აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი „ევროინსი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა - სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია “EUROINS GROUP”-ის წევრი გახდა. 23 ოქტომბერს, საქართველოს ეწვივნენ „EUROINS GROUP“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ასენ კრისტოვი, აღმასრულებელი დირექტორი კირილ ივანოვ ბოშივი, შერწყმისა და გაერთიანების დირექტორი ვასილ სტეფანოვი და ასევე, „აი სი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვილლემ ჯეიკობ ვესტერლაკენი, რომელთაც „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“ რიგგარეშე აქციონერთა კრებაში მიიღეს მონაწილეობა.
„აი სი ჯგუფი“, ამიერიდან „ევროინს საქართველოს“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე და სრულად დანერგავს ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე.
ქართული სადაზღვევო კომპანიის შეძენა არის „EUROINS GROUP“-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ორიენტირებული იქნება განავითაროს „აი სი ჯგუფის“ უკვე არსებული პორტფელი, გაამრავალფეროვნოს ქონების, პასუხისმგებლობის და ავტომობილების დაზღვევის პროდუქტები. ასევე ყურადღება დაეთმობა ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და კიბერ უსაფრთხოების დაზღვევის მიმართულებებს. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ინოვაციური და არასტანდარტული პროდუქტების განვითარებაც.
„საქართველო წარმოადგენს მდიდარი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის ქვეყანას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, როგორც რეგიონალურად, ისე გლობალურად. „აი სი ჯგუფის“ სახით ვიპოვეთ სანდო პარტნიორი, რომლის პროფესიონალთა გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და უნარი განახორციელოს ჩვენი საერთაშორისო კონკურენტუნარიანი გეგმები მთელს რეგიონში. ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხის მომსახურების, მომხმარებელთა კმაყოფილების და მაღალი ნდობის მოპოვების ფონზე განვავითაროთ დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები საქართველოში“, - განაცხადა „ევროინსის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გეორგი მარკოვმა.
ევროინს სადაზღვევო ჯგუფის შესახებ
ევროინს ჯგუფი ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს ევროპის 8 ქვეყანაში და აქედან ოთხში ფლობს შვილობილ კომპანიებს - ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში. 2014 წლიდან ევროინს ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო საბერძნეთში. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-ს აღწევს, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 2.5 მილიონზე მეტს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა ნახევარ მილიარდი ევროა.
საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-მა 2017 წელს ევროინს რუმინეთს (ევროინს ჯგუფის უმსხვილესი შვილობილი კომპანია) მიანიჭა დამზღვევის ფინანსური სიძლიერის (IFS) რეიტინგით “BB-“. ევროინს ჯგუფი არის ევროჰოლდ ბულგარეთის შვილობილი კომპანია, რომლის აქციებიც განთავსებულია BSE-Sofia და WSE საფონდო ბირჟაზე. ევროჰოლდ ბულგარეთი ორიენტირებულია არასაბანკო ფინანსური მომსახურებისა და აქტივების მართვაზე.
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი
“აი სი ჯგუფი“ დაარსდა 2005 წლის 10 ნოემბერს და მას შემდეგ მომხმარებელს სადაზღვეევო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, როგორც სავაჭრო და სამრეწველო პალატის (საფრანგეთი, საქართველო), საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართელოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი.
ამჟამად კომპანიაში 100-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია დასაქმებული, ზოგ მათგანს დაზღვევის სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ არის საზოგადოებრივად პასუხისმგებელი კომპანია, იგი პატივს სცემს ტრადიციებსა და ბიზნეს ეთიკას.
"ინტერპრესნიუსი"
23.10.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia