სიახლე ავტომობილების დაზღვევაში

სადაზღვევო კომპანიების ინიციატივით შეიქმნა სადაზღვევო საინფორმაციო ბიურო, რომლის მიზანი ავტოდაზღვევაში სადაზღვევო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზია.
ეს სისტემა  აგრეთვე გამორიცხავს ორმაგი სადაზღვევო პოლისების არსებობის შესაძლებლობას,  ქმნის მძღოლის სადაზღვევო ისტორიას რის საფუძველზეც მზღვეველს ეძლევა საშუალება ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს სადაზღვევო ტარიფებთან მიმართებაში.
ავტო დაზღვევის ტარიფის ფორმირებაში ავტომობილის მძღოლის სადაზღვევო ისტორიას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია და დიდი ნაწილიც უჭირავს.
შესაბამისად, როცა არ არსებობდა კონკრეტული მძღოლის შესახებ ინფორმაცია საერთო სადაზღვევო ტარიფის გამოთვლა ჯამური ანაზღაურებული თანხის ჯამურ სადაზღვევო პრემიასთან შეფარდებით ხდებოდა, რაც ნიშნავდა იმას რომ  -  როგორც ცუდი, ისე დადებითი სადაზღვევო ისტორიის მქონე პირი ერთნაირ თანხას იხდიდა და ორივე კატეგორია თანაბარ, მაგრამ არასამართლიან პირობებში იმყოფებოდა.
შესაბამისად, ე.წ. „კარგ“ მძღოლებს არ ჰქონდათ არანაირი მოტივაცია დაეზღვიათ თავიანთი ავტომობილი იმის გამო რომ ე.წ. „ცუდი“ მძღოლების ქმედებები აძვირებდა დაზღვევის ტარიფს ყველასთვის.
„ასეთი საინფორმაციო სისტემა აძლევს მზღვეველს საშუალებას გახადოს ავტომობილების დაზღვევა ხელმისაწვდომი ე.წ. „კარგი“ მძღოლებისთვის და სამართლიანი ე.წ. ცუდი მძღოლებისთვის, აძლევს მოტივაციას ამ უკანასკნელს, რომ გამოასწოროს თავისი ჩვევები.“- აცხადებს სადაზღვევო საინფორმაციო ბიუროს გენერალური დირექტორი ირაკლი კილასონია. მისივე განცხადებით, ამ სისტემაში მოხვედრის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის არსებობაა და არა რომელიმე სხვა კრიტერიუმი.
იგი აქვე დასძენს რომ ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება მოუვიდეს ნებისმიერ მძღოლს და ეს არ ნიშნავს რომ მას ვისაც შემთხვევა მოსვლია და სადაზღვევო ანაზღაურება მიუღია სადაზღვევო კომპანია ავტომატურად გაუზრდის სადაზღვევო ტარიფს.
„ჩვენ გვაინტერესებს საშუალო სტატისტიკური მონაცემებიდან მკვეთრი გადახრის შემთხვევები, რომლის არსებობის შემთხვევაში მზღვეველს ექნება საშუალება უკეთ შეაფასოს მის წინაშე არსებული რისკი მანამ სანამ იგი მიიღებს გადაწყვეტილებას გააფორმოს სადაზღვევო ხელშეკრულება ამა თუ იმ მძღოლთან და რა ტარიფი შესთავაზოს მას“-აცხადებს კილასონია.
სისტემა 2011 წლის პირველი იანვრიდან ამუშავდება და მასზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ სისტემის წევრ სადაზღვევო კომპანიებს ექნებათ.

23.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia