300 მლნ ლარით გაზრდილი ბაზარი და 200 ლარიანი პაკეტი - რას შეცვლის ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა?
„ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღება რამდენიმე კვირაში იგეგმება. კანონპროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქეებს ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო წესით 2024 წლიდან მოუწევთ, სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური პრემიის მოცულობა 150-დან 200 ლარის ფარგლებში იქნება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მოლოდინით, სავალდებულო დაზღვევის პაკეტის ამოქმედების შემდეგ 900 მილიონიანი ბაზარი 30%-ით გაიზრდება.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობის დაწყებამდე არაერთი კვლევა ჩატარდა, ამიტომ ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევამ გამართულად იმუშაოს და როგორც ინდუსტრიამ, ასევე მომხმარებელმა დიდი სარგებელი მიიღოს.
„ჩავატარეთ არაერთი დიდი საინფორმაციო კამპანია, ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ამ ცვლილებისთვის როგორც სექტორი, ასევე ავტომფლობელებიც მეტ-ნაკლებად მზად არიან. მას შემდეგ, რაც ავტომფლობელთა დაზღვევა სავალდებულო გახდება, მათ არჩევანი აღარ ექნებათ და ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს კეთდება ისევ მათივე უსაფრთხოებისთვის. საგზაო შემთხვევის დროს მოხდება მომხმარებლების მაღალი ევროპული სტანდარტებით დაცვა, ხოლო ადამიანის სიკვდილისა და შრომისუუნარობის გამოწვევის შემთხვევაში მნიშვნელოვანი კომპენსაციით უზრუნველყოფა.
დიდ ზარალს იღებს სადაზღვევო სექტორიც იმის გამო, რომ არ გვაქვს ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა, რაც ყოველთვის ეჭვს იწვევს ინვესტორებში და ისინი დიდი ხანია ელოდებიან ცვლილებას. სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამურად მოზიდული პრემიები, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მოქალაქეების დიდი ნაწილი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს და არ ველოდებით, რომ უკმაყოფილებას გამოიწვევს, ესეც გვაძლევს იმედს, რომ კანონის ამოქმედება კიდევ არ გადავადდება. გადასახადი სავარაუდოდ იქნება სტანდარტული ფასი 200 ლარი,“ - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.
მძღოლის მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის სავალდებულო პროდუქტზე ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციაზე ისაუბრა.
„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც დაზღვევის ეს სახეობა არ არის სავალდებულო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დგამს ნაბიჯს წინ და უერთდება იმ განვითარებულ ქვეყნებს, სადაც მძღოლის პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე სავალდებულოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს დაზღვევის ინდუსტრიის განვითარებას და საცალო პროდუქტების მოხმარება გაიზრდება. დღეისათვის ავტომობილების მხოლოდ 10%-ია დაზღვეული, რაც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გვჯერა, რომ სავალდებულო MTPL-ის შემოღება მომხმარებელს დაანახვებს დაზღვევის სიკეთეს და პრაქტიკულობას,“- განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცებას ოთხ წელზე მეტია ელოდება. კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა.
"კომერსანტი"
08.05.2023