აგროდაზღვევის ტარიფები შეიცვლება

აგროდაზღვევის ტარიფები გადაიხედება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ხელისუფლება კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო აპარატებს დაამონტაჟებს.

 ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, რა შედეგი დადგება ტარიფის გადახედვის შემდეგ, გაძვირდება თუ გაიაფდება აგროდაზღვევა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ გაზაფხულზე დამონტაჟდება ახალი აპარატები, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გადაიხედოს ტარიფებიც, მაგალითად, თუ დაზღვევა ხდებოდა 15%-ად, დანადგარების დამონტაჟების შემდეგ ეს უნდა გადაიხედოს.

როგორც „კომერსანტს“ დანელიას უწყებაში განუცხადეს, ჯერჯერობით მუშავდება ის მონაცემები, რაც უკვე არსებობს, კერძოდ, ხდება ანალიზი, როგორი შედეგები დადო დაზღვევამ, რა ხარვეზებია და ა.შ. დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

„სადაზღვევო ასოციაციის“ თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი კი ვარაუდობს, რომ აგროდაზღვევა გაიაფდება, რადგანაც სეტყვის საწინაამღდეგო აპარატის დამონტაჟების შემდეგ შემცირდება ნალექის მოსვლის რისკი, შესაბამისად, დაზღვევის ტარიფიც უნდა შემცირდეს.

„თეორიაში ასეა, უნდა შემცირდეს, პრაქტიკაში კი ვნახოთ, რა იქნება. რას შემოიტანენ, როდის შემოიტანენ, სად დააყენებენ ამ აპარატებს. სეტყვის საწინააღმდეგო აპარატების დამონტაჟების შემდეგ უნდა გაკეთდეს დაკვირვება, როგორ მოქმედებს ის, როგორ ამცირებს ნალექს და სად? რამხელა ტერიტორიას მოიცავს და ა.შ.“,- აცხადებს ხეჩინაშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ამ ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი თქმა, როგორ დაკორექტირდება აგროდაზღვევის ტარიფი. ხეჩინაშვილის შეფასებით, თუ გაზაფხულიდან სეტყვის საწინააღმდეგო აპარატების  მუშაობა დაიწყება, მომავალი წლისთვის უკვე იქნება საკმარისი მონაცემები ახალი ტარიფის შესამუშავებლად.

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო აპარატებისთვის ადგილები უკვე შერჩეულია.  ლოკაციების შერჩევაზე კომპანია „დელტა“ უსაფრთხოების სამსახურებთან ერთად მუშაობდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კახეთის რაიონში არჩეულია 84 წერტილი, სადაც აპარატები უნდა დამონტაჟდეს. „დელტას“ წარმომადგენლების ცნობით, ეს არის ძირითადად ის ადგილები, სადაც საბჭოთა კავშირის დროს იგივე ტიპის აპარატები იყო დამონტაჟებული.

„ეს ადგილები ხელახლა შემოწმდა, გეოფიზიკის ინსტიტუტთან და ჰიდრომეტერეოლოგიურ ცენტრთან ერთად და ერთობლივი კვლევის მიხედვით შეირჩა“,- აცხადებენ „დელტაში“.

მათივე ინფორმაციით, უკვე იწყება ადგილებზე სათბურების მშენებლობა და თუ ფორსმაჟორმა ხელი არ შეუშალა მუშაობას, გაზაფხულის ბოლოს აპარატები უკვე დამონტაჟებული იქნება.

სეტყვის საწინააღმდეგო აპარატების პროექტისთვის 22 მილიონი ლარი მთავრობამ გამოყო. აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი კი 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. 

აგროდაზღვევის პროექტში სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 70%–დან 95%–მდე სახელმწიფო იხდის. ამ პაკეტის ღირებულების სუბსიდირებისას სახელმწიფო ანაზღაურებს მაქსიმუმ 30 ათას ლარს ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხოლო 50 ათას ლარს კოოპერატივის შემთხვევაში. 

როექტის ფარგლებში ყველა სასოფლო–სამეურნეო კულტურ დაზღვევა – დაზღვევა შეეხება ისეთ სტიქიებს, როგორიცაა სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

 

"კომერსანტი"


 

27.01.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia