დევი ხეჩინაშვილი: ახალი დაგროვებითი საპენსიო სისტემა, კერძო საპენსიო ფონდებს ბაზრიდან განდევნის

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები, როგორც წესი, საკუთარი სიბერის დაგეგმვაზე იწყებენ ფიქრს, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი პენსიას უკავია. დღევანდელი საპენსიო სისტემა სახელმწიფო პენსიასა და კერძო დაგროვებით ფონდებს ეფუძნება. სახელმწიფო პენსია, რომელიც, ფაქტობრივად, სოციალური დახმარებაა საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის, ოდნავ აჭარბებს (180 ლ.) ოფიციალურ საარსებო მინიმუმს (167 ლ.). ახალ საპენსიო მოდელზე კი საქართველო 2019 წლის 1 იანვრიდან გადადის. თუმცა ქვეყანაში წლებია არსებობს  კერძო სადაზღვევო ფონდები, რომელის სპეციალისტების განცხადებით, პოპულარული ვერ გახდა.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით, არასახელმწიფო საპენსიო სქემაში მხოლოდ 22 507 ადამიანია ჩართული და საპენსიო რეზერვები 24 მილიონ ლარს შეადგენს.
„ჯიპიაი“ ჰოლდინგის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი ამბობს, რომ მათ საპანსიო ფონდში 12 000 წევრია, აკუმულირებული თანხა კი 5 000 000 ლარს შეადგენა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
რატომ ვერ იმუშავა არასახელმწიფო საპენსიო სისტემამ საქართველოში?
„პირველი, რაც კერძო საპენსიო ფონდების საქმინობას უწყობს ხელს, ეს არის კარგად ორგანიზებული სისტემა, რომელიც არ მუშაობს ქვეყანაში. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არ აძლევს გარკვეულ შეღავათს , რომ თავისი შემოსავლის ნაწილი დააგროვოს ასეთ ფონდებში. სწორედ ამიტომ არანაირი ინტერესი არ არსებობს და კერძო საპენსიო ფონდი ვერ ვითარდება“ - ამბობს თინა სტამბოლიშვილი.
პირველად საქართველოში 2001 წელს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ შექმნა საპენსიო დაზღვევა. „ ალდაგი ბისიაი“ იგივე პროდუქტით ბაზარზე 2005 წელს შემოვიდა. 2013 წელს ანალოგიური შემოთავაზებით ბაზარზე სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ -იც გამოდიოდა. დღეს ეს ორი ფონდი ბაზაეზე ისევ ოპერირებს. 
საპენსიო ფონდის მონაწილე მთელი შრომითი საქმიანობის პერიოდში აკეთებს შენატანებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე. მისი პენსიის ოდენობა საპენსიო ასაკის მიღწეევისას დაგროვილი თანხის ოდენობით განისაზღვრება. იგი თავად განსაზღვრავს გადახდის ფორმას, ვადებს, თანხებს, ასევე შესაძლებლობა აქვს თავად ადევნოს თვალი საკუთარი საპენსიო დანაგროვის ფორმირების პროცესს.
სადაზღევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიების საპენსიო ფნდები, თვიდანვე მარცხითვის იყო განწირული:
„იმიტომ ვერ იმუშავა, რომ საქართველოში, ფაქტობრივად,  ისჯებოდა დაგროვება. კერძო ფონდებში დაბეგრილი ფული უნდა დაეგროვებინათ ადამიანებს. 1998 წელს კანონი რომ დაიწერა არასახელმწიფო პენსიის შესახებ, მაშინვე ცნობილი იყო რომ თუ არ იქნებოდა ფისკალური ხელშეწყობა, ძალიან მცირე რაოდენობის ბენეფიციარები ჩაერთვებოდნენ ამ სქემაში. რეალურად ასეც მოხდა. ყველა ვარიანტში თუ გინდა რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა განვითარდეს, ამას საგადასახადო კუთხით უნდა შეუწყო ხელი. 20% -იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილ ფულს ვინ შეიტანს კერძო ფონდში?“
დარჩებიან თუ არა კერძო საპენსიო ფონდები ბაზარზე 2019 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდეგ?
„ფონდის გაუქმების საკითხი არ დგას, ფიზიკური და იურიდიული წევრების შემონატანები 5 მილიონი ლარია და ჩვენს მომხმარებელს ვემსახურებით. ამ დროისათვის საპენსიო შენატანზე წლიურად დარიცხული საპროცენტო განაკვეთი 5 % -ს შეადგენს“ - ამბობს სტამბოლიშვილი.
სადაზღევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი კი ფიქრობს, რომ საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდეგ კერძო საპენსიო ფოდების არსებობა აზრს დაკარგავს:
„არ გამოვრიცხავ, რომ კერძო საპენსიო ფონდების ბენეფიციარებმა ფული გაიტანონ და ახალ საპენსიო სქემაში ჩართვნენ. რადგან სქემა საკმაოდ მომგებიანია. თავად დასაქმებული ახორციელებს შენატანს მისი დაუბეგრავი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ორი პროცენტის ოდენობით. ამასთან ერთად, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულია, რომ დასაქმებულს გადაუხადოს მისი დაუბეგრავი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ორი-ორი პროცენტის ოდენობის საპენსიო შენატანი . ამ სქემაზე ვინ იტყვის უარს? „
დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. რეფორმა ვრცელდება იმ საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არ მქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.
შენატანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ყველა დასაქმებულს, თუმცა რეფორმის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ ის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც 40 ან მეტი ასაკის არიან, შეძლებენ ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა და მათ მოეხსნებათ გადახდის ვალდებულება. სისტემის დატოვებისთვის ამ კატეგორიის ადამიანებს ექნებათ 2 თვე.
"კომერსანტი"
08.08.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia