აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის ფარგლებში ასანაზღაურებელმა ზარალმა მილიონ-ნახევარს გადააჭარბა
აგროდაზღვევის
საპილოტე პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპისთვის პროექტის 20 ათასამდე პოლისია
გაყიდული. სადაზღვევო კომპანიების მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ კი,
მილიონ ნახევარს გადააჭარბა.
პროექტში სულ 4 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს, ესენია: „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „ალდაგი ბი სი აი“, „ირაო“ და „აი სი ჯგუფი“. ირკვევა, რომ ზოგიერთი სადაზღვევოს ბენეფიციარებს ამ დრომდე ზარალი არ
მიუღიათ, სადაზღვევოების მეორე ნაწილს კი ათასობით ლარის ანაზღაურება
მოუწევს.
მიზეზი
კი ისაა, რომ „ალდაგსა“ და „აი სი ჯგუფს“ ბენეფიციარები აღმოსავლეთ
საქართველოში ჰყავს დაზღვეული, ამ პერიოდის განმავლობაში კი ზარალი
ძირითადად აჭარისა და გურიის რეგიონებს მიადგათ, სადაც ძირითადად „ირაო“ და
„ჯი პი აი ჰოლდინგი“ ოპერირებენ.
როგორც
„კომერსანტს“ სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ განუცხადეს, აჭარასა და
გურიაში 10 ათასამდე ბენეფიციარი ჰყავთ დაზღვეული, რომელთა საკმაოდ დიდ
ნაწილს დეკემბერში ზარალი მიადგა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დეკემბერში ზარალის შესახებ 4200-მდე შეტყობინება მიიღეს, საერთო ზარალმა კი მილიონ 200 ათასი შეადგინა.
„ამ
ეტაპისთვის ჩვენს მიერ ანაზღაურებული ზარალი დაახლოებით, მილიონს
უტოლდება. 90% ჩვენი ბენეფიციარების არიან დაკმაყოფილებული“,- აცხადებენ
„ირაოში“.
აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის ფარგლებში 400 000 ლარს აანაზღაურებს „ჯიპიაი ჰოლდინგი“. სადაზღვევო
კომპანიაში აჭარიდან და გურიიდან 1500-ზე მეტი განაცხადია შესული ზარალის
ანაზღაურებაზე. კომპენსაციების გაცემის პროცესი დეკემბერშივე დაიწყო და
თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება.
„წელს
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ აგროდაზღვევის ფარგლებში სულ 5000-ზე მეტი პოლისი
გასცა. ზარალიანობა საკმაოდ დიდია. მოგეხსენებათ, შემოდგომაზე რამდენიმეჯერ
იყო სეტყვა და ძლიერი წვიმა, რამაც ძალიან ბევრი ფერმერი დააზარალა. თუმცა
აგროდაზღვევის არსიც სწორედ ეს არის , რომ სტიქიური მოვლენებისგან
ფერმერმა თავი დაიცვას და არ იზარალოს. ჩვენ გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ
წელს პირველი წელია და პირველი გამოცდილებაა ფერმერბისთვის და მივიღეთ ის
განაცხადებიც კი, რომელიც ორი, სამი კვირის დაგვიანებით მოვიდა ჩვენამდე -
ყველა სახის შეღავათს ვუწევთ ფერმერებს, რომ რეალური სარგებელი დაზღვევიდან
მიიღონ“ ,- აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა
ლომაძე.
კომპანია
„ალდაგს“ ამ ეტაპისთვის 4 ათასი პოლისი აქვს გაყიდული. მათი ბენეფიციარები
ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში არიან, ამიტომ კომპანია საგაზაფხულოდ
მიღებული ზარალისთვის ემზადება.
სადაზღვევოში
აცხადებენ, რომ აგროდაზღვევის ბაზარზე დიდი გამოცდილება აქვთ,
განსაკუღებით ბოლო 3 წლის განმავლობაში კი 2 მილიონამდე ზარალი აქვთ
აანღაურებული, ამიტომ კომპანია აგროდაზღვევის პროექტში დარჩენას მომავალშიც
გეგმავს.
რაც
შეეხება IC group-ს, კომპანიას ამ ეტაპისთვის 800 პოლისი აქვს გაყიდული,
თუმცა, ზარალი ჯერჯერობით არც აქ ფიქსირდება. რისკების დადგომას კომპანიაში
გაზაფხული ზაფხულის პერიოდში ელოდებიან. IC group-ში ამ ეტაპზე აგროდაზღვევის პროექტით კმაყოფილები არიან.
„ამ
ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის დამუშავება. პროექტში ჩართულია სახელმწიფო
და სადაზღვევო კომპანიები, სადაც მუდმივად მიმდინარეობს შენიშვნების და
წინადადებების დამუშავება“,- აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ აგროდაზღვევის პრეოქტში ჩართვას მომავალშიც გეგმავენ. მათ ინფორმაციით, პროექტი სარგებლიანია როგორც სადაზღვევო კომპანიისთვის ასევე ფერმერებისთის.
პროექტის ამუშავებიდან რამდენიმე კვირაში აგროდაზღვევიდან კომპანია „ქართუ“ გავიდა, თუმცა, სადაზღვევოს მიზეზები არ განუმარტია.
პროექტი საპილოტე რეჟიმში არსებობს და მასში სახელმწიფო სუბსიდირების ფორმით არის ჩართული. ხელისუფლება სადაზღვევო
პაკეტის ღირებულების 70%-დან 90%-მდე იხდის, ზოგიერთ შემთხვევაში კი
95%-მდეც. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. პროექტი საპოლოტეა და
მომავალი წლის პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.
"კომერსანტი"
20.02.2015