პროფესორმა კარელ ვან ჰულემ საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის მოწვევით თბილისში, 6 ივნისს,  ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, კარელ ვან ჰულემ, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიებთან.
პროფესორი ჰულე არის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, აკადემიური წრის წარმომადგენელი/ლექტორი. იგი 1984 წელს შეუერთდა ევროკომისიას, სადაც პასუხისმგებელი იყო ანგარიშგების, აუდიტისა და კორპორატიული სამართლის საკითხებზე. 2004-2013 წლებში, პროფესორი ჰულე ევროკომისიაში ხელმძღვანელობდა დაზღვევისა და საპენსიო მიმართულებებს. მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ითვლება დაზღვევისა და გადაზღვევის კომპანიებისთვის რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობა 2-ის ახალი რეჟიმის შემუშავება (SOLVENCY II). ამ საკითხებზე იგი წარმოადგენდა ევროკომისიას ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის ორგანოში (EIOPA). ამასთან, იგი იყო დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) ტექნიკური კომიტეტის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია სადაზღვევო რეგულირების საერთაშორისო მიდგომებზე.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს „დაზღვევისა და გადაზღვევის საქმიანობის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ“ (SOLVENCY II) ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის 2009/138/EC დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. აღნიშნული ითვალისწინებს რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობის სისტემაზე გადასვლას, რომლის მოთხოვნები, ახალი კანონის მიღების შემდეგ, შესასრულებლად სავალდებულო გახდება საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიებისთვის.
სამუშაო შეხვედრისას, პროფესორმა ჰულემ ისაუბრა ევროკავშირში არსებული გადახდისუნარიანობა 2-ს სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამდენად, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, ახალი სისტემისა და მისი თავისებურებების შესახებ ინფორმაცია მოესმინათ უშუალოდ იმ პირისგან, რომელმაც ის შეიმუშავა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. შეხვედრის ფარგლებში მათ ასევე ქონდათ შესაძლებლობა, პირადად დაესვათ შეკითხვები განსახილველი თემატიკის ირგვლივ, ახალი სისტემის დანერგვის თავისებურებების გათვალისწინებით.
"საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური"
06.06.2024
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia