სახელმწიფომ ბავშვებისთვის ონკოდაზღვევა უნდა აამოქმედოს - სადაზღვევო ასოციაცია

ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობის უცხოეთში დაფინანსების პროგრამის ამოქმედებით სახელმწიფომ აღიარა, რომ  ბავშვთა ონკოლოგია არის იშვიათი და მძიმე დარგი და შესაბამისად, მისი განვითარება საქართველოში რთულია. ეს განცხადება jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა გააკეთა. 
შეგახსენებთ, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა 24 ივლისიდან ამოქმედდა.
ბავშვები სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობას, საქართველოს გარდა, ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში შეძლებენ.
პროგრამა, უშუალოდ მკურნალობის გარდა, გულისხმობს მკურნალობის დასრულების შემდეგ წელიწადში ორჯერადი „კონტროლის“ დაფინანსებასაც. ოჯახს ექნება საშუალება აირჩიოს, საქართველოში მიიღოს ეს სერვისი თუ უცხოეთში.
პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია და ის 18 წლამდე ასაკის, ყველა ონკოპაციენტი ბავშვის მკურნალობას ითვალისწინებს. მთავრობის გათვლებით, პროგრამით სარგებლობა წელიწადში საშუალოდ 300-მდე ბავშვს დასჭირდება.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პროგრამა იმოქმედებს იქამდე, ვიდრე საქართველოს ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრი ექნება. აღნიშნული ცენტრის გახსნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ცალკე ფლიგელის სახით იგეგმება, თუმცა მეტი სიზუსტე ამ პროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს. 
დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ასეთი ცენტრი ძალიან ძვირადღირებულია და ის ბევრ განვითარებულ ქვეყანას არ აქვს. მაგალითად - ლუქსემბურგს, თუმცა მისი სამედიცინო სისტემა ინტეგრირებულია ევროპასთან და ბავშვების მკურნალობის დაფინანსება სხვადასხვა ქვეყანაში ხდება.
ამასთან, დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ერთი თვის წინ საქართველოში ამოქმედებულ პროგრამაში კლინიკების რაოდენობა და არჩევანი მაინც შეზღუდული რჩება, ამიტომ უფრო ეფექტიანი იქნებოდა, სახელმწიფო სხვა გზით წასულიყო და ბავშვებისთვის ონკოლოგიის სახელმწიფო დაზღვევა აემოქმედებინა.
„ბავშვთა ონკოლოგია მძიმე და რთული დარგია,  ამიტომ ეს გადაწყვეტილება სწორია,  მაგრამ კლინიკების არჩევანი მაინც შეზღუდულია და ჯობდა, ამოქმედებულიყო სახელმწიფო ონკოდაზღვევა, როცა სახელმწიო, ონკოლოგიური დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, გადაიხდიდა თანხას და მშობელი თავად გადაწყვეტდა, სად და როგორ ემკურნალა მისი შვილისთვის,“ - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
Jandacva.ge ასევე დაინტერესდა, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება და ასევე ყველა ონკოპაციენტის 25-ათასლარიანი ლიმიტით დაფინანსება ხომ არ გამოიწვევს ონკოდაზღვევის პაკეტებზე ინტერესის კლებას. დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ონკოდაზღვევა ძალიან საინტერესო, თუმცა არამასობრივი პროდუქტია და ის უნდა განვითარდეს. მისივე თქმით, ეს დაზღვევა ძალიან დიდ შეღავათს აძლევს ადამიანებს და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რადგან თანამედროვე ონკოლოგია ძალიან ძვირადღირებული სერვისია და მას, გარკვეული სიმსივნეების შემთხვევაში, არც კერძო და არც სახელმწიფო ლიმიტები არ ჰყოფნის.
"კომერსანტი" 

01.09.2023
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia