სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ სადაზღვევო ინდუსტრიის 2021 წლის 6 თვის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოგებაზე საუბარი ნახევარი წლის მონაცემების საფუძველზე,არაკორექტულია.
„რაც ახლა კარგად ჩანს არის ჯანმრთელობის დაზღვევა. მას ჩვენს ბაზარზე ყველაზე დიდი წილი აქვს, ყველაზე დიდი ზარალიანობითაც გამოირჩევა, გასულ წელთან შედარებით ამ ნაწილში გაზრდილია ზარალიანობა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი შემცირებული იყო, რამდენადაც პანდემიის გამო საზოგადოება მაინც თავს იკავებდა გეგმიური სამედიცინო სერვისებით სარგებლობისგან, ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა, მოხმარებაც არის და მიუახლოვდა 2019 წლის დონეს. ეს თავისთავად მოქმედებს მომგებიანობის მაჩვენებელზე,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.
მისივე განცხადებით, დადებითია ის, რომ სამედიცინო სერვისების მოხმარება დასტაბულურდა. მნიშვნელოვანი მატებაა სიცოცხლის დაზღვევის ნაწილშიც, რაც ძირითადად, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ იპოთეკურ პროგრამებთანაა დაკავშირებული.
„ფაქტია, რომ ინდუსტრია მუშაობს და დიდი რყევები არ არის, თუ არ ჩავთვლით სამოგზაურო დაზღვევის ნაწილს და ეს ბუნებრივია,“-აცხადებს ხეჩინაშვილი.
შეგახსენებთ, სადაზღვევო ინდუსტრიამ პანდემიის მეორე წლის პირველი ნახევარი შემცირებული მოგებით დახურა. 2021 წლის I ნახევარი კომპანიებს წლიურად მოგება 11.5 მლნ-ით (39.3%), 17.7 მლნ-მდე შეუმცირდათ (2020/07 - 29.2).
შემცირებულია მზღვეველების სადაზღვევო მოგებაც 89.5 მლნ-დან 83,1 მლნ-მდე.
სამაგიეროდ გაზრდილია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული თანხის მოცულობა 377 მლნ-დან 448,6 მლნ ლარამდე.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1.034 მლრდ ლარია, კაპიტალი 278,6 მლნ.
სადაზღვევო ინდუსტრიამ COVID პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად 2020 წელი 47.6 მლნ-იანი წმინდა მოგებით დაასრულა, წლიური ზრდა 90% იყო. პანდემიამ განაპირობა ისიც, რომ სადაზღვევო კომპანიებს შარშან საზედამხედველო კაპიტალის გაზრდა გადაუვადდათ, 2021 წლის ბოლომდე.
ამ დროისთვის ინდუსტრიისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 4,2 მლნ ლარია, მომავალში კი მისი 7,2 მლნ ლარამდე ზრდაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 31 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
"კომერსანტი"
08.09.2021
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia