საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლისა და უკან დაბრუნების პროცედურები გაუგებარია - დევი ხეჩინაშვილი
პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. კლინიკების დაფინანსების DRG-სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პაციენტებს VIP მომსახურებას აღარ დაუფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტების ის ნაწილი, რომელსაც კლინიკისგან განსაკუთრებული მომსახურების მიღება ენდომება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ერთჯერადად გავა და ამ მომსახურების საფასურს თვითონ ან თუ დაზღვეულია, კერძო სადაზღვევო კომპანია გადაიხდის.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ამ ცვლილებას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს, რომ ის სერვისი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, არის კარგი ხარისხის.
„თუ კლინიკიდან წამოვა შეთავაზება უკეთესთან დაკავშირებით, პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ სახარჯი მასალა – შუნტი იქნება თუ სტენტი – კლინიკა, რომელიც ჩართულია პროგრამაში, უწევს კარგი ხარისხის მომსახურებას. ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ რომელიმე პაციენტს სჭირდება ვიპ-მომსახურება, ოთახი თუ სახარჯი მასალა, კლინიკას შეუძლია, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გამოაგზავნოს ინფორმაცია, რასაც ჩვენ ძირითად შემთხვევაში რა თქმა უნდა დავუდასტურებთ და ასეთ შემთხვევაში პაციენტს შეუძლია ერთჯერადად გაეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ამ ჩარევის დასრულების შემდეგ კი კვლავ შეუძლია, ისარგებლოს პროგრამით“, — ამბობს ილია ღუდუშაური.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი განმარტავს, რომ ახალ მოდელში ბევრი დეტალია დასახვეწი, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლისა და უკან დაბრუნების პროცედურები გაუგებარია და დაზუსტებას საჭიროებას.
„DRG-ს როგორც ყველა სტანდარტიზებულ სისტემას რისკები ახლავს, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლისა და უკან დაბრუნების პროცედურები გაუგებარია. მაგალითად, ჩვენთვის საინტერესოა ადამიანი საყოველთაო პროგრამიდან თუ ამოვარდა უკან, როგორ ბრუნდება. რა პროცესები უნდა გაიაროს. ასევე, როგორც მე მესმის DRG-ის მოდელი საქართველოში მხოლოდ სახელმწიფო პროგრამაზე ვრცელდება, ვფიქრობ ეს არასწორია და ყველა მომსახურებაზე უნდა გავრცელდეს, რომელიც გაიწევა.
პაკეტის პირობა თუ ითვალისწინებდეს მხოლოდ საყოველთაოს მიერ დაუფინანსებელი ნაწილის დაფინანსებას, საყოველთაო ჯანდაცვიდან გასვლის შემთხვევაში, კერძო კომპანია ოპერაციას არა სრულად, არამედ ნაწილობრივ, პაკეტის პირობების შესაბამისად დაუფინანსებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასული ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სერვისის ღირებულებას მთლიანად სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს, მცირე და უმნიშვნელოა.
ჩვენ ვთავაზობთ, „დაშენებული“ ანუ საყოველთაოს პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის უფლების ყველა მოქალაქისთვის მიცემას, რადგან ეს საშუალებას მისცემს ადამიანებს, გააუმჯობესონ „საყოველთაო ჯანდაცვის“ პირობები, მაგალითად დაფარონ მედიკამენტების ნაწილი. ეს ცვლილება სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯების ზრდას არ გამოიწვევს. თუმცა, ამის ნება არ ჩანს მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა ჩვენ მხრიდან მრავალი წელია დგას“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს, ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.
"კომერსანტი"
02.12.2022