„მოგების გადასახადის ესტონური მოდელით ძალიან ბევრი სადაზღვევო ისარგებლებს - გაზრდის ბიზნესს, დასაქმებას და მთლიანად ეკონომიკას“ - დევი ხეჩინაშვილი

„ამ მოდელით წლებია სარგებლობს ყველა კომპანია და მთლიანად საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესი. ახლა კი ისარგებლებენ სადაზღვევო კომპანიებიც. ყველა კომპანია, ვინც პლუსშია და ძალიან ცოტაა მინუსში, ისარგებლებს ამ სისტემით. გაზრდის თავის ბიზნესს, გაზრდის დასაქმებას, მთელ ეკონომიკას და ა.შ. “, - ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში სადაზღვევო სექტორში მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედებაზე საუბრისას განაცხადა. 
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ შეღავათით გენერირებულ თანხებს კომპანიები რეინვესტირებას მოახმარენ.
„ყველაზე დიდი დაფინანსება სჭირდება სიახლეს. საქართველოში მაინც სუსტად არის განვითარებული საცალო გაყიდვები. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ საცალო გაყიდვის სისტემის აწყობა და მართვა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ ეს შეღავათი ყველაფერს წაადგება, სიახლესაც, პროდუქტების პალიტრასაც და სერვისსაც. სწორედ ამ მიმართულებებით მოხდება რეინვესტირება.
მე ვფიქრობ, რომ თუ ის დიდი პროექტები განხორციელდება, რომლებიც კარს არის მომდგარი, მაგალითად ავტომობილების  მფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა და სხვა, რომლებიც დიდ რეინვესტირებას საჭიროებენ, კომპანიების უმრავლესობა მიმართავს რეინვესტირებას“,- აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.
როგორც მან განაცხადა, უკეთესი იქნებოდა აღნიშნული შეღავათი სადაზღვევო სექტორისთვის წლების წინ ამოქმედებულიყო და არ ყოფილიყო კითხვები, თუ რატომ არ ეხებოდა შეღავათი სადაზღვევო კომპანიებს. 
მისი თქმით, 2023 წელი რთული, მაგრამ პოზიტიური იყო.
„წელი იყო რთული, მაგრამ მე ვთვლი, წარმატებული. ეს ჩანს იქიდან, რომ კომპანიების უმრავლესობა მინუსებიდან ამოვიდა ან ძალიან პატარა მინუსი დარჩა. ეს ძალიან კარგია. მეორე მხრივ, რაც შეეხება მოგებას, როდესაც 19 კომპანია ჯამში წერს 60 მლნ მოგებას, ეს არ არის მაღალი ნიშნული მოგებისთვის, თუმცა უკვე პოზიტიურია ყველა კომპანიის ფუნქციონირება, რომლებმაც ძალიან რთულ პერიოდებს გაუძლეს. 
პოზიტიურია ისიც, რომ ფიქსირდება ზრდა, მაგალითად ავტომობილებში. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია საბოლოო სალდო, როცა 1,7 მლნ მანქანიდან 200 000-ია დაზღვეული.  ამიტომ, რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევას, შესაბამისი კანონპროექტი უკვე დამუშავებულია მთავრობის მიერ, მთავარია, რომ ეს განხორციელდეს“, - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა. 
მან სადაზღვევო კომპანია „არდის“ გარშემო მიმდინარე მოვლენები პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ მოხდება თუ არა სექტორში დიდი ცვლილებები, ეს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზეა დამოკიდებული. 
„რაც შეეხება „არდის“, კარგი პროცესია, ეს არის ბაზრის შიდა ამბავი. კარგი სადაზღვევო და კარგი სერვისები შენარჩუნდება ბაზარზე ამ კომპანიის სახით.
მოსალოდნელია თუ არა და მოხდება თუ არა ბაზარზე გამსხვილებები, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. მთავარია, განხორციელდეს დიდი პროექტები, რომელსაც ყველა ელოდება, მაგალითად ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა. ასეთი პროექტების განხორციელებაზეა დამოკიდებული, მათ შორის უცხოური ინვესტიციების შემოსვლა“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
"კომერსანტი"
17.01.2024
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia