„იძულებული ვხდებით, გავაჩეროთ სერვისი ან გავაძვიროთ“ - დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა-გადახდის წესში ცვლილება სექტორისთვის მიუღებელია

დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა-გადახდის წესში ცვლილებას, რომლის თანახმადაც გადახდის პირობები იცვლება და ხარჯის გაღებას სახელმწიფო, პირველ ეტაპზე კერძო დაზღვევას აკისრებს, სექტორში უარყოფითად აფასებენ.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აუცილებელია მხარეებს შორის კონსულტაციები გაიმართოს, რომ დადგენილების პირობები გადაიხედოს და საერთო კონსენსუსამდე მივიდნენ.
„მთავრობის ახალი დადგენილებით, პირველ ეტაპზე ხარჯს იხდიან სადაზღვევოები და მერე ფარავს სახელმწიფო, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ეს უნდა შეჩერდეს და ყველამ ერთად უნდა გავიაროთ ტექნიკური კონსულტაციები. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, რომ არავინ დაზარალდეს.
მაგალითად, დაზღვეული მყავს კომპანია, რომლის თანამშრომლების მესამედი პენსიონერია. გათვლა მაქვს გაკეთებული იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო პროდუქტი აქვთ დაშენებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაზე. ახლა კი გვეუბნებიან, რომ ჯერ ჩვენ უნდა დავფაროთ ანუ ჩვენს წინასწარ გაკეთებულ დასკვნებს თავდაყირა აყენებენ.
იმის გამო, რომ გარემოებები შეიცვალა, იძულებული ვხდებით, გავაჩეროთ სერვისი ან გავაძვიროთ, რადგან ეს საკმაოდ დიდი ხარჯია, ასე მარტივად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, ამიტომ სახელმწიფოსთან დიალოგი აუცილებელია", - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა-გადახდის წესში ცვლილების შესახებ მთავრობის დადგენილება 2024 წლიდან შევა ძალაში.
"კომერსანტი"
24.11.2023
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia