დაგროვებითი პენსიის სისტემაში შესაძლოა, კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ

დაგროვებითი პენსიის სისტემაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობაც განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ჯი პი აი ჰოლდინგის" წარმომადგენელმა განუცხადა.
"1 მლნ თვითდასაქმებული რჩება, რომლის მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ვხედავ კერძო სადაზღვევო კომპანიების როლს. კომპანიებს შეეძლებათ გაყიდვები აწარმოონ და ეს ადამიანები მოიცვან. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა სიცოცხლის დაზღვევით შევავსოთ ეს სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საპენსიო ასაკამდე გარდაიცვალა და მისმა მემკვიდრემ მიიღონ ის თანხა, რასაც ის დააგროვებდა საპენსიო ასაკამდე", - აცხადებს ბესიკ ფესტვენიძე "ჯი პი აის" სამედიცინო დირექტორი.
1 ოქტომბერს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს.
კერძოდ ,თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თანხას შეიტანს, თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი თავისი შემოსავლის 4%-ს შეიტანენ, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.
"კომერსანტი"
07.11.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia