"ჯიპიაი ჰოლდინგი" კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს
"ჯიპიაი ჰოლდინგი" კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს. სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 3 აგვისტოდან ყველა ავტომფლობელს საქართველოში შესაძლებლობა ექნება, დარეგისტრირდეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტიქიისგან დაზღვევის პროგრამაში და მიიღოს სტიიქიისგან დაზღვევის პოლისი უფასოდ.აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით "ჯიპიაი ჰოლდინგის" რისკების მართვის დირექტორმა ირაკლი დვალმა დღეს, გმირთა მოედანზე, ვარაზისხევის ასახვევთან, ზოოპარკის ქვედა მხარეს, კერძოდ კი იმ ადგილას, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ დააზარალა, პრესკონფერენცია გამართა.მისი თქმით, სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევა სადაზღვევო კომპანიის სოციალური პროექტია, რომლის მიზანიც საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა და სადაზღვევო კულტურის განვითარებაა.
როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგში" აცხადებენ, 13 ივნისის წყალდიდობამ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა რისკების მენეჯმენტისა და ფინანსური ზარალისგან თავდაცვის ეფექტიანი სისტემის არსებობა. ამ გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელვანი ნაწილია სადაზღვევო მექანიზმები, ისე, როგორც ეს დანერგილია განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში.
როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგში" აცხადებენ, ასევე დავინახეთ, რომ ზარალის კომპენსაციის ტვირთი ფაქტობრივად, სრულად დააწვა სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელს. სადაზღვევო ინდუსტრია განვითარებული ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური სისტემების საყრდენია. დადგა სწორედ ის ეტაპი, როდესაც დიდი ყურადღებით უნდა შევხედოთ მოსალოდნელ რისკებს და ხელთ გვქონდეს ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები. მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ დაზღვევა ფინანსური დანაკარგის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზააა. ლოკალური მასშტაბის სტიქიურ მოვლენას 13 ივნისს თბილისში კატასტროფული შედეგი მოჰყვა ფინანსური და ადამიანური დანაკარგის თვალსაზრისით: ათობით ოჯახი სახლ-კარის გარეშე დარჩა, ხოლო ასეულობით ადამიანი ფინანსურად დაზარლდა. რისკების მართვის მექანიზმის აუცილებლობა განსაკუთრებით თვალნათლივ გამოჩნდა დაუზღვეველი ავტომობილების მაგალითზე - აქ განსხვავება ცალსახა იყო: დაზღვეული მანქანების მფლობელებმა კომპენსაცია სტიქიიდან რამდენიმე დღეში მიიღეს, ხოლო დაუზღვეველი მანქანების ზარალი ისევ აუნაზღაურებელია.
"მიგვაჩნია, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა, სადაზღვევო მექანიზმების განვითარებით და გავრცელებით ხელი შევუწყოთ ისეთი სისტემის შექმნას ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს რისკის მართვის მექანიზმების დანერგვას და ფინანსური ზარალის მინიმუმამდე დაყვანას. ამიტომ სტიქიის უფასო დაზღვევით ჩვენ ხელშესახებ პრეცედენტს ვქმნით, რაც ათასობით ადამიანს ფინანსური თავდაცვის რეალურ გარანტიებს აძლევს მსგავსი მოვლენების დროს. ეს პროექტიც იმას ემსახურება, რომ მასშტაბურად დავინახოთ გამოწვევა და მასიურად გავავრცელოთ სადაზღვევო თავდაცვის მექანიზმები ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგებთან საბრძოლველად. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ კერძო ქონება უნდა იყოს დაზღვეული და არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფოს იმედად. ჩვენ, ერთის მხრივ, გვინდა დაცული ფინანსური მომავალი შევუქმნათ ავტომფლობელებს და მეორეს მხრივ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ დაზღვევის კულტურის ამაღლებისკენ", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ჯიპიაი ჰოლდინგის" რისკების მართვის დირექტორმა ირაკლი დვალმა.
უფრო კონკრეტულად კი, 2015 წლის 3 აგვისტოდან ყველა ავტომფლობელს შესაძლებლობა ექნება, დარეგისტრირდეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" პროგრამაში და მიიღოს სტიქიური რისკების დაზღვევის პოლისი საჩუქრად. სადაზღვევო ღირებულებად განისაზღვება ავტომობილის საბაზრო ღირებულებით. პროგრამა მოქმედებს მთელ საქართველოში და ვრცელდება კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე. პოლისის მისაღებად მსურველები უნდა გამოცხადდნენ საქართველოს მასშტაბით "ჯიპიაი ჰოლდინგის" ნებისმიერ ფილიალში.
პოლისი მოქმედებს გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში. დარეგისტრირება შესაძლებელია 2015 წლის 31 დეკემბრამდე. დაზღვეულია შემდეგი რისკები - წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, დიდთოვლობა, მიწისძვრა, ღვარცოფი.
"ინტერპრესნიუსი"
29.07.2015