„საბაზისო პაკეტის შემოღებით არამხოლოდ კერძო დაზღვევა გაძვირდება და მოქალაქეებს გაეზრდებათ ჯიბიდან გადახდები, არამედ შემცირდება სადაზღვევო ბაზარიც“ - დ

მთავრობა საკანონმდებლო დონეზე გეგმავს დაზღვევის არსებული სისტემის ცვლილებას და საბაზისო სადაზღვევო პაკეტის შემოღებას. ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ 700 000-მდე ადამიანს აქვს კერძო დაზღვევის პაკეტი, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია და მათი დიდი ნაწილი არ ფარავს იმ სერვისებს, რაც საყოველთაო ჯანდაცვაში შედის. აქედან გამომდინარე, მინიმალური კერძო დაზღვევის პაკეტის სერვისები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არსებულ მინიმალურ მომსახურებას უნდა გაუტოლდეს.
სადაზღვევოს ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროსთან დიდი ხანია მიმდინარეობს. მისი თქმით, საკითხი კომპლექსურია და ბევრ დეტალს მოიცავს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ცვლილების შედეგად, ადამიანებს ჯიბიდან გადახდა გაეზრდებათ და სადაზღვევო ბაზარიც შემცირდება.
„საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში არის 7 სახის მომსახურება, მათ შორის ყველაზე კარგი აქვთ პენსიონერებსა და უმწეოებს. კერძო სადაზღვევო ბაზარზე არჩევანს აკეთებს დაზღვეული, რასაც ის აირჩევს, იმას იყიდის. ძალიან განსხვავდება ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისგან. სახელმწიფო პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ დაფაროს ჰოსპიტალი და როცა ადამიანი ყიდულობს კერძო დაზღვევას, ის ფიქრობს იმ ხარჯებზე, რომელიც უფრო მეტად დასჭირდება და ჰოსპიტალზე ნაკლებად აკეთებს გათვლებს. მან იცის, რომ დასჭირდება წამალი, ამბულატორიული კვლევები, ექიმი და სულ ბოლოს ფიქრობს ჰოსპიტალზე.
ზოგადად ქვეყანაში არის არასწორი მიდგომა, რომ თუ არ ხარ პენსიონერი და უმწეო, მაშინ როგორც კი სადაზღვევო პროდუქტს ყიდულობ, კარგავ სახელმწიფო მომსახურებას. ადამიანმა, რომელმაც იყიდა დაზღვევა იმიტომ, რომ კარგი ამბულატორია და წამლის დაფარვა ჰქონდეს, დაკარგა ამით ჰოსპიტალი. იმ შემთხვევაში თუ გაუჭირდება, მოქალაქე რჩება პრობლემის წინაშე და ისევ მიდის მთავრობასთან რომ ესა თუ ის საკითხი დაუფინანსოს,“ - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
მისი თქმით, საქართველოში 700 000 დაზღვეულიდან 200 000 მოქალაქეს 25 ლარამდე ღირებულების კერძო დაზღვევის პაკეტი აქვთ. თუ სადაზღვევო პაკეტის გაძვირება მოხდება, მათი დიდი ნაწილი კერძო დაზღვევაზე უარს იტყვის, რადგან ვერ გადაიხდის.
„საქართველოში 200 000 ადამიანს აქვს დაბალფასიანი, 20-25-ლარიანი პაკეტი, საბაზისო პაკეტის შემოღების შემდეგ კი ეს ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ის პაკეტი უნდა იყიდონ, რომელიც  უფრო მეტ სერვისს ფარავს, თუმცა დამატებითი ამაში თანხაცაა გადასახდელი. მზღვეველებს მოუწევთ, რომ მინიმალური პაკეტის ღირებულება გაზარდონ, რადგან მომსახურება გაიზრდება მნიშვნელოვნად, სავარაუდოდ მათი მცირე რაოდენობა შეძლებას ამას. საბაზისო პაკეტის შემოღებით არამხოლოდ კერძო დაზღვევა გაძვირდება და მოქალაქეებს გაეზრდებათ ჯიბიდან გადახდები, შემცირდება სადაზღვევო ბაზარიც.
ქვეყანაში, რომ იყოს მინიმალური პაკეტი ეს კარგია, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწილი უფინანსდება ბიუჯეტის ხარჯზე, ნაწილი კერძო და ნაწილი შერეულად, რაც ჩვენთან არ ხდება.
საჭიროა გაჩნდეს ე.წ. დაშენების უფლება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, სურვილისა და დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, ადამიანმა უნივერსალური პაკეტის პირობები გაიუმჯობესოს, მაშინ იქნება საყოველთაოს და კერძოს კომბინაცია, ისინი კარგად შეავსებენ ერთმანეთს“, - თქვა დევი ხეჩინაშვილმა.
"კომერსანტი"
03.04.2024
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia