ალდაგი მოქალაქეების სამოგზაურო ტურებს დააზღვევს
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე 3 დღე დარჩა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ევროპის მიმართულებით წამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მოქალაქეებს სამგზავრო ხარჯების დაზღვევასა და ანაზღაურებას სთავაზობს. საუბარია, ავიაბილეთისა და სასტუმროს საფასურის ანაზღაურებაზე.
როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხარჯების ანაზღაურება რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის დროსაც მოხდება.
გარდა ამისა, კომპანია ხარჯებს ისეთ შემთხვევებშიც აანაზღაურებს როგორიცაა: სასამართლოში მოწმის სახით ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკითხვაზე გამოძახება; სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა; დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება; დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის უეცარი და მოულოდნელი ავადმყოფობა და ტრავმა და საცხოვრებელი სახლის/ბინის განადგურება ან დაზიანება.
ანაზღაურების ლიმიტი ათასი ლარიდან 5 ათას ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ტურის დაზღვევის პოლისს, მის გასაფორმებლად მოქალაქეებს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი დასჭირდებათ.
ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტიდან შევა ძალაში. შედეგად, ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი და ევროკავშირისკენ მოკლევადიანი ვიზიტით მიემართება, ამ ვიზიტის განხორციელება უვიზოდ შეეძლება. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში შეძლებენ.
"bpn" ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეები
25.03.2017