რა იცვლება ავტომობილების დაზღვევის სისტემაში 2019 წლის 1 ივლისიდან - „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელის განმარტება

უახლოეს მომავალში ქვეყანაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება. როგორც „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, იქმნება სისტემა, რომელიც 2-3 წელიწადში უნდა გავიდეს იმ ნიშნულზე, რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მომხდარი ყველა ზარალი ანაზღაურებული იყოს, მიუხედავად ბრალეულობისა, დაზღვეულობისა და იმისა, დადგენილია თუ არა დამზარალებელი.
როგორც ხეჩინაშვილი განმარტავს, ეს ერთბაშად ვერ მოხდება, სისტემის გვირგვინი იქნება „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღება, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ. კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდრე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში.
„კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, რომელიც არ შეიცვლება. „ბონუს-მალუს“ სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება“-აღნიშნავს ხეჩინაშვილი.
მისი განმარტებით, კანონმდებლობის შედეგად, დაუზღვეველი ან დაუდგენელი ავტომობილების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება სპეციალურად შექმნილი ბიუროს ფონდიდან მოხდება. მისი განმარტებით, ახლა მიმდინარეობს დავა ვის შემადგენლობაში იქნება ბიურო. კანონმდებლობაში განსაზღვრულია როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) თუმცა, სადაზღვევო ასოციაციის სურვილია ჩამოყალიბდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი, რომელიც სადაზღვევო კომპანიების მიერ იქნება დაფუძნებული.
„თავად ბიუროს ფონდში თანხა მოზიდული სადაზღვევო პრემიიდან კომპენსირდება. სადაზღვევო კომპანიამ ბიუროს ფონდში თითოეული მოზიდული პრემიის 2 პროცენტი უნდა გადაიხადოს. ამასთან, სადაზღვევო კომპანიამ მოზიდული პრემიის ერთი პროცენტი სავალდებულო დაზღვევის ბიუროში პრევენციული ღონისძიებების ხარჯებისთვის უნდა შეიტანოს,“-განმარტავს ხეჩინაშვილი.
კომერსანტის კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ დაუზღვეველი ავტომობილების მიერ გამოწვეული ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ, ხომ არ იქნება ეს მათთვის დამატებითი ტვირთი, ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ არა, რადგან ეს წესი და სისტემაა. „ვისაც არ უნდა, არ მიიღებს მონაწილეობას. აქ აზრი იმაშია, რომ ვისაც უნდა ამ სისტემაში მონაწილეობის მიღება, უნდა გაიზიაროს ეს წესები,“-აღნიშნავს ხეჩინაშვილი.
მისივე შეფასებით, განსხვავებული უნდა იყოს სატარიფო ბადე. კერძოდ, დასაწყისისთვის მიბმული იყოს ძრავის მოცულობასთან. მცირე ძრავიანი ავტომობილებისთვის ნაკლები ტარიფი რომ იყოს, მაღალძრავიანისთვის კი მეტი.
მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის 1 ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა სავალდებულო ხდება.
კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით: კერძოდ, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 - 110.00 ლარი;მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი;ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი;სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი;მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი.
"კომერსანტი"
21.02.2019
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia