„აუცილებელი სერვისი, რომელიც საქართველოს გარდა ყველა ქვეყანაშია“ - ავტომფლობელებისთვის შესაძლოა, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გა

სადაზღვევო სექტორი „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, შესაძლოა მალე სავალდებულო გახდეს, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. მთავრობის გეგმაში აღნიშნულია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს.
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ცვლილების მისაღებად საუკეთესო და საჭირო დროა.
„ჩვენი სექტორის მთავარი გამოწვევა, წლების განმავლობაში, არ შეცვლილა. ჩვენი მიზანი, როგორც სახელმწიფოსი, ასევე ბიზნესის და საზოგადოების უნდა იყოს მაქსიმალური დაცულობა. ველოდებით, რომ მთავრობა იტყვის საბოლოო სიტყვას ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხზე. 
სტატისტიკა საქართველოში ასეთია: 1.5 მლნ რეგისტრირებული ავტომობილიდან 150 000 ავარია ხდება. ეს არის დიდი რიცხვები, რომლის უკანაც დიდი ფული დგას. როგორც წესი, არ არის მარტივი ამ ზარალის ანაზღაურება ავტომფლობელთათვის. ეს 150 000-ვე შემთხვევა იქნება ანაზღაურებული მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემთხვევაში. ეს აუცილებელი სერვისია, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია, საქართველოს გარდა. მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით დაახლოებით 40-50 მილიონი ლარის დაზოგვას გამოიწვევს“ - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.
სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას ოთხ წელზე მეტია ელოდება. კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, მოლოდინია, რომ პროცესი წელს დაიძვრება.

"კომერსანტი"
09.02.2023
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia