„ჯანდაცვის ბარათი“ არ უნდა პოზიციონირებდეს, როგორც დაზღვევა - ესაა ფასდაკლებების სერვისი“

ბოლო პერიოდში ბაზარზე „ჯანდაცვის ბარათი“ გამოჩნდა. ესაა თვეში გარკვეული, ფიქსირებული თანხის გადახდის შემთხვევაში ფასდაკლებებით სარგებლობის სერვისი სამედიცინო დაწესებულებებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და აფთიაქებში. ფასდაკლების დიაპაზონი 10-დან 75%-მდეა. ჯანდაცვის ბარათი „ვიტა“ საკმაოდ აქტიური სარეკლამო კამპანიით გამოირჩევა.
არის თუ არა აღნიშნული ბარათი კერძო ან სახელმწიფო დაზღვევის „შემავსებელი“ და რამდენად აქვს მას განვითარების პერსპექტივა ქართულ ბაზარზე?
საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ბარათით სარგებლობა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მიმზიდველია, რადგან ესაა ფასდაკლების საშუალება. თუმცა, მისივე თქმით, მთავარია, ამ სერვისში დაზღვევის ელემენტი არ გაჩნდეს.
„ბარათი მოსახლეობას სთავაზობს ისეთსავე ფასდაკლებებს, როგორიც, მაგალითად სადაზღვევო კომპანიებს აქვთ პაკეტთან ერთად. სადაზღვევო კომპანიები, როგორც წესი, უშუალოდ სადაზღვევო პაკეტის გარდა, მომხმარებლებს კოსმეტიკურ პროცედურებსა თუ მასაჟებზე ფასდაკლებებსაც სთავაზობენ. ეს დამატებითი სერვისი კი შეგიძლია ცალკეც იყიდო, და სწორედ ამას გულისხმობს ჯანდაცვის ბარათი. თუმცა მასში არ უნდა იყოს დაზღვევის პრინციპი. ანუ კომპანიამ უნდა უთხრას მომხმარებელს - გადამიხადე 100 ლარი და ისარგებლებ ფასდაკლებით და არ უნდა უთხრას, რომ ამ თანხით ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. მსგავსი შემთხვევა გვქონდა რამდენიმე წლის წინ სტომატოლოგიური კლინიკების მიერ წამოწყებული პროექტის შემთხვევაში, რომელიც დაზღვევის ელემენტებსაც შეიცავდა. მაშინ მათ ავუხსენით, რომ მომხმარებლისთვის სადაზღვევო პირობების შეთავაზების უფლება არ ჰქონდათ,“ - განაცხადა ხეჩინაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები დააკვირდნენ, რამდენად მოთხოვნადი იქნება „ჯანმრთელობის ბარათი“ და თუ ნახავენ, რომ ეს პროდუქტი მოსახლეობაში პოპულარულია, იგივე პირობებს დიდი ალბათობით, თავიანთ პოლისებშიც ასახავენ.
"კომერსანტი"
10.07.2024
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia