საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარას“ ახალი მფლობელი ჰყავს
სადაზღვევო კომპანია „კამარა“ კომპანიამ „მეტრო ჰოლდინგი“ და შპს-მ „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ იყიდა. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნულ გარიგებაზე მხარეებს თანხმობა უკვე მისცა.
„მოხარული ვართ, რომ მივიღეთ თანხმობა და შევძლებთ ჩვენს პარტნიორთან ერთად წვლილი შევიტანოთ საქართველოში სადაზღვეო სექტორის განვითარებაში. გვჯერა, რომ წარმატების საწინდარი ღია, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ბიზნესის წარმოებაა გამოცდილ მენეჯერებთან ერთად. კომპანიის განვითარებისთვის დიდი წარმატებაა, რომ ჩვენი მოწვევით სწორედ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ ბატონი დიმიტრის კომპანიას ჩვენივე ინიციატივით გამოვუყავით ფინანსური რესურსი (სესხი) რათა სწორედ ეს კომპანია გამხდარიყო ჩვენი პარტნიორი, ბატონი დიმიტრი დაგვთანხმდა და დღეს შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დარწმუნებული ვართ კომპანია წარმატებული იქნება და შევძლებთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში წვლილის შეტანას“, - განაცხადა „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა.
აღსანიშნავია, რომ „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან სს „საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია კამარა“-ს აქციების შეძენის შესახებ, თანხმობის მიღებამდე გაიარა არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა.
შესწავლილ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირ(ებ)ის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ გარიგების ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მნიშვნელოვანი წილის შემძენმა აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა - დიმიტრი ქუმსიშვილმა, შალვა ახრახაძემ და ოზგურ გუვენმა დააკმაყოფილეს დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებული აქციონერების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები.
კრიტერიუმები გულისხმობს შემდეგს:
პირს ეკრძალება იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის; ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა;
არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას;
თუ წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა.
„მეტრო ჰოლდინგის“ შესახებ: სააქციო საზოგადოებისა და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა სხვადასხვა დროს მერყეობდა 1000-დან 2000-მდე. გარდა ბიზნეს საქმიანობისა, გალიფ ოზთურქი აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. მთავრობის მიერ დაფუძნებულ სოლიდარობის ფონდში შემოწირულობის სახით ჩარიცხა 3 მილიონი ლარი, გალიფ ოზთურქის ინიციატივით საცხოვრებელი ბინით დასაჩუქრდა რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი ბათუმში. გალიფ ოზთურქი კვლავაც აგრძელებს საქართველოში საქმიანობას, რომელიც გულისხმობს როგორც ბიზნეს, ასევე საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას ქართველი ხალხის დახმარების მიზნით.
გარიგებას ადასტურებს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი: „ვადასტურებ, რომ სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჯორჯიამ“ და შპს „ახალმა საინვესტიციო შესაძლებლობებმა“ კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღეს თანხმობა დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოდან, საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია კამარას 100% წილის შესყიდვაზე.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ გალიფ ოზთურქს, რომელმაც მიმიწვია აღნიშნულ კომპანიაში, მაქსიმალურად ხელი შემიწყო გავმხდარიყავი პარტნიორი და წარმადგინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
რაც ეხება კომპანიას, თავისი ოპერაციებით საკმაოდ პატარა კომპანიაა, სადაზღვეო ბაზარი ძალიან კონკურენტულია, შესაბამისად, ძალიან დიდი ენერგია იქნება ჩასადები ბაზარზე წილის მოსაპოვებლად.
დამატებით გაგიმხელთ, რომ სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად, კერძო სექტორში, ძალიან აქტიურიად ვმუშაობ სტარტაპ და ელკომერციის ეკოსისტემის განვითარებაზე, ქვეყანაში ინესტიციების და საუკეთესო საერთაშორისო კომპანიების მოზიდვაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
"bpn"
07.02.2020