჟები ვყოფილვართ, რადგან მსოფლიოში წამალში ამხელა ფულს არავინ იხდის

საქმე ის არის, რომ ქართველი მომხმარებლის უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს წამლის გენერიული ფორმა (წამლის პატენტი, რომელიც გაცილებით იაფია ორიგინალზე), რომლის ფასი გაცილებით დაბალია.
ქართველები გაცილებით მეტ წამალსაც ვსვამთ. მაგალითად, თუ მსოფლიოში ერთი დაავადების სამკურნალოდ პაციენტს 2 სახეობის წამალი ჰყოფნის, ჩვენი პაციენტები იმავე შემთხვევაში ოთხი და მეტი სახეობის წამალს სვამენ.

-
წამალი მწვადი და ხინკალი ხომ არ არის,რომ გვიყვარდეს...
-
მიზეზი ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების არაეთიკური თანამშრომლობაა. კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენს ექიმებს ბევრი წამლის გამოწერა "უყვართ", თანაც თუ მთელი მსოფლიო ცდილობს, გენერიკი მოიხმაროს, ჩვენ ბრენდებსა და ორიგინალებზე ვართ გადასული.

ახალი წამლის შექმნაში ფარმაცევტული კომპანია დიდ ფულს იხდის. შეიძლება მის შექმნაზე 10 წელიც ჰქონდეს ნამუშევარი. ბუნებრივია, ასეთი წამალი იაფი ვერ იქნება. მართალია, ეს წამალი ერთხანს დაცულია, მაგრამ განსაზღვრული დროის შემდეგ დაცვა ეხსნება და სხვა მწარმოებლებიც იწყებენ მის გამოშვებას. მზა ფორმულით ნაწარმოები წამალი გენერიკია, ანუ წამლის გენერიკული ფორმა. ამიტომ არის გაცილებით იაფი. ჩვენი ბაზარი კი რატომღაც ბრენდებით, ანუ ძვირად ღირებული წამლებით არის გაჯერებული. ფარმაცევტულმა კომპანიებმა როგორც კი შენიშნეს, რომ გენერიკებზეც დაიწყო მოთხოვნა, ფასები გენერიკებზეც გაზარდეს.

-
გენერიკი და ორიგინალი ერთნაირად ეფექტიანია?
-
ამას სპეციალური კვლევა სჭირდება, რასაც წამლის ბიოეკვივალენტურობა ჰქვია. კარგი გენერიკი შეიძლება ზუსტად ისეთივე ეფექტის მქონე იყოს, როგორიც ორიგინალი, ზოგიერთი კი შეიძლება ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს.

-
მაშ,რატომ უნდა მოიხმაროს მოსახლეობამ საეჭვო გენერიკი?
-
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბაზარზე არსებული წამლის ხარისხის სანდოობა, თორემ გენერიკზე კი არ უნდა ვთქვათ უარი. მაგალითად, ართრიტის მკურნალობა 1000 პაციენტს ბრენდით 41.200 ლარი დაუჯდება, გენერიკით კი 8.400. ამას ისიც ემატება, რომ ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების ურთიერთობა არ არის 

დარეგულირებული კანონით თუ ეთიკური ნორმებით.

-
.. ექიმები ფარმაცევტულ კომპანიებთან არიან შეკრული?
-
მოდი,ასე ვთქვათ, - მჭიდრო კონტაქტი აქვთ.

დავიწყოთ იმით, რომ ფარმაცევტული კომპანიები აფინანსებენ სამედიცინო კონფერენციებს და დავამთავროთ იმით, რომ ექიმები საკომისიოებს იღებენ დანიშნული წამლიდან.
მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ურთიერთობა კანონით იკრძალება. წამლის დანიშვნის დროს ევროპის ქვეყნებში გაიდლაინითა და პროტოკოლით მოქმედება სავალდებულოა, თუ მას ექიმი გადაუხვევს, ასაბუთებს კიდეც. როდესაც ექიმებს ვკითხეთ: - ვთქვათ, დაადგინეთ, რომ წამალი არ მოქმედებს, ვის ატყობინებთ? - გვიპასუხეს, კოლეგებსა და ფარმაცევტულ კომპანიასო. კი მაგრამ, რატომ ფარმაცევტულ კომპანიას? რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ექიმს ფარმაცევტულ კომპანიასთან? თუ ფარმაცევტული კომპანიების გავლენა ექიმებზე არ შემცირდება, წამლის გაიაფების პერსპექტივა ნაკლები გვაქვს.

-
საქართველოში წამალი ისე შემოდის,რომ მისი ბიოეკვივალენტურობა არ მოწმდება?
-
საკმარისია მხოლოდ შემომტანმა კომპანიამ წარმოადგინოს დოკუმენტი, რომ იმ ქვეყანაში, საიდანაც წამალი შემოდის, წამალი რეგისტრირებულია და ყველა კვლევა აქვს ჩატარებული. ჩვენი კანონმდებლობა ამბობს, რომ თუ გერმანელისთვის კარგია წამალი, ქართველისათვისაც გამოდგება. მაგრამ გერმანელ მოქალაქეს შეუძლია თავის ჯანდაცვის სამინისტროს მოსთხოვოს პასუხი, რადგან წამლის ხარისხზე ის არის პასუხისმგებელი. ქართველი პაციენტი რომ გერმანიაში შემოწმებულ წამალს აქ ჩაყლაპავს, ვაითუ დააზარალოს, ვის უნდა უჩივლოს? გერმანიის წამლის სააგენტო მოხედავს? უცხოეთიდან შემოტანილ წამლებს რომ თავი დავანებოთ, ქართული წამლის ხარისხი რითია გარანტირებული?

09.04.2012
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia