კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემის კანონპროექტის მიღება შემოდგომაზე იგეგმება - რა რეკომენდაციები აქვს სადაზღვევო სექტორს?

აზიის განვითარების ბანკმა თბილისში კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემის კანონპროექტის განხილვას უმასპინძლა ბაზრის მონაწილეებთან. კონსულტაციის თანაორგანიზატორი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. როგორც ADB-ში აღნიშნავენ, სადაზღვევო კომპანიებთან, აქტივების მმართველ ორგანიზაციებთან და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული მოსაზრებები და უკუკავშირი გათვალისწინებული იქნება კანონპროექტის მომზადების პროცესში.
რა სიახლეები ამ მიმართულები, რა შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდა სადაზღვევო სექტორს და როდის იგეგმება კანონპროექტის განხილვის დაწყება, ამ თემაზე „კომერსანტთან“ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, კერძო საპენსიო სქემები მრავალი წელია, მოქმედებს, თუმცა ბოლო პერიოდში მათში ჩართული ადამიანების რაოდენობა მცირდება. მსგავსი სქემების განვითარებისთვის ფისკალური სტიმულების შექმნა აუცილებელია, რათა ქვეყანა ე.წ. სამსვეტიან მოდელზე გადავიდეს – პირველი სვეტი სახელმწიფო პენსიაა, მეორე სავალდებულო დაგროვებითი სისტემა, მესამე სვეტი კი კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სქემების განვითარებაა. 
„კერძო ნებაყოფლობითი სისტემა არის დიდი თემის ნაწილი ანუ კაპიტალის განვითარების საკითხს ვგულისხმობ. აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვანი ჩართულობაა და უკვე მოლოდინი არსებობს, რომ როგორც კი სექტემბერში გამოცხადდება საპარლამენტო სესია ეს კანონპროექტი შევა პარლამენტში და წლის ბოლომდე მიიღებენ. ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის, მიდის მოლაპარაკებები მთავრობასთან უმნიშვნელოვანეს ნაწილზე, თუ როგორი ფისკალური სტიმულირება ექნება ამ პროდუქტს.
ადრე როდესაც არასაპენსიო სქემები იქმნებოდა, ტექნიკურად ყველაფერი კეთდებოდა, მაგრამ ამ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს გვიტოვებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ამაზე მთავრობასთან ისაუბრეთო. ეს პატარა მატრიცასავეთ არის, როდესაც ქართული ვარიანტი იქნება მზად და გვეტყვიან თუ როგორია ეს მატრიცა, ჩვენს ჩვენის მხრივ პატარა პროგრამას დავწერთ და მერე შეგვეძლება ცვლადების ცვლით, ვნახოთ მთავარი, თუ როგორი უნდა იყოს ის ფისკალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან ამ არასახელმწიფო პენსიის, რომელიც ჩვენ და იმ კომპანიებს ვინც ამით დაინტერესდებიან მოგვცემს საშუალებას ეს პროდუქტი გავყიდოთ. რადგან ეს საკითხი სერიოზულად განიხილება, მეორე თემაა რომელიც ტექნიკურად გამართულად უკვე არსებობს არის სიცოცხლის დაზღვევის სპეციალიზირებული პროდუქტების ფისკალური მხარდაჭერა. გვინდა ეს ორი საკითხი ერთიანად გავიდეს პარლამენტში, რადგან კაპიტალის ბაზარსაც ერთიანად მოემსახურებიან და ადამიანებსაც, ასევე ბევრად უფრო მოქნილი იქნება სიტუაცია. გვაქვს დაპირება, რომ შემოდგომაზე ეს საკითხი უნდა დამთავრდეს, თუმცა შემდეგ 2023 წლის განმავლობაში იქნება მოსამზადებელი პერიოდი, ხოლო 2024 წლიდან შესაძლოა ეს ყველაფერი ამოქმედებული იყოს.
დღეს სიცოცხლის დაზღვევა ძირითადად იპოთეკურ სესხთან არის მიბმული, ეს თუ დაგროვებითი გახდა, ძალიან კარგი იქნება. პრინციპში, პენსია თუ სიცოცხლის დაზღვევა დაახლოებით ერთი და იგივეა, უბრალოდ სხვადასხვა ფორმა აქვს. უფრო მეტი დეტალი უახლოეს პერიოდში გვეცოდინება,“ — ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურში რეგისტრირებულია 4 არასახელმწიფო საპენსიო სქემა, რომელთაგანაც 3 სქემის დამფუძნებელს წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაცია, ხოლო ერთი სქემა დაფუძნებულია არამზღვეველი იურიდიული პირის მიერ საკუთარი დასაქმებულებისათვის. ესენია: ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი“, „ირაო“ და „საქაერონავიგაცია“. კერძო სქემების მონაწილეს, სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სისტემისგან განსხვავებით, შეუძლია, ნებისმიერ დროს დატოვოს სქემა და აიღოს საკუთარ ანგარიშზე არსებული ფული. სავალდებულო სისტემის უპირატესობა კი მასში სახელმწიფოსა და დამსაქმებლის შენატანია.
"კომერსანტი"


17.08.2022
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia