საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით უნდა გაფართოვდეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ „კომერსანტის“ მეშვეობით ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა გაიხსნას პლატფორმა, სადაც მსჯელობა საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაზე დაიწყება. ყოფილი დეპუტატი ახალი სისტემის შემოღებაზე საუბრობდა, ამბობდა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ სწრაფად შეცვლა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
თემა, რომ მნიშვნელოვანია „კომერსანტთან“ საუბარში ადასტურებს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი. იგი ფიქრობს, რომ მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში რაღაცის შეცვლის ინტერესი აქვს. მისი განმარტებით, ეს ცვლილება უდაოდ იმ მიმართულებით უნდა მოხდეს, რომ საყოველთაო წვდომა სამედიცინო სერვისებზე ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი, რაც დევი ხეჩინაშვილი განცხადებით დღეს არ არის. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს ვის რა მომსახურება ეკუთვნის გაუგებარია. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროდუქტები სადაზღვევო პროდუქტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამიტომ უნდა მოხდეს იმ საკითხზე შეთანხმება თუ რა არის საქართველოში მნიშვნელოვანი.
„საკითხზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, ფაქტიურად მას შემდეგ რაც საყოველთაო ჯანდაცვა საქართველოში შემოვიდა. ჩვენ სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საყოველთაო წვდომა შეთანხმებულ საბაზისო სერვისებზე არის უდავოდ საშური საქმე, ოღონდ ეს საქმე სადაზღვეო ინსტრუმენტის გამოყენებით უნდა გაკეთდეს. ეს არის უდავო, რადგან შემთხვევის მართვის უნარი აქვს მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს, რაც ბევრჯერ არის დამტკიცებული. დამტკიცებულია ისეთ მტკივნეულ საკითხზეც როგორიც არის მედიკამენტები. მედიკამენტები, რომელიც ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის აქილევსის ქუსლია, ამ ხარჯის მართვის ერთადერთი ეფექტური საშუალება არის სადაზღვევო კომპანიები. საქართველოში უნდა მოხდეს იმ საკითხზე შეთანხმება თუ რა არის მნიშვნელოვანი და რისი უნარი გვაქვს, რომ იყოს დაფინანსებული. ეს უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და დარწმუნებული ვარ ეს ყველაზე ეფექტურად სადაზღვევო მედიცინის გამოყენებით გამოვა. ინტერესი იმისა, როგორ უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემა არის მაღალი. დისკომფორტი არსებობს, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში ვნახავთ“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.  
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე განმარტავს, რომ საყოველთაო სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებით სადაზღვეო სექტორის კაპიტალი გაიზრდება და ეს ფინანსური ინსტიტუტი ფეხზე კიდევ უფრო მყარად დადგება. მისივე განმარტებით, მომსახურების ხარისხი დაიხვეწება, ხოლო ბაზარი გაიზრდება და რეალურად სწორად მოხდება პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა.  კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მდგრადი და დიდი ახალი სექტორი გაჩნდება. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას გენერალური დირექტორი გვიყვება, რომ კერძო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთან, ევროკავშირის დახმარებით ერთიანი სტრატეგიაზე მუშაობს, თუ როგორ უნდა განვითარდეს საყოველთაო ჯანდაცვა უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში. ნინო კობახიძის თქმით, სტრატეგიულ დოკუმენტში სადაზღვეო კომპანიების კომპონენტიც იქნება გათვალისწინებული.
„საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაზე კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო სტრატეგის ევროკავშირთან ერთად ამუშავებს და დოკუმენტი წესით მალე უნდა მივიღოთ. ეს არის ეკონომიკური განვითარების ის სქემა, რომლითაც სახელმწიფო ერთის მხრივ ბიუჯეტის გამოთავისუფლებას შეძლებს ხოლო, მეორეს მხრივ ქვეყანაში სადაზღვეო ინდუსტრიას განავითარებს. ამისთვის მოსამზადებელი ეტაპია გასავლელი, სადაზღვეო კომპანიების ფინანსური მდგრადობა კიდევ ერთხელ იქნება გადასახედი. დღეს სექტორი 600 000 ათას დაზღვეულს ძალიან ეფექტურად მართავს, პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან დაწყებული, ყველა ეტაპზე ჩვენს დაზღვეულებთან ეფექტურ კომუნიკაციაში ვართ. შესაბამისად კომუნიკაცია ახლა უნდა დაიწყოს და წლებთან ერთად სწორად მოხდეს რისკების სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვეო ინდუსტრიაზე გადანაწილება“ , - განაცხადა ნინო კობახიძემ.
ნინო კობახიძე ამბობს, მხოლოდ გეგმიური სტაციონარული სერვისები, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლოებას სთავაზობდა საკმარისი აღარაა. სწორედ ამიტომ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, დადგა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის დამატებითი ზრდის გარეშე, გონივრულად გაფართოების საკითხი. ნინო კობახიძის განმარტებით, სადაზღვეო ინდუსტრია მზადაა სახელმწიფოს შეეხიდოს მნიშვნელოვან პროექტში, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი მისი თქმით, უნდა იყოს მოქალაქეებისთვის უკეთესი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება გაფართოებული სამედიცინო ნოზოლოგიების დახმარებით.
„საყოველთაო ჯანდაცვა ახლა მოქალაქეს სთავაზობს მხოლოდ გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებას 12 000 ლარიან ლიმიტით. პროგრამამ თავისი როლი პირველი 5 წლის განმავლობაში იდეალურად შეასრულა. მაშინ მოსახლეობის უმეტესობამ გეგმიურ სტაციონარზე ხელმისაწვდომობა მიიღო, რაც პროგრამამდე იყო შეუძლებელი. ადამიანები იხოცებოდნენ მარტო იმის გამო, რომ არ ჰქონდათ საშუალება ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა მივედით იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ გეგმიური სტაციონარული სერვისები საკმარისი აღარაა, რადგან ამ პროცესს სჭირდება პირველად ჯანდაცვა, მედიკამენტოზური და ამბულატორიული მკურნალობა. უკვე დადგა საყოველთაო ჯანდაცვის გონივრულად გაფართოების საკითხი, ბიუჯეტის დამატებითი ზრდის გარეშე როგორ შეიძლება დაზღვეულმა ადამიანმა, რომელიც იგივე დანახარჯებში იღებს სხვადასხვა ტიპის სერვისებს, ასევე ჩვეულებრივმა საქართველოს მოქალაქემ მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტური სამედიცინო სერვისები. ვერც ერთი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაწვდება ყველა სამედიცინო საჭიროების დაფინანსებას. ახლა სწორედ არის ის პერიოდი ,როდესაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება ვინ რჩება სახელმწიფოსთვის საყოველთაო დაზღვეულებში, დამატებით ვის უფინანსდება სხვადასხვა სერვისები არა მხოლოდ სტაციონარი, ვინ შეიძლება დამოუკიდებლად გადაერთოს კერძო სადაზღვეო სისტემაზე და კერძო სადაზღვეო კომპანიისგან სარგებელი ნახოს“, - განუცხადა კომერსანტს ნინო კობახიძემ.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორის, თინათინ სტამბოლიშვილის თქმით, სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელვანესი რეფორმა იქნება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროსთან არა ერთხელ ყოფილა. დღეს სტამბოლიშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორი მზადაა რამდენიმე მოდელი კიდევ ერთხელ განიხილოს. მისი განმარტებით, ინდუსტრია ფინანსურადაც და ლოჯისტიკურადაც არის სრულიად მზად, რათა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სოციალური სფეროსთვის მნიშვნელვან რეფორმაში.
„ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეთავაზება სხვადასხვა დონეზე, რომ დასაქმებულთა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი რეფორმა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში. რამდენიმე მოდელზე შეიძლება იყოს საუბარი - მათ შორის საყოველთაოების შენარჩუნება საბაზისო სერვისებზე, თუმცა კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება იქ, სადაც ეს ყველაზე ეფექტური იქნება - როგორიცაა დასაქმებულთა მონაწილეობა კერძო სისტემაში. ამასთან, აუცილებელი განხილვის საგანი უნდა იყოს ზღვარის მოხსნის საკთხი კერძო დაზღვევასა და საყოველთაო პროგრამაში მონაწილეობას შორის. კერძოდ, ვგულისხმობ, საყოველთაო პროგრამაში მონაწილება არ უნდა შეეზღუდოს პირებს, ვისაც კერძო დაზღვევა აქვს, არამედ პირიქით - მათ უნდა მიეცეთ საშუალება მცირე თანხის სანაცვლოდ, დააშენონ ისეთი დაზღვევა საყოველთაო პროგრამას, რაც ჯიბიდნა გადახდებს შეუმცირებს - მედიკამენტებზე, სტომატოლოგიაზე, დიაგნოსტიკაზე და სხვა სერვისებე, რასაც არ ფარავს სახელმწიფო პროგრამა. ამასთან, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირებით ჯანდაცვის სისტემაში, თუნდაც ნაწილობრივი - დიდწილად შეუწყობს ხელს პროვაიდერებთან უკეთესი ხარისხისა და უფრო ხარჯთეფექტური შედეგის მიღებას და შეეხიდებოდა ცენტრალურ ბიუჯეტს.
ისიც აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე ჯიბიდან გადახდების წილი იზრდება, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყფოს სრულყოფილ და ყოვლისმომცველ დაფინანსებას სამედიცინო სერვისებს და ერთის მხრივ თითქოს იფარება სახელმწიფო პროგრამით , მაგალთად, გეგმიური ოპერაცია, თუმცა სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნიხრებით ხდება ანაზღუარება და ეს არ ფარავს დიდ წილს სამედიცინო მომსახურების. ამ დანაკლისის შევსებაც შესაძლებელი იქნებოდა კერძო დაზღვევით, ადამიანებს ე.წ. ზედნაშენი დაზღვევის შეძენა, რომ შეეძლოთ სადაზღვევო კომპანიებში“, - განმარტავს თინათინ სტამბოლიშვილი.
"კომერსანტი"
25.03.2021
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia