„მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ ესტონური მოდელით სარგებლობა სადაზღვევო სექტორს სჭირდება“
სადაზღვევო ინდუსტრია ესტონური მოდელით სარგებლობას ითხოვს. „დაზღვევის ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ამ ნიშნით საფინანსო სექტორის გაერთიანება არამართებულია, რადგან სექტორის განვითარების ეტაპები სხვადასხვაა.
მისი განმარტებით, სადაზღვევო ინდუსტრია სწორედ ახლა შედის განვითრების ისეთ პერიოდში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ტვირთის აღება უწევს. ეს კი სავალდებულო დაზღვევის შემოღებაში გამოიხატება და საკმაოდ დიდ კაპიტალდაბანდებას საჭიროებს.
„ამას მოყვება რეგულატორული კაპიტალის მნიშვნელოვანი გაზრდა.მთვარობამ უნდა აღიაროს, რომ მოგების ესტონური მოგებით სარგებლობა სადაზღვევო სექტორს სჭირდება.ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, რომელზეც ბანკები 10 წლის წინ იყვნენ. საუბარია, კაპიტალიზაციაზე, კონსოლიდაციაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სექტორებს ცალცალკე უნდა მიუდგნენ და ასე მიიღონ გადაწყვეტილება“-აცხადებს ხეჩინაშვილი.
კითხვაზე, სადაზღვევო სექტორისთვის გამონაკლისის მინიჭება რა ფისკალურ ეფექტს მოუტანს სახელმწიფო ბიუჯეტს, ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ ფისკალურად ეს რთული გასაკეთებელი არ არის. მისი ინფორმაციით, სამწუხაროდ, დღეს სადაზღვევო კომპანიების მოგებები არამიმზიდველია.
„ჯამურად, შეიძლება 20-25 მილიონი ლარის მოგებაზე იყოს საუბარი, რომელიც უნდა დაიბეგროს. ეს ფისკალურად გაკეთებადია და მთავრობას დიდი ტვირთი არ ექნება. ჩვენ ვთვლით, რომ მთავრობას შეუძლია ამის გაკეთება ფისკალურად და უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ეს ინდუსტრიას სჭირდება“-აცხადებს ხეჩინაშვილი.
მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტრსოთან ინდივიდუალური შეხვედრები სადაზღვევო სექტორს ამ ეტაპზე არ ჰქონია, თუმცა, მისვე ინფორმაციით, ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად იქნება.
რაც შეეხება იმას, თუ როდის გეგმავს ფინანსთა სამინისტრო სადაზღვევო სექტორთან დამატებით კონსულტაციას, უცნობია. უწყებაში აცხადებენ, რომ იმაზე მეტს ამ ეტაპზე ვერ იტყვიან, რაც რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა.
„სადაზღვევო კომპანიებთან ამ მიმართულებით ჩვენ ცალკე კონსულტაციებს ვგეგმავთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისეთ საგადასახადო რეჟიმზე შევთანხმდებით, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სადაზღვევო ბაზრის კიდევ უფრო განვითარებას“-განაცხადა რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა 2023 წლამდე გადაიდო.
"კომერსანტი"
27.02.2018