ზედამხედველობას სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ - სანაცვლოდ ინდუსტრია სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას ითხოვს

მომავალი წლიდან დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის ბიუჯეტში ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება არ არის გათვალისწინებული. რადიო „კომერსანტი" დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს დაფინანსების წესის ცლილებასთან დაკავშირებით სადაზღვევო ინდუსტრიას. კომპანიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ასეთი მოდელი მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა აუცილებელია პარალელურად ამოქმედდეს სავალდებულო ტიპის დაზღვევები.

კომპანია „ალდაგის" გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილის განცხადებით , ზოგადად ასეთი მოდელი მთელს მსოფლიოში არსებობს, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც დაფინანსების ასეთი წესია, პარალელურად არსებობს სავალდებულო სახეობები. „ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აძლევს რაღაც პროდუქტს იდნუსტრიას და შემოაქვს გადასახადი, რომლითაც ფინანსედება ზედამხედველობა. ვიცოდით, რომ სახელმწოფო აპირებდა ამ მოდელზე გადასვლას, თუმცა რა სახით, რა პროცენტით უნდა დაფინანსდეს ზედამხედველბა და კომპანიებს რა ტვირთი დააწვებათ, უცნობია" აცხადებს ბარათაშვილი.

მისივე თქმით, კონცეფციის წინააღმდეგი არ არიან,თუმცა დეტალების დაზუსტება და კონსულტაციები ინდუსტრიასთან აუცილებელია. ამასთან, ბარათაშვილის თქმით, უცნობია კონკრეტულად რა პერიოდიდან უნდა გადავიდეს ზედამხედველობის სამსახური ახალი მოდელით დაფინანსებაზე.

სადაზღვევო კომპანია „არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორის განმარტებითაც უცხოეთში მიღებული პრაქტიკაა, რომ სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ ზედამხედველობის სამსახურს, თუმცა ეს თანხვედრაშია დაზღვევის სავალდებულო სახეობებთან და იგივე უნდა იყოს საქართველოშიც. მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, თუ შემოთავაზებული მოდელი სწორედ ასეთი ტიპის დაზღვევის ამოქმედებას გულისხმობს, მაშინ აღნიშნული ინიციატივა ლოგიკურია. 

სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შენგელია ფიქრობს, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედდება მომგებიანი იქნება მთელი ქვეყნისთვის. „ საქართველო ერთადერთია რეგიონში,სადაც ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა არ მოქმედებს. მხოლოდ ძალიან ჩამორჩენილ ქვეყნებში არ არის დანერგილი ასეთი ტიპის პროდუქტები. ეს არის დამატებითი წყარო სავალუტო შემოდინებისთვის . გასულ წელს იყო ამაზე საუბარი, რომ რეგულატორი გადმოსულიყო ჩვენს დაფინანსებაზე თუმცა მას შემდეგ კომუნიკაცია არ ყოფილა" აცხადებს შენგელია.

მისივე თქმით, დაფინანსება სავარაუდოდ, განისაზღვრება ბაზრის მოცულობიდან გამომიდნარე - პირობითად, თუ ყოველ 100 ლარზე კომპანიამ უნდა გასცეს 1 ლარი, მაგრამ თუ რეგულატორს დასჭირდება 2 ლარი, მაშინ ბაზარი უნდა გაიზარდოს. შენგელია დარწმუნებულია, რომ მთავრობის გეგმა თანხვედრაში იქნება სავალდებულო სახეობების ამოქმედებასთან.  ამასთან, მისი განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში სავარაუდოდ, დაკისრებული ფინანსური ვალდებულება კომპანიებისთვის არსებითი არ იქნება.

2016 წელს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ბიუჯეტი მილიონ 300 ათასი იყო. ამ თანხის დაფარვა საქართველოში მოქმედ 14 სადაზღვევო კომპანიას მოუწევს.

"კომერსანტი"

07.12.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia