საკონსტიტუციო სასამართლო: „კერძო დაზღვეულებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდვა არაკონსტიტუციურია“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა როინ გავაშელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად მიიჩნია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ის ნორმა, რომელიც 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს უზღუდავდა აღნიშნული პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის მიხედვით, უთანასწორო მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად მოსარგებლე პირები და, პირები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო აღარ არიან ჩართული კერძო სადაზღვევო სქემებში. აღნიშნულ კატეგორიაში მყოფ პირებს უფლება ჰქონდათ, ესარგებლათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მხოლოდ შეზღუდული მოცულობით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული უთანასწორო მოპყრობა არ ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული კლასიკური ნიშნის საფუძველზე და არ იყო ინტენსიური. შესაბამისად, უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურობა რაციონალური დიფერენციაციის ტესტის გამოყენებით შეფასდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირების გამართლებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის შესაძლო გაზრდის საფრთხეზე მითითება ვერ ჩაითვლება დიფერენცირების რაციონალურობის დასაბუთებად. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის კატეგორიაში მყოფ პირებს შესაძლებლობა არ აქვთ, ისარგებლონ იმ სამედიცინო მომსახურებით, რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად აღმოჩენისა და ეფექტური პრევენციის პირველ ეტაპს. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მსგავსი კატეგორიის პირებისათვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სრულად ანაზღაურდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ვალდებული ხდება, გასწიოს იმავე ან გაცილებით დიდი ოდენობის ხარჯი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართა ხელოვნურ გადინებასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კერძო სადაზღვევო სექტორთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისა და სფეროს უკეთ რეგულირების გზით. ამგვარი მექანიზმების არარსებობა ვერ გამოდგება თანასწორობის უფლების შეზღუდვის რაციონალურობის მტკიცებისა თვითკმარ საფუძვლად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს კერძო დაზღვევით სარგებლობას და, იმავდროულად, მხოლოდ ნაწილობრივ სარგებლობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით, მას ფაქტობრივად სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ეძებოს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები ან საერთოდ უარი თქვას მკურნალობაზე გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დადგომამდე. პირთა მსგავსი კატეგორიისათვის საბაზისო პაკეტით მხოლოდ შეზღუდულად სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება ობიექტურად ვერ მოემსახურება კერძო სადაზღვევო სექტორის დაცვას და იწვევს დაუსაბუთებელ დიფერენცირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სადავოდ გამხდარი ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
imedinews-ის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, თუ ამ საკითხზე მთავრობა განკარგულებას გამოსცემს, შესაბამისი ფინანსური რესურსებიც უნდა მოინახოს, რაც საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლეთა სავარაუდოდ გაზრდილ რაოდენობას მოხმარდება.
"2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იქმნებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ჩაიდო ზღვარი კერძო დაზღვეულებსა და სახელმწიფო პროგრამას შორის. მთავარი ამოცანა იყო ის, რომ მთელი მოსახლება უზრუნველყოფილი ყოფილიყო სამედიცინო სერვისებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაბამისი რესურსით იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
"კომერსანტი"
 
 
26.10.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia