კიბერდაზღვევა - ”ალდაგის” უნიკალური შეთავაზება მომხმარებელს

სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, 21–ე საუკუნეში კიბერ რისკების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს. ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. კიბერთავდასხმის ობიექტებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. 
ამ რეალობიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი” მომხმარებლებს უნიკალურ პროდუქტს - კიბერდაზღვევას სთავაზობს. 
რას ითვალისწინებს სადაზღვევო პოლისი, ვის შეუძლია მისი გამოყენება და რა რისკებს დაფარავს აღნიშნული დაზღვევა, ამ საკითხზე ”ალდაგის” გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი გვესაუბრება.
-ბატონო გიორგი, რატომ გახდა აქტუალური კიბერდაზღვევა საქართველოსთვის?
-კიბერდაზღვევა 21-ე საუკუნეში აქტუალურია, ვინაიდან კიბერდანაშაული ძალიან მძიმე დანაშაულთაგან ერთ-ერთია, რომელსაც განვითარებული მსოფლიო წააწყდა. კიბერდაზღვევა ნიშნავს კომპანიის ელექტრონულ ინფორმაციაზე თავდასხმას, ინფორმაციის წაღებას ან მთლიანად კომპანიის გაჩერებას. შარშან არაერთი ფაქტი ვნახეთ მსოფლიოში, სადაც კიბერდამნაშავეები შედიან სხვადასხვა კომპანიების სისტემებში, აჩერებენ მათ, სთხოვენ უზარმაზარ გამოსასყიდ თანხას ან საერთოდ უბლოკავენ მათ საოპერაციო სისტემებს. ეს დიდი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. 
-რას ფარავს კიბერდაზღვევის პოლისი?
-კიბერდაზღვევას ძალიან ფართო დაფარვა აქვს. პირველ რიგში ფარავს ორგანიზაციის თანამშრომლის მხრიდან შეცდომის დაშვებას, სისტემის დაბლოკვას ან არასწორ გამოყენებას. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დაზღვევა არა მესამე პირების შემოსვლას, არამედ კომპანიის თანამშრომლის შეცდომებსაც აზღვევს. აქ იფარება როგორც ელექტრონული სისტემები, ასევე აპარატურა, სერვერები, კომპიუტერები და ა.შ. ასევე დაფარულია ელექტრონული დენის ცვალებადობით მიყენებული ზიანიც. 
მეორე კომპონენტი, რასაც დაზღვევა ფარავს, თანამშრომლის მიერ არასწორი ინფორმაციის შეყვანა, ან ინფორმაციის გატანა კომპანიიდან - ანუ ადმინისტრაციული და საოპერაციო პერსონალის მიერ დაშვებული შეცდომები ან ინფორმაციის გატანა. 
მესამე და მთავარი კომპონენტი ამ დაზღვევის ფარგლებში, კომპიუტერული თავდასხმაა. ხშირად გვესმის საერთაშორისოო მედიის მხრიდან, რომ მოხდა კიბერთავდასხმა ბანკზე, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე, აეროპორტებსა და კომპანიებს მილიონობით ზარალი მიადგათ. 
ამან გამოიწვია კიბერდაზღვევის განვითარება. საქართველოში ”ალდაგი” პირველია, ვინც ამ პროდუქტს სთავაზობს კომპანიებს. უკვე აქტიურად დავიწყეთ მისი შეთავაზება ჩვენი პოტენციური კლიენტებისთვის.
-ვინ არიან თქვენი პოტენციური კლიენტები?
-ამ პოლისის ყიდვა შეუძლია და კარგი იქნება, რომ იყიდოს ყველა იმ კომპანიამ, რომლებიც დიდი მოცულობით ელექტრონულ ინფორმაციას ამუშავებს - ბანკები აეროპორტები, კლინიკები და ჰოსპიტლები, სახელმწიფო ორგანიზაციები - საჯარო და სამოქალაქო რეესტრები. კარგი აქ ისაა, რომ ეს პოლისი ფარავს როგორც პირველი პირისთვის - კომპანიისთვის მიყენებულ ზიანს (ინფორმაციის აღდგენა, სერვერების გამოცვლა ან გაკეთება), ასევე, ბიზნესის შეჩერებით გამოწვეულ ზიანსაც კი. მაგალითად, თუ ბანკმა კიბერთავდასხმის შედეგად შეაჩერა ან შეწყვიტა მუშაობა, რა ზიანიც მას მიადგება, რა მოგებაც უნდა ენახა, აუნაზღაურდება. ალდაგის კიბერდაზღვევა ასევე, ფარავს მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობას. მაგალითად, პირის ანგარიშიდან მოხსნეს თანხა, ან პირის პირადმა ინფორმაციამ გაჟონა და ამით მას მორალური ზიანი მიადგა, ამ შემთხვევაშიც პოლისი ამას დაფარავას. ასევე იფარება გამოსყიდვის თანხები. კიბერდანაშაულის ძალიან გავრცელებული ფორმაა, ჰაკერების მიერ საოპერაციო სისტემების დაბლოკვა. მაგალითად, ბანკს დაუბლოკეს სისტემა, შემდეგ დაუკავშირდნენ მას და მოსთხოვეს ამ ბლოკის მოხსნის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონის გადახდა. ამ შემთხვევას პოლისი ითვალისწინებს და სადაზღვევო შემთხვევად ითვლება ზუსტად ამ თანხის ანაზღაურება; რაც ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანია. სადაზღვევო კომპანიას უღირს აანაზღაუროს ეს ხარჯი, ვიდრე უფრო ღრმად წავიდეს პროცესი და ბევრად დიდი ზიანი მიადგეს კომპანიას. 
- იყო თუ არა ქართული ბაზარი წინასწარ შესწავლილი, როდესაც ასეთი პროდუქტის შეთავაზება გადაწყვიტეთ?
-”ალდაგი” ქართულ ბაზარზე უკვე 27 წელია ოპერირებს და ვცდილობთ მსოფლიო თანამედროვე ტენდენციებს ავყვეთ, ის პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, რაც მსოფლიოშიც აპრობირებულია. დღეის მდგომარეობით, უკვე ერთი პოლისი გვაქვს გაცემული და მეორე კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მინდა აღვნიშნო, რომ, ეს არ არის მარტივი პოლისი, ყველა დეტალი დაწვრილებით შესასწავლია - ფინანსური საკითხებიდან დაწყებული თანამშრომლების ტრენინგებით დამთავრებული. იმედი გვაქვს, რაღაც დროის შემდეგ, ეს პროდუქტი მეტად პოპულარული გახდება და კომპანიები რისკებს უკეთ შეაფასებენ. 
-რა ღირს კიბერდაზღვევის პოლისი, საიდან იწყება მინიმალური ფასი ან რის მიხედვით ანგარიშდება ის?
-თანხის დასახელება გამიჭირდება. ეს ბევრად რთული პოლისია, ვიდრე მანქანის დაზღვევა. რისკის შეფასების ბევრი შემადგენელი ნაწილია, საიდანაც ფასი ითვლება. არის განაცხადი, არის ოპერაციული დაცვის სისტემები, რომელიც კომპანიას უყენია; გასარკვევია, რა ტრენინგებს უტარებს კომპანია თავის თანამშრომლებს, გააჩნია კომპანიის ზომასაც, რა ბრუნვა აქვს, რა ზომის ზარალს გამოიწვევს მისი გაჩერება და ა.შ. ამიტომ ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნება ფასის დასახელება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლიენტს შეუძლია თვითონ აირჩიოს პაკეტიდან რა რისკების დაზღვევა სურს და თავის კომპანიაზე მორგებულ პოლისს შევთავაზებთ. მათ შორის მედიასაშუალებებსაც, რადგან ისინიც აგროვებენ და ინახავენ დიდი მოცულობით ინფორმაციას. კიბერდაზღვევა ასევე მოიცავს რეპუტაციის ზიანის რისკის დაზღვევასაც. ეს, რა თქმა უნდა, შეფასებადი და დათვლადი უნდა იყოს.

"ინტერპრესნიუსი"
28.09.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia