Playboy–ს ყოფილი გენდირექტორი უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას უხელმძღვანელებს
Playboy–დან სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში – სკოტ ფლენდერსმა ამერიკული კომპანიის Playboy Enterprises Inc–ის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა და ამერიკის სამედიცინო დაზღვევის უმსხვილეს ბირჟას eHealth Inc–ს ჩაუდგა სათავეში. საგამომცემლო კომპანიის დროებით მმართველად კი ფონდ Rivzi Traverse–ის მმართველი პარტნიორი ბენ კოენი დაინიშნა. ინფორმაციას Playboy ავრცელებს.
ფონდმა Playboy–ს დამაარსებელ ჰიუ ჰეფრენთან ერთად კომპანია 2011 წელს შეიძინა.
ფლენდერსი, ახალ თანამდებობაზე გადასვლის პარალელურად, კომპანიის დირექტორთა საბჭოში დარჩება და მასში საკუთარ წილს შეინარჩუნებს. ეს წილი კი, MarketWatch–ის ინფორმაციით, 5–6%–მდე აღწევს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ Playboy შესაძლოა გაიყიდოს. ექსპერტები მის ღირებულებას დაახლოებით 500 მილიონ დოლარად აფასებენ. ბაზარზე მომხდარი ცვლილებების გამო ჟურნალის ტირაჟი 5,6 მილიონიდან (1975 წელი) 800 ათასამდე ჩამოვიდა.
"კომერსანტი"
02.06.2016