დევი ხეჩინაშვილი: სადაზღვევო სექტორზე კოვიდის მეორე ტალღის შედეგები ჯერ კიდევ არ ასახულა

„კოვიდის მეორე ტალღის შედეგები ჯერ კიდევ წინ არის, სადაზღვევო სექტორის ხარჯი გაზრდილია,“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, ცხრა თვის მონაცემები ჯამურად ნეგატიური არ იყო, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა სამი კვარტლის ფინანსურ შედეგებში პანდემიის მეორე ტალღის შედეგები ასახული არ არის.„მეორე ტალღა ჩვენთვისაც რთულად დაიწყო. ხარჯი გაიზარდა, ოჯახის ექიმების ჩართვაც სერიოზული გამოწვევა იყო ჩვენთვის. თითო დადასტურებული შემთხვევის სახლის პირობებში მართვა 100-150 ლარი ჯდება. მით უმეტეს, თუ წარმოიდგენთ, რომ ზოგიერთ მსხვილ კომპანიას ათასობით ყავთ მართვის ქვეშ,“- განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა.
დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, პანდემიის პირველი ტალღისგან განსხვავებით, ახლა ზარალებიც არ მცირდება და პირიქით, ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ჯანდაცვაში ჩანს ხარჯვითი ნაწილის მატება, გაზრდილ ხარჯებს კი პრემიის მოცულობის მატება ვერ მიჰყვება.
„აშკარაა, რომ ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვაქცინა, ალბათ ნელ-ნელა შემოვა საქართველოში და სანამ ის რაოდენობა აიცრება, რაც პანდემიის კონტროლს უზრუნველყოფს, წლის სამი მეოთხედი გავა. შესაბამისად, შემდეგი წელიც არ იქნება მოგებით გამორჩეული. რამე სიახლეებსა და განვითარებას არ ველი. მთავარია, შევინარჩუნოთ ბიზნესი და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. ანალიზისას ცალსახად იკვეთება, რომ დაზღვევის ინდუსტრიაში ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის წილი იზრდება, რაც არც ისე კარგი ტენდენციაა. ეს მიმართულება უფრო მეტად ზარალია, აქ სტაბილურობის შენარჩუნება რთულია, ბევრ ისეთ რამეზე ხარ დამოკიდებული რასაც ვერ აკონტროლებ. ერთი მიმართულება ბიზნესის 50% რომ უჭირავს და სხვა სახეობების მიმართ ინტერესი მინიმალურია, ცალსახად არ არის კარგი,“- განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
"კომერსანტი"

31.12.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia