„შეიქმნა ილუზია, რომ ყველაფერი მთავრობამ უნდა დააფინანსოს“ – უნდა ამოქმედდეს თუ არა სავალდებულო დაზღვევა?
ონკოპაციენტების მკურნალობისა და ზოგადად, თანამედროვე სამედიცინო სერვისების დაფინანსების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დგას, რადგან მსოფლიო მედიცინა სწრაფად ვითარდება და ჩნდება ახალი მედიკამენტები და ინსტრუმენტული სერვისები, რაც ძალიან ძვიადღირებულია.
ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ: 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ონკოპაციენტები მედიკამენტებს ლიმიტის გარეშე მიიღებენ და 25 ათასლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც შესაბამისი სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული.
ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვისაც შეიძლება ჰქონდეთ ამოწურული აღნიშნული 25-ათასლარიანი ლიმიტი.
ამ ცვლილების დაანონსების მიუხედავად, პაციენტების ნაწილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. მათი მოთხოვნაა, დაფინანსდეს ის ინოვაციური მედიკამენტებიც, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არ შედის, ასევე დაფინანსდეს ადრეული დიაგნოსტიკა, გენეტიკური კვლევები და სხვა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონის გათვალისწინებით, რამდენად აქვს ბიუჯეტს შესაძლებლობა, ონკოპაციენტების ყველა საჭიროება და თანამედროვე სერვისები დააფინანსოს და ხომ არაა საჭირო სისტემური ცვლილებები, მათ შორის სავალდებულო საბაზისო დაზღვევის შემოღება? Jandacva.ge-მ ამ შეკითხვებზე პასუხისას დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ფინანსისტი არაა და ამ საკითხზე შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იფიქრონ, თუმცა ამბობს, რომ პრობლემა სერიოზულია და პრიორეტიზაციას საჭიროებს.
„სახელმწიფო თავად ხედავს, რა შეუძლია და რა არა. თუმცა გადახარჯვის პრობლემა დღეს ძალიან ბევრ ქვეყანაშია, მაგალითად გერმანიაში. თანამედროვე ონკოლოგია ძალიან ვითარდება, მათ შორის როგორც მეთოდოლოგიის, ისე ინსტრუმენტალურ დონეზე და, შესაბამისად, ძალიან ძვირია. სახელმწიფოს სურს დაფინანსება, მაგრამ საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხები, რისი დაზოგვა და რა არასაბიუჯეტო სახსრების გამოძებნა შეიძლება, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შემოღებული იქნეს სავალდებულო საბაზისო დაზღვევა, რაც ასობით მილიონ ლარს გამოუთავისუფლებდა სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ ეს მოსახლეობაში არაპოპულარული იქნება, რადგან „ჯინი“ უკვე გამოშვებულია და მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ყველაფერი მთავრობამ უნდა დააფინანსოს. ეს რთულად განსახორციელებელი ცვლილებაა, თუმცა დღეს უფრო ადვილია, ვიდრე ადრე, რადგან დღეს საგადასახადო სამსახურის საშუალებით ხელისუფლება კარგად ხედავს, ვის რამდენი შემოსავალი აქვს და ამის საფუძველზე შესაძლებელია სისტემის აწყობა. საჭიროა პრიორეტიზაცია და საზოგადოების კონსენსუსი, რაც საქართველოში ძალიან რთული მისაღწევია. ჩვენთან არავინ კითხულობს, საიდან წარმოიქმნება ფული, სამაგიეროდ ყველგან ისმის „მომეცი-მომეცი“. დასავლეთისგან განსხვავება სწორედ ისაა, რომ იქ ესმით, რომ ფული ციდან არ ცვივა. აქ კი ხალხი შესვეს საჩუქრებზე და შეიქმნა ილუზია, რომ ყველაფერი მთავრობამ უნდა დააფინანსოს,“ - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა
მისი თქმით, პაციენტის პოზიციიდან სამართლიანია მოთხოვნა, რომ ხელი მიუწვდებოდეს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, მით უფრო, რომ ქვეყანაში დღეს პრაქტიკულად არავის აქვს ისეთი დაზღვევა, რომელიც ონკოლოგიის თანამედროვე მკურნალობას დააფინანსებდა.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტების ნაწილი წლებია, ქვეყანაში საბაზისო, სავალდებულო პაკეტის ამოქმედებას ითხოვს. საუბარია ისეთ პაკეტზე, რომელზე ნაკლები პირობებით სადაზღვევო პაკეტის გაყიდვის უფლება კომპანიებს არ ექნებათ. რაც შეეხება პრემიის გადახდის ვალდებულებას, ის, სხვადასხვა მოდელის მიხედვით, დაზღვეულის შემოსავლებსა და სოციალურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, მაგალითად, მათ ნაწილს გადასახადს დამსაქმებელი გადაუხდის, ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას კი - მთლიანად სახელმწიფო.
"კომერსანტი"
10.04.2024